ელზა პაპოშვილი
(15.01.2023)

უმძიმესი ტრაგედია თბილისში - შაბათს დილით ვაზისუბანში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა, რომლებიც ადგილზევე დაიღუპნენ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ცოლ-ქმარმა ლიფტი გამოიძახეს, კარის გაღების შემდეგ კი პირველი ლიფტში ქმარი შევიდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალურად ლიფტის კაბინა სართულზე არ ასულა და რამდენიმე სართულით ქვემოდ იყო გაჩერებული. ჩავარდნილი ქმრის ამოყვანა ცოლმა  სცადა, ამ დროს კი ლიფტი ამოძრავდა და ორივე მათგანი ლიფტის  შახტაში მოჰყვა.

დაღუპული  ცოლ-ქმრის ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მათ 4 წლის შვილი დარჩათ. როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან 35 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი არმენ სარქისოვი და არმინე ვოსკანიანი საქართველოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდნენ. მათ ვაზისუბანში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ბინა ახალი ნაყიდი ჰქონდათ.  

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია 240-ე მუხლით, რაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.   

„საშინელი ამბავი მოხდა, ეს ლიფტი ადრეც ბევრჯერ გამოვიდა მწყობრიდან და ადგილობრივები ყოველთვის ვცდილობდით, რომ მისით არ გვესარგებლა. 

„ეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩვენს მეზობლად სულ რამდენიმე თვეა, რაც გადმოვიდა. ბინა ახლა იყიდეს. არ ვიცი იცოდნენ  თუ არა, რომ ამ ლიფტს პრობლემები ჰქონდა. როგორც ვიცით, ქმარს არც დაუხედავს ისე შესულა. კარები გაიღო და ეგონა ლიფტის კაბინაც ამოსული იყო. არადა რამდენიმე სართულით დაბლა გაჩერებულა. 

„ცოლს ყვირილი კი აუტეხია, მაგრამ უფიქრია ამოყვანას შევძლებო. მის დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ლიფტმა მოძრაობა დაიწყო და ორივე შიგნით მოყვა. ყვირილის და აურზაურის ხმაზე მეზობლები გამოვედით და საზარელი სურათის შემსწრენი გავხდით. სამაშველო და სასწრაფო სამსახურში დავრეკეთ. ორივე მალევე მოვიდა, მაგრამ უკვე გარდაცვლილები იყვნენ“, - ყვება „რეზონანსთან“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ვაზისუბანში მომხდარი უბედური  შემთხვევის ადგილზე,  სამართალდაცველებთან ერთან, თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი მივიდნენ. 

როგორც ისინი აცხადებენ, რა გახდა ტრაგიკული შემთხვევის მიზეზი, ზუსტ დეტალებს გამოძიება დაადგენს. მათი ინფორმაციით, ლიფტის გაუმართაობაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ კერძო კომპანიებზეა.

„ეს ყველაფერი ლიფტის გაუმართაობით მოხდა. მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. ლიფტი არის ამხანაგობით მოვლა-პატრონობაშია. მათ აქვთ ხელშეკრულებები კერძო, კვალიფიციურ კომპანიებთან. შესაბამისად, ისინი ახდენენ მოვლა-პატრონობას და ურთიერთშეთანხმებას. თუ ხდება ისე, რომ ლიფტი უკვე ამორტიზებულია, მომართვიანობა ხდება გამგეობებში“, - აცხადებს თბილისის საკრებულოს ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე.

ისნის რაიონის გამგებელი განცხადებით კი, ლიფტის პრობლემებთან დაკავშირებით გამგეობაში განცხადება შესული არ იყო. 

„მოსახლეობას ლიფტის პრობლემებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, გამგეობისთვის არ მოუმართავს. რა მომართვიანობაც ფიქსირდება 2021 წელს და რა კომუნიკაციაც შედგა გამგეობასა და ამხანაგობას შორის, ის ყველა თხოვნა დაკმაყოფილებულია. შესაბამისად, თვითონ მოთხოვნა თუ არ შემოვიდა გამგეობაში, იმ წესით, რა წესითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, ასე ფიზიკურად ვერ ხდება ლიფტების შეცვლა“, - აცხადებს ისნის რაიონის გამგებელი ნიკოლოზ ელისაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე