ელზა პაპოშვილი
(30.01.2024)

პოლონური მედიის ცნობით, ქალაქ ვროცლავის ცენტრში ორმა უცხოელმა ახალგაზრდამ 21 წლის კაცი სასიკვდილოდ სცემა. ეჭვმიტანილები საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი მალევე დააკავეს. როგორც მედიასთან საუბარში თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზდებს შორის დაპირისპირება დილის 5 საათზე მოხდა, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ უცნობია კონფლიქტის მიზეზი.

ადგილობრივების ცნობით, მათ ჩხუბის და ყვირილის ხმა გამთენიისას გაიგეს და ნახეს, რომ ორი უცხოელი ერთ პოლონელ ახალგაზრდას ფიზიკურად უსწორდებოდა. მათი თქმით ახალგაზდებს ხელში ბლაგვი საგნის მაგვარი რაღაც ეჭირათ და 21 წლის ბიჭს  ურტყამდნენ. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, თუმცა თავდამსხმელები გაიქცნენ. 21 წლის ბიჭი კი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაცვალა. მას, სავარაუდოდ, თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. 

„ეს არის საქართველოს ორი ახალგაზრდა მოქალაქე. ჩვენ ვიცით, რომ დამნაშავე ორი იყო. ამჟამად მათი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მათი ამოცნობა ვიდეო კამერების ჩანაწერებისა და თვითმხილველების მეშვეობით მოხდა. ასე რომ, მათ წინააღმდეგ მყარი მტკიცებულებები გვაქვს“, - ამბობს ვროცლავის საოლქო პროკურატურის სპიკერი ანა პლაჩეკ-გჟელაკი.   

რა იყო დაპირისპირების მიზეზი, იცნობდნენ თუ არა ქართველი და პოლონელი ახალგაზრდები ერთმანეთს, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ანგარიშსწორების მოტივს პოლიცია გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ახმოვანებს. 

„დეტალები, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგიკული შემთხვევა და რა ვითარებაში, პოლიციის ინტენსიური მუშაობის საგანია. პოლიციამ მოახდინა ორი უცხო ქვეყნის მოქალაქის სწრაფი იდენტიფიცირება და დაკავება, რომლებიც მონაწილეობდნენ დაპირისპირებაში. მათ ჰქონდათ  „სახიფათო იარაღი“ - ბლაგვი საგანი, რომლის  გამოყენებითაც ახალგაზრდას დაზიანებები მიაყენეს და ის ამის  შედეგადაც გარდაიცვალა. ჯერჯერიბით მკვლელობის  მოტივზე არ ვსაუბრობთ, რადგან სხვადასხვა ვერსიები არსებობს“, - აცხადებს ვროცლავის მუნიციპალური პოლიციის შტაბის უფროსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე