ელზა პაპოშვილი
(31.01.2024)

პოლონეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. როგორც პოლონური მედია წერს, მათ პოლიცია ერთი წლის განმავლობაში ბინების ძარცვას ედავება. მიყენებული ზარალი კი მილიონ ზლოტზე მეტია. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულ ქართველებს პოლონეთის პოლიციამ სულ 48-მდე ბინის ძარცვის ბრალდება წაუყენა. 

მათ მიერ შემუშავებულ ძარცვის სქემას კი პოლიცია ერთი წლის განმავლობაში შიფრავდა. როგორც მედიასთან გამომძიებლები საუბრობენ, მათ ამ სქემების გასახსნელად დიდი სამუშაობის  ჩატარება დასჭირდათ. 

მათ კვალზე კი მაშინ გავიდნენ, როცა ბინებიდან აღებული კვალის ნიმუშები გამოიკვლიეს. ნახეს, რომ ყველა ამ ბინაში ერთი და იგივე ძარცვის ხელწერაა. მედია წერს, რომ ქართველები პოლონეთში საცხოვრებლად ყალბ უკრაინულ პასპორტებს იყენებდნენ  და თავს უკრაინელებად ასაღებდნენ. ეს კი პოლიციას დანაშაულის კვალის მიგნებისთვის დამატებით ბარიერებს უქმნიდა. 

"დიდი სამუშაო ჩაატარეს პოზნანის პოლიციის შტაბის სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ექსპერტებმა, რომლებმაც საგულდაგულოდ გამოიკვლიეს ძარცვის ადგილზე დაცული სხვადასხვა სახის კვალი. ამ ყველაფერმა საშუალება მისცა ეჭვმიტანილებს სულ 48 ბრალდება წაეყენებინათ. ისინი ძირითადად ეხება ძარცვას, ასევე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის შენახვას კანონით მოთხოვნილი ნებართვის გარეშე. ასევე გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ისინი ყალბ უკრაინულ დოკუმენტებს იყენებდნენ. ჰქონდათ ყალბი პასპორტი და მართვის მოწმობა, რაც საქმის გამოძიებას დამატებით ართულებდა" - წერია პოლონელი პოლიციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, 44 , 29 და 28 წლის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნა სასამართლოში უკვე შევიდა. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე