რეზონანსი
(26.07.2022)

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს. უწყება წერს, რომ მომხდარზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ასევე, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

"ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.

საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს", - წერია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ქრისტინე თაკალანძე დააკავეს. აფხაზური მხარის მტკიცებით, ის ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე