რეზონანსი
(24.04.2024)

პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციებზე შევხვდებით, - ამის შესახებ პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის მე-8 დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლემ პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ბრძოლა გრძელდება. აქციები არის და აქციებზე შევხვდებით. პოლიტიზირებული გადაწყვეტილება მიიღო [მოსამართლემ] , - აღნიშნა ლაზარე გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მსჯავრდებულს ციხესთან ოჯახის წევრები, ახლობლები და ადვოკატები ელოდებოდნენ.

ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, მსჯავრდებულმა გლდანის ციხე დატოვა. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ადვოკატებმა დღეს ჩაიბარეს, რომელიც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში მიიტანეს.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 აპრილს დამნაშავედ ცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე