რეზონანსი
(24.04.2024)

გამოქვეყნდა ევროპარლამენტარების რეზოლუციის საბოლოო პროექტი საქართველოზე, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს, მანამ სანამ რუსული კანონი სამართლებრივი დღის წესრიგის ნაწილია.

რეზოლუციის პროექტით ევროპარლამენტი:

კატეგორიულად გმობს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის შემობრუნებას, რომელიც დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შეზღუდვებს უწესებს და რასაც უკვე მოჰყვა მასობრივი პროტესტი, როგორც საზოგადოების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების;

ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან, ასევე, ეწინააღმდეგება EU-ს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას;

აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია;

მოუწოდებენ საქარველოს პარლამენტს, შეწყვიტონ კანონპროექტის განხილვა, ხოლო მთავრობა - შეასრულონ 2023 წლის მარტში კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულება. ასევე, მოუწოდებენ მთავრობას, თავი შეიაკავონ შემდგომი საკანონმდებლო წინადადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების, შესაბამისად, EU-ს წევრობის კრიტერიუმებს;

ხაზგასმულია, რომ კანონპროექტი ღალატობს ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის მისწრაფებებს, იცხოვრონ დემოკრატიულ საზოგადოებაში, გააგრძელონ დემოკრატიული და მართლმსაჯულების რეფომრები, მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკურ პარტნიორებთან და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე;

ასევე, ნათქვამია, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლება არის ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც დაცული უნდა იყოს ნებისმიერ ვითარებაში, განსაკუთრებით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყანაში;

მოუწოდებენ მთავრობას, პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს და შესაბამისად, გამოთქვამენ შეშოთებას, სპეცრაზმის მიერ სადავო კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული არაპროპორციული ძალის გამოყენების შესახებ ცნობებს. მოუწოდებენ ხელისუფლებას, გამოიძიონ და პასუხისგებაში მისცენ ისინი, ვინც პასუხისმგებელია ძალის უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებაზე;

აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი სადამკვირვებლო როლი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია ახორციელებს, არსებითია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და გადამწყვეტია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული რეფორმების წინსვლისთვის. მოუწოდებენ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად;

როგორც ცნობილია, რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე