ნაზი ბერიძე
(26.01.2024)

რესპუბლიკურის სამედიცინო პერსონალი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებს საავადმყოფოს შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით. როგორც ისინი ამბობენ, ეს გადაწყვეტილება მათთვისთვის მოულოდნელი იყო. „ტრაგედია ის იქნება, თუ რესპუბლიკური დაინგრა და იქ კორპუსები აშენდა, მერე სადღაც პატარა კლინიკა აშენდა რესპუბლიკურის ნაცვლად - ნუ ეს იქნება დანაშაული," - აცხადებს ამაზე სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ბექა ნაცვლიშვილი.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული, მათ ექნებათ არჩევანის საშუალება. საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.

პარასკევს 3 საათზე ჯანდაცვის მინისტრმა აქციის მონაწილეებთან შეხვედრა დაანონსა, თუმცა როგორც „რეზონანსს" სამინისტროში განუცხადეს, პროტესტის ავტორებმა უარი თქვეს შეხვედრაზე.

კვლევითი ცენტრის „სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი ბექა ნაცვლიშვილი „რეზონანსთან" სამედიცინო პერსონალის პროტესტში ხედავს შიშს, რომ დაწესებულება არ დაიხუროს.

„მთავარი კომპენსაციების საკითხი კი არ არის, ამ ხალხს, ვინც იქ აპროტესტებს, იმის შიში აქვს ზოგადად, რომ მთლიანად შეიძლება რესპუბლიკური საავადმყოფო დაიხუროს. საავადმყოფო დაახლოებით არის 5 დაწესებულებას შორის ერთ-ერთი რომელიც კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია. აქედან გამომდინარე, აქ არის შიში, რომ ისედაც მთლიანად კომერციალიზებული და მოგებაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემა არ დარჩეს ასე.

„ორი წლის წინ იყო ასეთი ტენდენცია, რომ თითქოს რაღაც უნდა შეიქმნას, სახელმწიფო კლინიკების კონსოციუმი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, ონკოლოგიური უნდა გარემონტდეს და ა.შ. სახელმწიფოს წილი პასუხისმგებლობა ჯანდაცვის შეთავაზების თვალსაზრისით საზოგადოებისთვის ძლიერდებოდა. ეს კი იქნება მთლიანად ამ გადაწყვეტილებების რევიზია.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ კლინიკა კლასტერებისგან შედგება და ეს სტრუქტურა რომ დაირღვეს, ისინი ფუნქციას სრულფასოვნად ვერ შეასრულებენ. ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი, როდესაც კლინიკას აშენებ, მაგრამ რესპუბლიკური თავიდანვე იყო ცენტრალურ საავადმყოფოდ შექმნილი გამომდინარე იქედან, რომ ყველასთვის თითქმის რეფერალური კლინიკის ხასიათი ჰქონდა - ძირითადად მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე. ხომ არ შეცვლილა არაფერი?! ე.ი. სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როდესაც რესპუბლიკური აქ ააშენეს. აქედან გამომდინარე, ცოტა ბუნდოვანია ამ გადაწყვეტილების მოტივაცია.

„რაც შეეხება კომპენსაციებს, ეს კომპენსაცია უნდა იყოს მანამ, სანამ მიმდინარეობს მთლიანად ამ კლინიკის რეაბილიტაციის პროცესი. მანამდე ეს ადამიანები არიან დასაქმებული, ე.ი. მათ არ უწყდებათ შრომითი ხელშეკრულება, იღებენ ჩვეულებრივად ანაზღაურებას - მათი ბრალი ხომ არ არის, სამუშაო რომ არა აქვთ?! ხელშეკრულებები უნარჩუნდებათ, აქედან გამომდინარე ხელფასების გადახდა სამი თვე იქნება, თუ ოთხი თვე, არ უნდა იყოს დამადლება ვინმეზე. ისინი ხელშეკრულებით აყვანილი ხალხია და იქ მუშაობენ. ამიტომ მეტი სიცხადეა საჭირო.

„მაგრამ ტრაგედია ის იქნება, თუ რესპუბლიკური დაინგრა და იქ კორპუსები აშენდა, მერე სადღაც პატარა კლინიკა აშენდა რესპუბლიკურის ნაცვლად - ნუ ეს იქნება დანაშაული. კიდევ ერთხელ ვამბობ, კლინიკა უნდა იყოს იქ, სადაც როგორც გეოგრაფიული, ისე სამედიცინო თვალსაზრისით ყველაზე გამართლებული იქნება მისი არსებობა. ის ადგილი, სადაც დღეს რესპუბლიკური დგას, სწორედ ასეთია", - განაცხადა „რეზონანსთან" ბექა ნაცვლიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციით, რესპუბლიკური კლინიკა ავარიულ მდგომარეობაშია და სათანადო თანამედროვე ტექნოლოგიებით არ არის აღჭურვილი. ამას მოწმობს სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები. მათ შორის სამხარაულის დასკვნის შედეგები. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, კლინიკის დახურვა არ იგეგმება, მოხდება დემონტაჟი და მის ადგილას ახალი თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება აშენდება.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის მოსაწყობად, უახლოეს მომავალში, დაიწყება თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობის დემონტაჟი. გადაწყვეტილება კლინიკის წინაშე არსებული მასშტაბური პრობლემებისა და გამოწვევების, ასევე, ხუთი სხვადასხვა ექსპერტული დასკვნის საფუძველზე იქნა მიღებული. პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ჩატარებულმა კვლევებმა, კლინიკაში არსებული რთული ვითარება მკაფიოდ წარმოაჩინა. სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია, ძირითად შემთხვევაში, შეუძლებელი და არარენტაბელურია. ამ ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, გამოწვევად რჩება კლინიკის სერვისების სიმწირე, სტანდარტებთან შეუსაბამობა, ასევე - კლინიკური და ფინანსური გამოწვევები.

სამინისტროს მტკიცებით, ასევე გამოწვევად რჩება კლინიკის თანამშრომელთა უსაფრთხოებაც. ძლიერი ქარის შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა დაზიანდა. ჩაიმსხვრა მინები და საავადმყოფოს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. შენობაში, პაციენტთა და თანამშრომელთა უსაფრთხოება შრომის ინსპექციის სამსახურმა და რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. შრომის ინსპექციის მოკვლევის ოქმში აღნიშნულია, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში არსებული და დაზიანებული ფასადიდან მუდმივად ხდება სამშენებლო ელემენტების ცვენა როგორც კლინიკის შიდა ეზოში, ისე - გარე პერიმეტრზე, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დასაქმებულების, პაციენტებისა და ვიზიტორების დაშავება. შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებით, საფრთხის შემცველი ზონები დაიხურა და კლინიკის ტერიტორიაზე გადაადგილება შეიზღუდა.

„აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის" ბაზაზე, კლინიკა ახალი მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, 500-ზე მეტ საწოლზე იქნება გათვლილი, მოეწყობა ამბულატორია და 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილი დღის სტაციონარი. კლინიკაში განთავსდება ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, გაიხსნება თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური სისხლის ბანკი, ტერიტორიაზე მოეწყობა GDP სტანდარტის აფთიაქი, სასწავლო სივრცეები, სამედიცინო ბიბლიოთეკა, ტელემედიცინის სივრცეები და სხვა. რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად, გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას. ცვლილებების შედეგად, რესპუბლიკური საავადმყოფო დააკმაყოფილებს იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც 2025 წლიდან, სავალდებულო იქნება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისათვის.

პროექტის განხორციელების შედეგად, მოსახლეობისთვის, ხელმისაწვდომი იქნება მრავალპროფილური კლინიკის სერვისები, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა მთავარი სამედიცინო მიმართულება, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

ხაზგასასმელია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. საავადმყოფოს თანამშრომელთა ნაწილი, სამინისტროს ჩართულობით, სხვადასხვა, სახელმწიფო კლინიკაში უკვე დასაქმდა. ნაწილისთვის კი შესაბამისი ანაზღაურების პაკეტი მომზადდა, რომელიც კლინიკის თითოეული თანამშრომლისთვის იქნება შეთავაზებული," - წერია სამინისტროს ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე