რეზონანსი
(26.07.2022)

ჩვენ იმიტაციაში არ შევდივართ. აგერ, ხომ ხედავთ რა უნდათ, პრეზიდენტიც კი გააგიჟეს, კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი „პავლიკ მოროზოვიაო“ – „დეპავლიკიზაცია“ ნიშნავს, რომ დახვრიტეს საწყალი პავლიკა... რეპრესიები უნდა დავიწყოთო, ამას გვეუბნებიან გადატანითი მნიშვნელობით?! სასაცილოა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი „ტროიკების“ შექმნით პოლარიზაციას აღრმავებს. ამასთან, მისივე თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მმართველი გუნდი არაფრის გამკეთებელი არ არის.

„ყველამ კარგად იცის, რომ იქ არაფერი მოხდება. ერთი რამ ფაქტია, რისი პოლარიზაცია, როდესაც მაქსიმალურად ძაბავს ვითარებას ბიძინა ივანიშვილი და „ტროიკების“ შექმნით პოლარიზაციას აღრმავებს, ანტაგონიზმს თესავს.

არავითარი პარალელური რეჟიმი არ არის. ჩვენ მოვითხოვეთ პარლამენტის სხდომა, სხდომაზე 4 საკითხი გავიტანეთ, მათ შორის, ერთი მზა საკითხი იყო, რომელიც მეორე მოსმენის წინ კომიტეტის სხდომის ჩატარებას საჭიროებს და ორ დღეში კონსტიტუციის მიღება შეგვიძლია. გარდა ამისა, კანონპროექტები, რომელიც სასამართლო სისტემას ეხება მომზადებულია, ამ კანონპროექტების დახვეწისთვის ლეგიტიმურ სტრუქტურებში, რომელსაც პარლამენტი და მისი კომიტეტები ჰქვია, ჩვენ სამუშაო ჯგუფებს ვქმნით და არა პარალელურ კომისიას. ჩვენ მუშაობა ოფიციალურ სტრუქტურებში გადაგვაქვს. ვეუბნებით, რომ არ გვინდა დროში გაწელვა და სატყუარა ფუნქციის მქონე რაღაცები.

ჩვენ იმიტაციაში არ შევდივართ. აგერ, ხომ ხედავთ რა უნდათ, პრეზიდენტიც კი გააგიჟეს, კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი "პავლიკ მოროზოვიაო". "პავლიკ მოროზოვი" არის პატარა ბავშვი, „გაკულაკების“ დროს, ოჯახებიდან ხორბალი რომ გამოჰქონდათ, მამამისმა ხორბალი გადამალა, მოროზოვი კი წავიდა და მამამისი დააბეზღა. როგორ გამოდის სალომე ზურაბიშვილი მოროზოვი?! ეუბნება „შენ ბიძინა ივანიშვილს, მამას უღალატეო“, „შენ ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირში დააბეზღე“... რა შედარებაა? სად "პავლიკ მოროზოვი" და სად სალომე ზურაბიშვილი. "დეპავლიკიზაცია" ნიშნავს, რომ დახვრიტეს საწყალი პავლიკა... ე.ი. რეპრესიები უნდა დავიწყოთო, ამას გვეუბნებიან გადატანითი მნიშვნელობით?! სასაცილოა“,- აღნიშნავს გოცირიძე.

ცნობისთვის, ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტთან გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ჟურნალისტი „სიბინძურისგან იყო გაბოროტებული, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტობა "პავლიკა მოროზოვობას" ნიშნავს, "მოროზოვებში" კი სალომე ზურაბიშვილიც გამოერია“.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ “მთავარის“ ჟურნალისტ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე