რეზონანსი
(19.04.2024)

ახლა ხელისუფლება პროტესტანტებზე შარშანდელი მარცხისთვის იძიებს შურს, რადგან შარშან რუსული დავალება ვერ შესრულდა, - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე პროცესი იმის გამოძახილია, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას კარგავს და მას ვერ ელევა.

გარდა ამისა, სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სიტყვებს - „ოპოზიციაში რამდენიმე ქალს ხელში მაუზერი რომ ეჭიროს, თავში ისე დაგვახლიდნენ, თვალსაც არ დაახამხამებდნენ" გამოეხმაურა. მისი თქმით, პაპუაშვილს იმდენად ეშინია ოპოზიციონერი დეპუტატების, რომ მათ კითხვის დასმისთვის აგდებს სხდომათა დარბაზიდან.

„ჩვენ მაუზერი არ გვჭირდება იმიტომ, რომ ისედაც ისე ეშინია პაპუაშვილს ჩვენი, სხდომათა დარბაზიდან გვაგდებს შეკითხვის დასმისთვის. მიკროფონის გარეშე ვსაუბრობთ ხოლმე, რადგან ამდენი ტყუილის მოსმენა შეუძლებელია.

ამ ეტაპზე გასაგებია, რომ ჩვენი მხრიდან ზეწოლა არ უნდა გაჩერდეს. საზოგადოების პროტესტი ყოველგვარი ორგანიზებისა და მოწოდებების გარეშე უწყვეტ რეჟიმში გადავიდა. ეს ბრძოლის მექანიზმია, რადგან შარშან სწორედ პროტესტის გზით აიძულეს, რომ ეს გადაწყვეტილება უკან წაეღოთ. ახლა ხელისუფლება პროტესტანტებზე შარშანდელი მარცხისთვის იძიებს შურს, რადგან შარშან რუსული დავალება ვერ შესრულდა. გარდა ამისა, კანონპროექტის გამო, წინასაარჩევნო დღის წესრიგი აბსოლუტურად სხვაგანაა გადატანილი და ქვეყანაში არსებულ გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ პრობლემებს აღარ ეხება. ისრების გადატანა იმაზე, რომ ოპოზიციას არეულობა უნდა, ტყუილია. თვითონ იციან, რომ არჩევნებს აუცილებლად წააგებენ. მთელი პროცესი ამის გამოძახილია, რომ ივანიშვილი ხელისუფლებას კარგავს და მას ვერ ელევა. რაც უფრო მალე გაიაზრებენ, რომ არჩევნების გზით მშვიდად დატოვებენ ხელისუფლებას, მათთვის უკეთესი იქნება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, გამჭვირვალობაზე საუბრის პარალელურად, მიიღო კანონი, რომლითაც საქართველოს „სრულიად გაუმჭვირვალე ფულის სამრეცხაოდ გახდიან".

„ვისაც ერთი დღე მაინც უმუშავია საერთაშორისო ორგანიზაციებში, იცის, რომ არ არსებობს უფრო გამჭვირვალე სისტემა, ვიდრე საერთაშორისო საგრანტო სისტემაა. ერთი მხრივ, გამჭვირვალეობაზე საუბრობენ, კანონი უნდა მივიღოთო და ქვეყანა დააქციეს და იმავ დღეს მიიღეს კანონი, რომლითაც სრულიად გაუმჭვირვალე ფულის სამრეცხაოდ გახდიან საქართველოს", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე