რეზონანსი
(26.07.2022)

თურმე ელჩს კითხვა არ უნდა დაუსვა - თუ ელჩისთვის და საელჩოსთვის მადლობა არის გადასახდელი, ჩვენ ამას ვაკეთებთ და თუ რომელიმე ელჩი გასაკრიტიკებელია, არც ამას მოვერიდებით - ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი და ტონსაც, კითხვასაც რამენაირად შევარჩევთ, - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში აშშ-ს ელჩთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, კელი დეგნანის მიმართ დასმული კითხვები ლეგიტიმურია.

"რთული დრამატურგია წავიდა ამ ელჩთან და საელჩოსთან დაკავშირებით. საქმე მარტივადაა: არსებობს გარკვეული კითხვები? ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება დასვას - მით უმეტეს დეპუტატს... დაისვა კითხვა - სხვათა შორის, ლეგიტიმური! საზოგადოებას, ყველას ამ კითხვაზე პასუხები გვაინტერესებს. დარწმუნებული ვარ საელჩო და ელჩი პასუხს გასცემს.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, მადლობას ვეუბნებით მთელი ამ წლების განმავლობაში გაწეული გვერდში დგომისთვის, მაგრამ იქ სადაც კითხვებია, თამამად უნდა დაისვას.

წმინდა ხომ არ არის?! კითხვა დაისვა?! - უნდა უპასუხო, გასაკრიტიკებელია?! პასუხი უნდა მივიღოთ!

ჩვენ ხელისუფლებაში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით მოვედით. შესაბამისად, საქართველოს ინტერესებს დავიცავთ - მერე დავიცავთ დანარჩენი ქვეყნების. ეს ყველამ კარგად გაიგოს და გაითავისოს.

ის, რომ რახნ ელჩია, მასთან კითხვები არ დავსვათ, მიუღებელია. ეს ადეკვატური პასუხი არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე