"ეს ადამიანები ისე იქცევიან, თითქოს მხოლოდ ახლა გამოდიან ხელისუფლების წინააღმდეგ და პროტესტს აცხადებენ, არადა ყოველთვის საპირისპირო მხარეს იდგნენ"
გვანცა წულაია
(07.05.2024)

„უცხო ქვეყნის გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სრულიად წარმოუდგენელი განცხადებები კეთდება. მაშინ, როდესაც კანონი კერძო სექტორს საერთოდ არ ეხება, ცალკეული ბიზნესმენები ამბობენ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო ბრენდული მაღაზიების ნაწილი საქართველოს დატოვებს, რასაც პოლიტოლოგები და ექსპერტები პროპაგანდას და ტყუილს უწოდებენ.

სრულიად უსაფუძვლო გაანცხადება გააკეთა ბიზნესმენმა, „ია სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა კახა ხაზარაძემ. მისი თქმით, პარტნიორი კომპანიები უკვე სვამენ კითხვებს მათ სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით და ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებასაც აღარ განიხილავენ.

„პირდაპირ გეტყვით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში რა გამოხმაურება აქვთ ჩემს პარტნიორებს, მე დაახლოებით, 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოვადგენ საქართველოში. ისინი ასეთ შეკითხვას სვამენ - ჩვენ საერთოდ აღარ გჭირდებითო?! ინვესტიციას არც განიხილავენ. თუ ასე მოხდა, ჩვენ ალბათ, იძულებული ვიქნებით, როგორც რუსეთში მოხდა, ადრე თუ გვიან, რაღაც ბრენდებმა დატოვონ ბაზარი, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სხვა ღირებულებების მატარებლები არიან, ევროპული ღირებულების და აქედან გამომდინარე, დაფინანსებას ჩვენ ვერ წამოვიღებთ.

ზოგადად, ჩვენ არ ვარ ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ნავთობი ან გაზი, რომელიც შეძლებს, რომ მაგ ნაწილში თვითკმარი გახდეს. იცით, რომ უარყოფით ბალანსი გვაქვს, იმპორტი 2-ჯერ აჭარბებს ექსპორტს. მე ვერ წარმომიდგენია, რომელი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს ფინანსური დახმარების ხელი გამოუწოდოს.

ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს რუსულ კანონი არანაირ გამჭვირვალობას არ ემსახურება და გამჭვირვალობაზე თუ არის საუბარი, პირველ რიგში, გამჭვირვალობა მთავრობისგან გვჭირდება, როცა ეს ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. როდესაც შენ სხვას სთხოვ გამჭვირვალობას, მაგალითი შენ თვითონ უნდა მაჩვენო. კარჩაკეტილი ცხოვრებისკენ მიჰყავთ ქვეყანა და კარჩაკეტილი ცხოვრების შემთხვევაში შენ არანაირი პარტნიორი გვერდში დგომას არ აპირებს", - განაცხადა კახა ხაზარაძემ გადაცემაში „საქმე“.

ბიზნესის პოლიტიკაში ჩარევა საბოლოოდ მაინც მოხდა, თანაც იმ დოზით, რომ მოწოდებებიც კი ისმის მათი მხრიდან. პოლიტილოგები ამბობენ, რომ ბიზნეს არანაირი საფრთხე არ შეექმნება და არც საერთორისო ბრენდული მაღაზიები დატოვებენ საქართველოს, გამჭვირვალობის კანონის გამო.

როგორც „ხალხის ძალის“ ლიდერი თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, უნდა გაირკვეს, პროპაგანდისტული განცხადებების ავტორები რომელი პოლიტიკური პატრიის მხარდაჭერები არიან, რის შემდეგაც ყველაფერი ნათელი გახდება.

„ვინც ასეთი განცხადება გააკეთა, ვნახოთ, რა ბიზმესმენი და ვისი პოლიტიკური ამომრჩეველია. მეცნიერის განცხადება იქნება, სპორტსმენის, ბიზნესმენის თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლის, უნდა ვნახოთ ვისი ამომრჩეველია. ნაცმოძრაობამ და მთელმა ოპოზიციამ წინა არჩევნებში აიღეს ნახევარი მილიონი ხმა. ამ ნახევარ მილიონ ადამიანში ბუნებრივია, რომ ყველა პროფესიის ადამიანი იქნება. ეს, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკური არჩევანია, მაგრამ ხალხში ტოვებენ განცდას და ქმნიან აზრს, რომ თითქოს ეს ადამიანები მხოლოდ ახლა გამოდიან ხელისუფლების წინააღმდეგ და პროტესტს აცხადებენ. სინამდვილეში, ეს პიროვნებები ისედაც არ იყვნენ ხელისუფლების ელექტორატი. ასე, რომ საზოგადოებას ვთხოვ, ნუ დაიბნევიან, ნუ აჰყვებიან მათ პროპაგანდას.

ერთადერთი ვინც შეიძლება არ იყოს, არც „ქართული ოცნების“ და არც ოპოზიციის ამომრჩეველი, არიან ახალგაზრდები, სტუდენტები, ის ნაწილი, ვინც წელს გახდნენ ამომრჩევლები. გარდა 3-5 ათასი ახალგაზრდისა, რომლებიც არიან უცხოური ფულით დატრენინგებულები და რომელთაც ასწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია. ისინი მიჰყვებიან აკერმანის სცენარს, ამიტომ ხვალ და ზეგ რასაც გააკეთებენ ესეც კი ვიცით, თუ როგორ მიიყვანონ ე.წ. მშვიდობიანი აქციები სახელმიწფო გადატრიალებამდე. ამ სცენარს სათავეში უდგას „ნაცმოძრაობა“ და შიგნით არის „ლელოც“, „გირჩიც, გახარიას პარტიაც და სხვა ყველანი.

ამ აქციებს აფინანსებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და უცხოური ფული, რომელიც მათთან ირიცხება. დანარჩენი ახალგაზრდობის 80% არის ისეთი, რომელმაც ნამდვილად არ იცის რისთვის გაიყვანეს ქუჩაში, მათ მთელი გულით უნდათ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. ვის უპირისპირდებიან ეს ბავშვები, იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც ყველა ნაბიჯი გადადგა ევროკავშირისკენ, ვიზალიბერალიზაციისკენ, სტატუსის მოპოვებისკენ და სხვა უამრავი სიკეთიკენ? ეს ყველაფერი ხომ ამ ხელისუფლების დამსახურებაა?!“, - განუცხადა „რეზონანსს“ ჩიბურდანიძემ.

კანონპროექტის დაბრუნების შემდეგ, ბიზნესის ნაწილი ხელისუფლებას „აუმხედრდა“. მათ შეხედულებით, გამჭირვალობის კანონი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა.  ექსპერტი ამირან სალუქვაძე თვლის, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მავნეა საქართველოსთვის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ფსიქოზამდე მიჰყვათ ადამიანი საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების გამო. 

„რაც ქვეყანაში ხდება არის ძალიან მავნე. ზოგადად, საქართველოში ისეთი ოპოზიცია ვერ ჩამოყალიბდა, რომელიც იქნებოდა ხელისუფლების საპირწონე და საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის მისაღები. ის, რომ ქუჩაში ოპოზიციის მხარეს რამდენიმე ასეული, ათასეული და თუნდაც ათიათასი ადამიანი გამოდის, ეს ხომ არ არის მთელი საზოგადოება? ერის განწყობა აქციებით კი არ იზომება, არამედ კვლევებით, არჩევნებით, რეფერენდუმებით და ა.შ. ხელისუფლების საპირწონედ დგას მთელი კოლექტიური ოპოზიცია, მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილისთვის, თითქმის 2/3-ისთვის, აბსოლუტურად მიუღებელი ძალა.

მეორე მავნებლობა ეს არის გაპოლიტიზირება. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ფსიქოზამდე მიჰყვათ ადამიანი საკუთარი ვიწროპოლიტიკური ინტერესების  გამო.  ხელისუფლებაში მოსვლის ლტოლვა და დუჟმორეული ჟინი ყველაფერზე მაღლა დგას. ყველაფერს ანაცვლებენ ძალაუფლების უკან დაბრუნებას, მათ სხვა არაფერი აინტერესებთ.

მესამე დიდი პრობლემა მეორეს ნაწილია, მაგრამ განსაკუთრებულად გამოვყოფთ, სადაც ბავშვების პოლიტიკურ პროცესში ჩარევას ვგულისხმობ. არ ვიცი ეს რისი ბრალია. რევანში უფრო მაღლა დგას, ვიდრე ბავშვთა ინტერესები და უფლებები, თუ უწიგნურობის ბრალია? შეიძლება ერთიც და მეორეც, მაგრამ, როდესაც ბავშვი აქციაზე გაგყავს და რაღაცებს აყვირებ, რის გაგებაშიც არ არის, ამაზე ცუდი მას რა უნდა გაუკეთო? ეს არის მათი უფლებების დარღვევა და  უფლებადამცველები გაჩუმებულები არიან, რადგან ისინიც ამ პროცესში არიან ჩართულნი.

როდესაც პოლიტიკური პარტიები შველას, სამართალს და დახმარებას ეძებენ სხვა ქვეყანაში, ეს არის სრული კატასტროფა და დეგრადირება. სამარცხვინოა, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე ითხოვს საკუთარი ქვეყნის მოქალაქის დასჯას სხვა სახელმწიფოს მიერ“, - განუცხადა „რეზონანსს“ ამირან სალუქვაძემ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო, მესამე მოსმენა კი 13 მაისიდან დაიწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე