რეზონანსი
(26.04.2024)

„ქართული ოცნება" ძალადობით და მუქარით აიძულებს ხალხს, რომ ჩამოვიდნენ თბილისში, 29 აპრილის შეკრებაზე და მონაწილეობა მიიღონ საქართველოს გასაბჭოებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, - ამის შესახებ პარტია „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ლელოს" არ მიაჩნია სწორად, რომ 29 აპრილს, „როდესაც „ქართული ოცნება" დაანონსებული შეკრებით პროვოკაციას აწყობს", გასაპროტესტებლად რუსთაველზე გავიდეს.

„ჩვენი ამოცანა და მიზანი არასდროს არ არის საზოგადოების დაპირისპირება. ჩვენ რუსულ კანონს სწორედ ამიტომ ვუპირისპირდებით, რომ ის საზოგადოებაში გააჩენს ჩაუქრობელი კონფლიქტის წყაროს. ჩვენი ამოცანა არ არის კონფლიქტში ვინმესთან შესვლა. ხელისუფლებამ გადადგა პროვოკაციული ნაბიჯი ამ რუსული მარშით. ჩვენ არ გვინდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არანაირი კონფლიქტი არ მოხდეს.

საზოგადოებას უფლება აქვს გამოხატოს პროტესტი, მაგრამ აქ უბრალოდ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ არ მიგვაჩნია სწორად, როდესაც ხელისუფლება მიდის პროვოკაციულ ნაბიჯებზე ამ რუსული მარშის ორგანიზებით, შენც იქ მიხვიდე და დადგე. საზოგადოება რომ პროტესტს არ შეცვლის, არ გადაიფიქრებს და მის გამოხატვას გააგრძელებს, ეს ბუნებრივი ამბავია. ჩვენ სწორედ იმიტომ, რომ დაპირისპირება არ გვინდა, მაგ დღეს რუსთაველზე არ ვიქნებით. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და მე მგონი არც არავინ არ აპირებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ახლა არის დრო, როცა ყველა სამშობლოს გვერდით უნდა დადგეს და არა რომელიმე პარტიის.

„მინდ მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გაბედეს ხმის ამოღება და გამიჯვნა საქართველოს გასაბჭოების სასტიკი გეგმიდან. ახლა არის ის დრო, როცა არა რომელიმე პარტიის ან ლიდერის, არამედ სამშობლოს გვერდით უნდა დადგეს ყველა ადამიანი. რაღაც მომენტის შემდეგ ეს წარსული იქნება და ვინც ჩაჰყვა „ქართულ ოცნებას" რუსულ სპეცოპერაციაში ძალიან შერცხვებათ იმისა, რომ დადგნენ ისტორიის არასწორ მხარეს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე