რეზონანსი
(09.01.2023)

დღევანდელი მონაცემებით კოვიდ-19-ის მიმდინარეობა საგრძნობლად დასუსტებულია. ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოს მოსახლეობის 71.8 პროცენტი, ანუ 5.51 მილიარდი ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.

მიუხედავად ვაქცინაციის პროცესისა, 2022 წლის ბოლოს ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ეპიდემიის ახალმა ტალღამ იფეთქა და გასული წლის 1-20 დეკემბრის მონაცემებით, 250 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჩინეთში სიტუაციის გამწვავება ქართველმა ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ "რეზონანსთან" იმით ახსნა, რომ ამ ქვეყანაში ბოლო 3 წლის განმავლობაში საკმაოდ სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იყო, რაც მკაცრმა რეგულაციებმა განაპირობა.

ამის შედეგად მოსახლეობის დიდ ნაწილს კოვიდ-19-თან არ ჰქონია შეხება და შესაბამისად ფენის ჩამოყალიბება არ მოხდა. ჩინეთში რეგულაციების გაუქმებამ კი გამოიწვია ამჟამინდელი ომიკრონის შტამების სწრაფი გავრცელება. აღნიშნული შტამები საქართველოში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დომინირებდა და მოსახლეობასაც ჩამოუყალიბდა იმუნური ფენა.

„საქართველოში არანაირი ცვლილება არ აღინიშნება კოვიდის გავრცელების მიმართულებით. ზამთრის პერიოდი რესპირატორული ინფექციების გააქტიურების პერიოდია და ამ ინფექციების რაღაც წილი კოვიდზე მოდის, თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, ეს წილი 10 პროცენტს არ აღემატება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია ომიკრონის ახალი ქვეშტამის შესახებ, რომელიც შედარებით მარტივად გადადის. მაგრამ კლინიკური თვალსაზრისით არც ის წარმოადგენს დიდ საფრთხეს.

„მიუხედავად ყველაფრისა, უნდა გავითვალისწინოთ ზოგადი რეკომენდაციები, სიმპტომებისას მოვერიდოთ ხალხს, დავიცვათ ჰიგიენური ნორმები, გავიკეთოთ ვაქცინა და ა.შ." - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ "რეზონანსთან".

8 იანვრის მონაცემებით, ჩინეთის პროვინცია ჰენანში 88 მილიონზე მეტი ადამიანი კოვიდინფიცირებულია, რაც ჰენანის მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტს შეადგენს. ამ ფაქტს ჩინეთის მთავრობისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ქვეყნის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრები გაეხსნათ.

ჩინეთში საზღვრების გახსნას და კოვიდრეგულაციების გაუქმებას მის მეზობელ ქვეყნებში დიდი აჟიიოტაჟი არ მოჰყოლია. ინდოეთის მთავრობამ მოსახლეობას პანიკისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

"კოვიდი ისევ ვრცელდება ხალხში, მაგრამ ის უკვე სხვა ჩვეულებრივ რესპირატორულ ინფექციად იქცა" - განაცხადა ინდოელმა ეპიდემიოლოგისტმა, დოქტორ ლალიტ კანტმა.

შეზღუდვებს ასევე აუქმებს ტაილანდიც, რომელიც ამ დრომდე ტურისტებს კოვიდპასპორებს სთხოვდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ანუტინ ჩარნვირაკულის განცხადებით, ქვეყნის სტუმრებისთვის ვაქცინაციის მტკიცებულებების წარდგენა არასასიამოვნო იყო და ექსპერტების ჯგუფმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გლობალური ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ ეს რეგულაცია გაეუქმებინათ.

ევროკავშირის განცხადებით, ყველა ჩინეთის მოქალაქეს, რომელსაც სურს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა და მოგზაურობა, თან უნდა ჰქონდეს კოვიდის ტესტის უარყოფითი პასუხი. ასევე თვითმფრინავით მგზავრობისას უნდა ეკეთოთ პირბადე და აეროპორტში გაიარონ სპეციალური შემოწმება.

ინგლისი კი ჩინეთის მოქალაქეებს თვითმფრინავში ასვლამდე სთხოვს უარყოფითი კოვიდ-ტესტის წარდგენას.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში 2019-20 წლებში, ჩინეთის ხუბეის პროვინციის ქალაქ უხანის ზღვისპროდუქტებისა და ცხოველების ბაზრობიდან დაიწყო.

კორონავირუსი საქართველოში კი 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მრავალი შეზღუდვის და რეგულაციის მიუხედავად, კოვიდ-19 მაინც ახერხებდა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში გავრცელებას მანამ, სანამ 2020 წლის დეკებერში მეცნიერებმა მოახერხეს შეექმნათ კორონავირუსის ვაქცინა.

ბაჩანა ტყემალაძე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე