როგორც ჩანს, ენერგოსექტორში უკვე ჭარბი დენის პრობლემა გაჩნდა
გვანცა წულაია
(23.04.2024)

2023 წლისგან განსხვავებით წელს შესაძლოა, საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტის პოტენციალი სრულად ვერ აითვისოს და ენერგოობიექტებს გაზაფხულსა და ზაფხულში ჭარბი წყლის დაღვრა მოუწიოთ. ამის მიზეზი თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნისა და ფასების შემცირებაა. როგორც ირკვევა, მთავარ საექსპორტო ქვეყანაში მოთხოვნა 15%-ით არის დაკლებული, 1 კვტ/სთ-ს ფასი კი 6-7 ცენტამდე დაეცა.

ელექტოენერგიის მიმართულებით თურქეთი საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო ქვეყანაა, თუმცა მეზობელ სახელმწიფოში წელს შექმნილი ვითარების ფონზე, რაც მოთხოვნის შემცირებასა და ღირებილების კლებაში გამოიტახება, საქართველომ შესაძლოა, საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ვერ აითვისოს და კაშხლებდან წყლის დაღვრა მოუწიოს. ენერგეტისოების ამის შესახებ უკვე საუბრობენ და როგორც პროფესორმა ანზორ ჭითანავამ განაცხადა, თუ ელექტროენერგიის გამოყენება ვერ მოხერხდება, რა თქმა უნდა, ობიექტებს იძულებითი ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ.

"ეს ბუნებრივი პროცესია და ბაზარზე ცვლილება, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს, მაგრამ ჩვენ გარკვეული ზომები უნდა მივიღოთ, რადგან არ მოხდეს უხვი გამომუშავების ჭარბი ენერგიის არ გამოყენება და ამის შედეგად ზარალი არ მიადგეს ქვეყანას. ამისათვის კი საჭიროა, რომ რაც შეიძლება მეტი სიმძლავრე და შესაძლებლობა გამოიძებნოს ადგილობრივ ბაზარზე მისი გამოყენებისათვის, თუმცა ეს ერთ დღეში არ ხდება, ამას სჭირდება სათანადო მომზადება და წარმოების იმ მიმართულბების განვითარება, სადაც ენერგია უნდა წავიდეს.

ზოგადად გართულებულ სიტუაციაში მეზობელ სახელმწიფოებში არის პრობლემები, ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად დაიცვას საკუთარი თავი და ინტერესი და ზედმეტი დანახარჯი არ განახორციელოს. ამ მხრივ კი, ბუნებრივ პროცესად მიმაჩნია, საქართველოსთვის ექსპორტის შემცირება. თუ ენერგიის გამოყენება არ იქნება, რასაკვირველია ობიექტებს წყლის დაღვრა მოუწევთ.

ჩვენთან, დიდწყალსაცავიანი სადგურების რესურსების გამოყენება ისე უნდა მოხდეს, რომ გამომუშავება და დაგროვება მიდიოდეს დასაშვები პარამეტრების ფარგლებში. ასევე, შესაძლებელი ხდებოდეს, როგორც დაგროვება და ზამთრისა და შემოდგომისთვის მისი შენახვა, ისე მისი გამოყენება პრობლემური პერიოდისთვის. ენერგეტიკას წყლის გადაღვრა არ აზარალებს იმ შემთხვევაში, თუ ის ხდება პროექტით გათვალისწინებულ ფარგლებში.

საერთოდ, ჩვენთვის ორი მიზანი არის მთავარი: პირველი - შევძლოთ მოთხოვნის დაკმაყოფილება და მეორე - შევძლოთ ნაგებობებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურის დაცვა და შენახვა ისე, რომ იყოს მდგრადი და გაუძლოს ყველა მოსალოდნელ პირობებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს. აქ ვგულისხობ მიწისძვრას, კატასტროფას, წყალდიდობას და სხვა მძიმე გარემოებები”, - განუცხადა "რეზონანსს” ანზორ ჭითანავამ.

ენერგეტიკოსთა ნაწილი მიმდინარე ეტაპზე რაიმე დასკვნის გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან, როგორც პროფესორმა გია არაბიძემ განაცხადა, წინასწარ რთულია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება ზაფხულის თვეებში.

"ხელი შეეშლება, იმდენ მოგებას ვეღარ მიიღებს ქვეყანა, როგორც შარშან, რადგან გასულ წელს იყო უკეთესი ფასი, ახლა ღირებულება შემცირებულია, ცოტა ხანში შეიძლება გაიზარდოს და ა.შ. თუ წელსაც შარშანდელივით შევძელით საკამოდ სერიოზული გამომუშავება, გავიტანო და რა ღირებულებაც იქნება იმ ფასში გავყიდოთ ელექტროენერგია.

ცოტა ძნელი სათქმელია, ჰესებს წყლის დაღვრა მოუწევთ თუ არა, რადგან არ ვიცით როგორი ჰიდროლოგია გვექნება, წყალსაცავები როგორ გაგვევსება და ა.შ.

ივლისის თვეში ენგურში ან ჟინვალში დაგვჭირდება თუ არა წყლის დაღვრა ახლა არ ვიცი, რადგან გააჩნია სიტუაცია. გარდა იმის, რომ გამოვიმუშავოთ, რეზერვიც ხომ უნდა დავიტოვოთ, ზამთრისთვის ხომ უნდა შემოვინახოთ, ამიტომ ახლა ძნელია იმის თქმა, თუ რა სიტუაცია გვექნება ზაფხულის თვეებში”, - განუცხადა "რეზონანსს” არაბიძემ. 

შარშან საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1.47 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც 51%-ით აღემატებოდა 2022 წლის მაჩვენებელს. ექსპორტიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 103 მლნ დოლარი შეადგინა. როგორც ზევით ვახსენეთ, მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, თუმცა ამჟამად მეზობელი ქვეყნის ბაზარზე ენერგორესურსებზე მოთხოვნისა და ფასების კლების ფონზე, მოლოდინია, რომ წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდება.

ასეთი მოლოდინი აქვს `თრეიდინგ სოლუშენის" მმართველ პარტნიორს მერაბ ლომიძეს, რომელიც ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 800-900 მლრდ კვტ.სთ-მდე შემცირდება.

„დღევანდელი ვითარება ისაა, რომ რეგიონის ქვეყნებში სახეზე გვაქვს კრიზისული ვითარება ან წინაკრიზისული პერიოდი. თურქეთში შარშან ელექტროენერგიის მოხმარება 15%-ით შემცირდა, ხოლო წლევანდელი მოთხოვნა შარშანდელის ნიშნულზეა. შესაბამისად, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტზე მოთხოვნა შემცირებულია და ქართული გენერაციის ობიექტებისთვის ეს დიდი გამოწვევაა. იქმნება რისკი, რომ წყალუხვობის პერიოდში, როგორიცაა მაისი, ჰესების ნაწილს წყლის დაღვრა მოუწიოთ.

ვიცით, რომ ამჟამად გენერაციის ობიექტების წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებთან ერთად გარკვეულ გამოსავალზე მსჯელობენ. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ წყალსაცავის მქონე ჰესებმა გენერაცია შეზღუდონ, რაც სხვა ობიექტებს მისცემს საშუალებას, რომ წყალი არ დაღვარონ”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ "ბიზნეს მედია ჯორჯიასთან”.

თურქეთთან ამჟამად არსებული შეთანხმებით, წყალუხვ თვეებში საქართველოს 200 მეგავატის მოცულობის ენელქტოენერგიის გატანა შეუძლია.  როგორც საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, თუკი აღნიშნული კვოტა მინიმუმ 500 მეგავატამდე მაინც გაიზრდება, ჰესებსაც აღარ მოუწევთ გამომუშავების გაჩერება.

„პრობლემა ისაა, რომ აპრილის ბოლოდან ჩვენ ჭარბი ენერგორესურსები გვიჩნდება, მაისსა და ივნისში სრული დატვირთვით მუშაობს ჰიდროელექტროსადგურები. შესაბამისად, ეს ელექტროენერგია უნდა გავიდეს ექსპორტზე ან ჰესების ნაწილმა გამომუშავება უნდა შეაჩეროს და წყალი უნდა დაიღვაროს. ამ დროისთვის თურქეთთან არსებული შეთანხმებით, ელექტროენერგიის ექსპორტზე ზედა ჭერი გაზაფხულსა და ზაფხულში 200 მეგავატია. შარშან მოხერხდა და ეს კვოტა სამჯერ გაიზარდა. იმედია, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამჯერადაც მოახერხებს თურქულ მხარესთან შეთანხმების მიღწევას და ეს კვოტა მინიმუმ 500 მეგავატამდე მაინც გაიზრდება, შესაბამისად, ჰესებსაც აღარ მოუწევთ გამომუშავების გაჩერება და ჭარბი წყლის დაღვრა“, - უთხრა "ბიზნეს მედია ჯორჯიას” ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, მიმდინარე წელს ქვეყნიდან ჯამურად ექსპორტზე 800 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგია გავა. ეს კი შარშანდელთან შედარებით, თითქმის განახევრებული მაჩვენებელი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე