რეზონანსი
(07.05.2024)

მე მაქვს კითხვა, ვის ინტერესებში შედის დღეს საქართველოს ევროპული კურსიდან თუ ევროპისგან ჩამოშორება და ვის გაახარებს ის, თუ ევროკავშირი საქართველოს ამორიცხავს? თუმცა, კანდიდატი ქვეყნების სიიდან ამორიცხვის ასეთი პროცედურა არ არსებობს, - ასე გამოეხმაურა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის 31 დეპუტატის მიმართვას.

„დღის ქრონიკაში" საუბრისას ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარებს ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ, თავიანთი სათქმელი რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაში ჩაეწერათ.

„ვნახეთ ევროპარლამენტარების მორიგი მცდელობა, რომ შენარჩუნებული იყოს პროტესტის მუხტი საქართველოში. არ ვიცი, სხვა რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს მსგავსი წერილი, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ მიიღეს რეზოლუცია და ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდათ, სათქმელი ეთქვათ და დაეწერათ რეზოლუციაში, რომელსაც მხარი დაუჭირა უფრო მეტმა ადამიანმა, ვიდრე 31 ევროპარლამენტარია - ამ ევროპარლამენტარების მხრიდან კიდევ ერთხელ დღის წესრიგში დაყენება იმ საკითხების, რომელიც ეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას.

მე მაქვს კითხვა, ვის ინტერესებში შედის დღეს საქართველოს ევროპული კურსიდან თუ ევროპისგან ჩამოშორება და ვის გაახარებს ის, თუ ევროკავშირი საქართველოს ამორიცხავს? თუმცა, ასეთი პროცედურაც არ არსებობს, რომ ამორიცხავს კანდიდატი ქვეყნების სიიდან. ვის წისქვილზე დაასხამს ეს წყალს და ვის ინტერესებს ემსახურებიან ის ადამიანები, ვინც მსგავს მოთხოვნებს აყენებენ ევროკავშირის წინაშე და აგრძელებენ საქართველოს მოსახლეობის ერთგვარად შანტაჟს?

საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მხრიდან ევროინტეგრაციის სურვილზე, მათი დიდი ნაწილი სწორედ „ქართული ოცნების" ამომრჩეველია. ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც ქართველი ხალხის სახელით საუბრობს და ხელისუფლებამ სწორედ ამაზე დაფუძნებით გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. კიდევ ერთხელ - ეს არ არის ხუმრობა, ეს არის ის განაცხადი, რომელიც ეფუძნება ძალიან ბევრი წლის ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ვფიქრობ, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტის 31 დეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს წერილით მიმართავს. წერილის ავტორები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე