ია აბულაშვილი
(12.05.2023)

საქართველოში წმინდა ადგილებიდან სიწმინდეების ჩამოტანა და ქართულ ეკლესიებში დავანება მე-4 საუკუნიდან იღებს სათავეს. სიწმინდეები ძირითადად ჩამოჰქონდათ კონსტანტინეპოლიდან და იურუსალიმიდან. პირველად მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამოტანის ამბავს გადმოგვცემს ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი. ქართლის მეფე მირიანმა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინესთან დესპანი მიავლინა: „წარავლინა მირიან მეფემ ეპისკოპოსი იოანე და მისი თანა წარჩინებული წინაშე კონსტანტინე მეფისა და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოველისა."

ბიზანტიის კარზე მისულ იოანე ესპიკოპოსს იმპერატორმა უბოძა ორი სამსჭვალი, რომლითაც ქრისტეს ხელები დაუჭედეს და ფიცარი, რომელზედაც უფლის ფეხები დალურსმნეს: ნაწილი „ძელი ცხოვრებისა და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფეხნი დამსჭვალულ იყვნეს უფლისანი სამსჭვალნი ხელთანი."

საუკუნეების განმავლობაში მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული არაერთი სიწმინდე ინახება საქართველოს სხვადასხვა ეკლესიაში, მათ შორის არის ღრუბელი, რომლითაც ქრისტე სისხლისგან განწმინდეს. ღრუბლის ერთი ნაწილი დრანდის ტაძარში ინახებოდა, მეორე ნაწილი კი - ზუგდიდის მუზეუმში. წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში ინახება აღდგომის ქვის ნაწილი, რომელიც ანგელოზებმა საფლავის ქვიდან გადმოაგორეს. სამების ტაძარში დავანებული იყო „ქვა მაცხოვრისი საპყრობილედან," „მიწა გეთსამინიის ბაღიდან," „ქვა გოლგოთიდან," ზეთისხილის ნაწილი და მიწა.

ოთარაშენის ეკლესიის მშვენება იყო იერუსალიმიდან ჩამოტანილი სულიწმინდის მოსვლის დროს ტრაპეზზე ბარძიმის ქვეშ დადებული ვარდი. სახელმწიფო მუზეუმში ინახებოდა, დღეს კი საპატრიარქოშია დაცული ბზის ნაწილები, რომელსაც ფეხქვეშ უფენდნენ მაცხოვარს იერუსალიმში შესვლის დროს, ქრისტეს საფლავის ლოდი და მდინარე იორდანეს კენჭი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე