ბაჩანა ტყემალაძე
(15.01.2023)

ქართველი კინომსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი, მომღერალი და სიმღერების ავტორი, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო რუსეთში და მისი გარდაცვალებაც რუსული მედიის დღის თემად იქცა.

ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების მიზეზად ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება დასახელდა. იგი ბოლო წლების განმავლობაში დიალიზზე იყო. რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში ჯანმრთელობის გაუარესების გამო გადაიყვანეს და მკურნალობას გადიოდა. ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, თუმცა კვირას მისი მდგომარეობა გაუარესდა და საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა.

ოჯახის თქმით, თავდაპირველად მომღერალს სახლში, საბურთალოზე, გადაასვენებენ, ხოლო სამოქალაქო პანაშვიდებთან დაკავშირებით 2 ლოკაცია განიხილება - ფილარმონია და ქაშუეთის ეკლესია.

ბუბა კიკაბიძე დიდი პოპულარობით სარგებლობდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და განსაკუთრებით რუსეთში, მაგრამ 2008 წლის ომის შემდეგ პრინციპულად აცხადებდა უარს რუსეთში ჩასვლაზე. ამავე წელს იგი რუსეთის ხელისუფლებამ იგი „მეგობრობის“ ორდენიოთ დააჯილდოვა, მაგრამ მან ამ ჯილდოზე უარი თქვა.

ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში. მსახიობმა მაქსიმ გალკინმა მას „საქმისა და ღირსების კაცი“ უწოდა. 

„კიდევ ერთი მწარე დანაკარგი - ჩვენი ვახტანგი უკეთეს ადგილას წავიდა. ერთმანეთი საქართველოში უნდა გვენახა...“ - განაცხადა გალკინმა.

კიკაბიძის გარდაცვალებას გამოეხმაურა მწერალი ზახარ პრილეპინი. ის ამ სამწუხარო ამბავს საკმაოდ თავშეკავებულად გამოეხმაურა და გარდაცვლილის პოლიტიკურ შეხედულებებზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ვახტანგი მხარს კიევს უჭერდა. 

ქართველი ხელოვანის გარდაცვალებას პოლიტიკოსებიც გამოეხმაურენ.

„სამწუხაროა, რომ მსახიობები, რომლებზეც გავიზარდეთ, გვტოვებენ“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოჯახის, ქალთა და ბავშვთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ტატიანა ბუცკაიამ.

ელენე პროკლოვამ, რომელიც ვახტანგ კიკაბიძესთან ერთად „მიმინოში“ თამაშობდა, აღნიშნა, რომ ქართველი ხელოვანი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მისი მეგობარი იყო.

„ჩემს ცხოვრებაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო, ყველაზე კეთილი, მუდამ მომღიმარი და მხიარული. სიამოვნებით ვიხსენებ ჩვენს მუშაობას ფილმში „მიმინო“. ის ყოველთვის მღეროდა კარგ ხასიათზე ყოფნისას, მომღიმარი ბუბა...“ - განაცხადა ელენე პროკლოვამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე