რეზონანსი
(07.05.2024)

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან დღესაც მიმდინარეობს.

მოქალაქეები პარლამენტთან 19:00 საათიდან იკრიბებიან. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროტესტი კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს, შეიძლება, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი შეუჩერდეს.

მათივე თქმით, "ქართული ოცნების" ოფისის მიმართულებით მსვლელობა დღესაც იგეგმება და ორგანიზატორებს თქმით, ისინი საჯარო მოხელეებსაც მიმართავენ.

"ამ კანონს, პირველ რიგში, იმიტომ ვაპროტესტებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, რაც ევროპული ინტეგრაციის გზას ეწინააღმდეგება, არაკონსტიტუციურია. ეს ხაზს უსვამს ხელისუფლების ცინიკურობას, რომელიც საქართველოს საზღვრებს, დროშას, გერბს პატივს არ სცემს.

დღევანდელ პროტესტზე გვინდა ხაზი გავუსვათ იმ პოლიტიკურ ვითარებას, რაც სამწუხაროდ გვაქვს - საფრთხე იმისა, რომ შეიძლება კანდიდატის სტატუსი შეგვიჩერდეს. ეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვაა.

გვინდა ჩავუაროთ "ქართული ოცნების" ოფისს და ჩვენი აზრი მკაფიოდ დავაფიქსიროთ. საჯარო მოხელეებისთვის მიმართვა მზად გვაქვს. დღეს, ასევე, მრავალ პროვოკაციას ველით, რადგან ვიღაცებს ნომრებზე ურეკავენ და კანონის წინააღმდეგ გამოსვლისთვის შეურაცხყოფას აყენებენ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე