ია აბულაშვილი
(04.10.2023)

ისტორიული წყაროების მიხედვით მეფე მირიანის ვაჟი ბაქარი კონსტანტინე დიდის კარზე იმყოფებოდა, მასპინძლებმა ქართველი უფლისწული ბიზანტიიდან სამშობლოში დიდი პატივით გამოისტუმრეს და ბევრი საჩუქარიც გამოატანეს. მათ შორის იყო ლუკა მახარობლის მოხატული ხატი. ტახტზე ასვლის შემდეგ ბაქარმა წილკნის ეკლესია ააგო, რომელიც მე-4 საუკუნით თარიღდება, ბიზანტიიდან ჩამოტანილი ხატი კი ტაძარში დააბრძანა.

წილკნის ღვთისმშობლის ხატი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ხატია, რომელიც ლუკა მახარობელმა მაცხოვრის აკვანის ფიცარზე შეასრულა. ეს ხატი პირველია საქართველოში, სადაც გამოსახულია ღვთისმშობლის ნახევარფიგურა, მის ორივე მხარეს წმინდა მიქაელი და გაბრიელ მთავარანგელოზია გამოსახული. ხატი მოჭედილია ფირფიტებით და მასზე გამოსახულია წმინდა გიორგი. ხატი შემკულია ოთხი ბიზანტიური მედალიონით.

წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, საკვირველი ძალითა და მადლის წყალობით ეკლესიის მთავარი სიწმინდე იყო და მრავალ სასწაულს ახდენდა. უძველესი ხატი გასული საუკუნის 30-იან წლებამდე წილკნის ეკლესიაში იყო დავანებული, დღეს კი საქართველოს ხელოვნების ოქროს ფონდშია დაცული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე