ია აბულაშვილი
(05.05.2023)

როდესაც ახსენებ ქართულ ღვინოსა და სუფრას, როგორ იქნება, რომ თავადი გულბაათ ჭავჭავაძე არ გაიხსენო. ქეიფი და დროსტარება ქართველს ოდითგანვე მოსდგამს, მაგრამ სტუმარმასპინძლობით გამორჩეულ თამადაზე მე-19 საუკუნის თბილისში ლეგენდები დადიოდა. მის ოჯახს სტუმრობდნენ იმ დროს საქართველოში ჩამოსული უცხო ქვეყნის სახელმწიფო თუ საზოგადო მოღვაწეები.

თავადთან შეხვედრა აქვს აღწერილი ალექსანდრე დიუმას წიგნში „კავკასია," რომელიც საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებით შეიქმნა.

გულბაათ ჭავჭავაძეს უზარმაზარი ვენახები ჰქონია, რომლის თითოეულ რიგზე დარგულ ვენახს თავისი სახელი ერქვა, სხვადასხვა დღეობის სახელები.

გარდა იმისა, რომ სიტყვა უჭრიდა და მისი თამადობით სუფრა ერთი სიამოვნება იყო, გულბაათი კარგი მსმელიც ყოფილა. ამბობდნენ, რომ ერთ სუფრაზე 25 ლიტრი ღვინის დალევა შეეძლო, სმას კი 3-ლიტრიანი თიხის დოქით იწყებდა მოთელვის მიზნით.

თბილისში რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მეორის სტუმრობისას ქართველებს მის დღეობაზე დიდი სუფრა გაუშლიათ იმპერატორისთვის. თამადა ყოფილა თავადი გულბაათ ჭავჭავაძე და ისე უთამადია, რომ აღფრთოვანებულ იმპერატორს პეტერბრუგში მიუწვევია. 25 ლიტრი ღვინო დაულევია თამადას და წელგამართულს დაუტოვებია სუფრა. იმპერატორის თანმხლები „კნიაზები" და გენერლები კი ისე დაუთვრია, ფეხზე ვეღარ დგებოდნენო, ხმა გავარდნილა თბილისში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე