რეზონანსი
(07.05.2024)

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებლის, ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას" არ აქვს არგუმენტები იმისთვის, რომ დასავლელი პარტნიორები მათი პოზიციის სისწორეში დაარწმუნონ.

როგორც მან „პალიტრანიუსის" გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე" აღნიშნა, როცა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანება გინდა, მაშინ ევროკავშირის რჩევები უნდა მიიღოს.

„დიპლომატის ხელოვნება არის ის, რომ შეინარჩუნო შენი მეგობრები და მათთან გაამყარო მეგობრობა, შენ მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ქვეყნები მეგობრებად აქციო და შენი მტრები გაანეიტრალო. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს ვკარგავთ და მათ ნაცვლად ვერავის ვერ ვიძენთ. მაგალითად, ევროპარლამენტში ჩვენს ხელისუფლებას (ქართველ ხალხს კი ჰყავს 425 მეგობარი პარლამენტარი) ეს მხარდამჭერები არ ჰყავთ.

ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას" არ აქვს იმ არგუმენტების სისტემა, რომელიც დაარწმუნებდა ჩვენ დასავლელ პარტნიორებს მათი პოზიციის სისწორეში. ისმის „ღია დებატებში შემოვიდნენ" - ქვეყანაში დიპლომატები იმისთვის არ არიან აკრედიტებულები, რომ ღია დებატებში შემოვიდნენ, იმიტომ, რომ იგივე „ქართული ოცნება" ამას გამოიყენებს, როგორც დადანაშაულების საფუძვლად, რომ დიპლომატები ჩვენ შიდა საქმეებში ერევიან, ისედაც ისმის ეს ბრალდებები.

თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენ უნდა მივიღოთ რჩევები ევროკავშირიდან, რადგან ჩვენ გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ გლობალური ომის პარტია დაეპატრონა ევროპულ ინსტიტუტებს , იქიდან გარეკა ევროპული სულისკვეთება და ჩვენ ჩვენი პრინციპებით უნდა გადავარჩინოთ. დიპლომატიაში ეს ასე არ მუშაობს, მაშინ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ არ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ჩვენ გვინდა გვქონდეს სუვერენული დემოკრატია და ა.შ.

თუ ჩვენ რეალურად გვინდა ევროკავშირში შესვლა, უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილს დავთმობთ. ეს აქვს გაკეთებული გერმანიას , საფრანგეთს, ყველა ევროკავშირის წვერ ქვეყანას, სხვაგვარად ორგანიზაციაში, ნებისმიერ ორგანიზაციაში გაწევრიანება ვერ ხერხდება",- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

როგორც ჩეჩელაშვილი ფიქრობს, შექმნილი ვითარებიდან „ქართულ ოცნებას" უკან დასახევი გზა დარჩა და მისი თქმით, ჩიხიდან გამოსავალი იქნება პლებისციტი ჩატარება , რითაც გამოჩნდება მოსახლეობის რამდენ პროცენტს სურს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის დამტკიცება.

„ამ ჩიხიდან გამოსავალი, თვითონ „ქართულმა ოცნებამ" უნდა ნახოს, რადგან ეს გზა არსად არ მიიყვანს, ეს გზა ტაძრამდე ვერ მიიყვანს. უკან დასახევი გზა აქვთ. ხომ სჯერათ საკუთარი სიმართლის და ხომ ხედავენ ,რომ საზოგადოებაში უკიდურესად დაიძაბა ვითარება , ამ კანონის შემოტანით ხელი შეუწყვეს პოლარიზაციას, ერთ მარტივ გამოსავალს ვთავაზობთ, თუ ასე სჯერათ საკუთარი თავის და იმისა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებენ - არჩევნებს რეფერენდუმი ან პლებისციტი დაამთხვიონ , გამოვიკვლიოთ და ვნახოთ რამდენს უნდა ამ კანონის დამტკიცება, ეს იქნებოდა ნორმალური გამოსავალი",- განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მისივე მოსაზრებით, პოლარიზაციის მთავარი მიზანი იყო ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება.

„ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე განპირობებული იყო იმით რომ „ქართული ოცნება" გარკვეულ ხიფათს ხედავს 26 ოქტომბრის არჩევნებში და ამ „გრადუსის აწევა" და პოლარიზაციის მთავარი მიზანი იყო ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება",- აღნიშნა ჩეჩელაშვილმა. ს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე