ბიზნესი ისევ დიდი მოგების მიღებასა და მოხმარებლების მოტყუებაზეა ორიენტირებული
ქეთო გოგოხია
(22.04.2024)

სავაჭრო უცხოური პროდუქტი უმეტეს შემთხვევაში ქართულად საღდება. როგორც გაირკვა, ეს მასობრივი პრობლემაა და წლებია სავაჭრო ობიექტები მომხმარებლებს ატყუებენ, რაზეც არავინ რეაგირებს. ფაქტობრივად, საადრეო ხილ-ბოსტნეულის უდიდესი ნაწილი იმპორტულია. სპეციალსიტები პირდაპირ აცხადებენ, რომ 20 წელიწადზე მეტია ასე ხდება და რეალურად არაფერი იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემაზე მეწარმეები მუდმივად საუბრობენ და მთავრობისგან რეაგირებას ითხოვან.

სპეციალსიტების შეფასებით, დღესდღეობით ქსელურ მარკეტებში წარმოდგენილი ხახვი, სტაფილო, ჭარხალი, ვაშლი, მარწყვი, კიტრი და პომიდორი მთლიანად უცხოურია. აკადემიკოს პაატა კოღუაშვილი ინფორმაციით, საქართველოში 4-5 თვის სამყოფი საკვები პროდუქტი იწარმოება და დანარჩენ პერიოდში შევსება ხდება იმპორტით.

"დღესდღეობით ყველგან უცხოური პროდუქტი იყიდება. თითქმის ყველა დასახელების ხილ-ბოსტნეული უცხოურია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, როგორც ქართული ისე საღდება. არ მესმის,  რატომ უნდა შემოგვქონდეს მარწყვი, როცა წარმოების დიდი პოტენციალია. იგივე ითქმის ვაშლზე, ატამზე, ქლიავზე და დანარჩენ სახეობებზეც. ეს ხალხი, ვინც ამას აკეთებს, რომ ფული მოიგოს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე, ყველაფრის მკადრებელია.

ბიზნესის სოციალიზაცია არ მოხდა, არ იციან ზომიერება, გასდით კიდევაც, უზარმაზარ ფულს აკეთებენ.  პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამის შესახებ ჯერ კიდევ 2000 წლების დასაწყისში ვწერდით. გამოდის, რომ არც არაფერი შეცვლილა და დღესაც იმავე წრეზე ვტრიალებთ. ბიზნესი ისევ თაღლითობს და კვლავ ატყუებს მომხმარებელს.

საქართველო, ძირითადად, აწარმოებს 4-5 თვის სამყოფ პროდუქტს, მეტი რესურსი, სამწუხაროდ, არ გვაქვს. ამასწინათ გამყიდველი ვაშლ "სტარტზე" მიმტკიცებდა,  რომ ქართულია, როცა უცხოური იყო. "სტარტი" არ არის საზამთრო ჯიშის ვაშლი, სპეციალური დამუშავების გარეშე არ ინახება. იგივე ითქმის მწვანე ვაშლის მიმართაც, რაც იყიდება, არც ერთი არ არის ქართული.

გარიგებები აქვთ ბიზნესმენებს ერთმანეთში და ამ ყველაფერზე მთავრობა თვალს ხუჭავს. სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი გამოწვევაა, რომ ყველა სეზონზე მოხდეს მოთხოვნილების დაკმაყოფილება, ბაღების გაშენების დროს ეს ფაქტორიც გასათვალისწინებელია", - განაცხადა კოღუაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" და ისაუბრა ხარისხიზეც. მისი ინფორმაციით, იმპორტირებული ხილ-ბოსტნეული, რომელიც ახლა დახლებზეა წარმოდგენილი, გენმოდიფიცირებული და საშიშია.

"უცხოური პროდუქტი ადვილად იცნობა ფორმითაც. მაგალითად, მარწყვის შემთხვევაში, როცა იგი ქართულია, უფრო მომცროა და გაყინულის ეფექტს არ ტოვებს. უცხოური მოცულობით დიდია, ხელს რომ მოკიდებ, გაყინულია, გენმოდიფიცირებული პროდუქტია. ცნობილი ფაქტია, რომ ოკეანის ცივ წყლებში მობინადრე თევზ ,,კამბალას" გენია ჩადებული ვაშლსა და პომიდორში. მცენარის სუნი არ იგრძნობა ამ პროდუქტებში, არაქართულია და იმიტომ.

დასანანია, რომ ამ პრობლემაზე გვიწევს დღესაც საუბარი. ინფრასტრუქტურა, სადაც უნდა ინახებოდეს პროდუქტი, გამართული არ არის. ეს არის შედეგი, რა პრობლემაც დღესდღეობით არსებობს ქვეყანაში. ამიტომ გვჭირდება ინოვაციები, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება. ისიც ვერ მოვახერხეთ, ფერმერებმა მარკეტინგული ბაზრები შექმნან, პროდუქცია სწორად მივიდეს მომხმარებლემადე. გლეხებს აქვთ დიდი პრობლემა ბაზრებზე წვდომის სახით, პრობლემაა ტექნიკასთან ხელმისაწვდომობა და სხვა. ამით სარგებლობს არაკეთილსინდისიერად განწყობილი ბიზნესი, რომელიც მაღალი მოგების მიღებასა და მოხმარებლების მოტყუებაზეა ორიენტირებული", - დასძინა  ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას კოღუაშვილმა.

რაც შეეხება მეწარმეების პოზიციას, ამ რამდენიმე დღის წინ ბიო მარწყვის სასათბურე მეურნეობა „პლანტველის“ დამფუძნებელმა და მარწყვის ასოციაციის თანადამფუძნებელმა მანანა ანჯაფარიძემ პირდაპირ განაცხადა, რომ სავაჭრო ობიექტები იმპორტირებულ პროდუქციას ქართულ ნაწარმად ყიდიან. სავაჭრო ობიექტები შემოტანილ პროდუქტს მოგების დიდი მარჟის გამო ყიდიან და ქართულ პროდუქციას თაროებზე არ ათავსებენ.

„მხოლოდ თურქეთიდან 2023 წლის მონაცემით 3.5 მლნ კილოგრამი მარწყვი შემოვიდა. იმპორტირებული მარწყვის დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ადგილზე წარმოებული პროდუქციის რეალიზებას ხელს უშლის, რადგან საცალო ქსელები, დიდი მარკეტები ძირითად შემთხვევაში თურქულ მარწყვს ყიდიან ძალიან დიდი ფასნამატით და აწერენ ქართულ სახელწოდებას, რომ თითქოს წარმოებულია საქართველოში. არ აქვთ კონტროლი რეალიზაციაზე, რომ ადგილწარმოშობა ჰქონდეთ მითითებული და ამით სარგებლობენ. 2023 წელს 3.5 მლნ კილოგრამი იმპორტირებული მარწყვი გაიყიდა როგორც ქართული“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ ანჯაფარიძემ.

იგი ადასტურებს, რომ კონკრეტულ ფაქტს ადგილი ჰქონდა ,,აგროჰაბში", სადაც "პლანტველი" ცოტა ხნით შეუშვეს და მერე გამოგონილი მიზეზით პროდუქტის რეალზიაციაზე უარი უთხრეს.

„აგროჰაბმა“ ცოტა ხნით შეგვიშვა ქსელში და შემდეგ გამოგონილი არგუმენტებით გვითხრა უარი. „აგროჰაბი“ თურქულ და ზოგადად იმპორტირებულ პროდუქციას აწერს ქართულს. შემოდგომიდან დღემდე საქართველოში მარწყვის მოსავალი არ ყოფილა, თუმცა ყველა მარკეტში იყო მარწყვი და ეწერა ქართული“, - განაცხადა მანანა ანჯაფარიძემ.

ამდენად, ერთი პრობლემაა მარაგების დეფიციტი, მაგრამ სუპერმარკეტები მაღალი მოგების მიზნით ხშირ შემთხვევაში ადგილობრივ მეწარმეებს დახლებზე წვდომას უზღუდავენ. ეს ეხება ისევ მიმართულებებს, რომლის ჩანაცვლებაც იაფი იმპორტით შესაძლებელია.

პრობლემა აქვთ მაღალი ხარისხის პროდუქტის მწარმოებლებსაც, რომლებიც იძულებული არიან გარე ბაზრები ეძებონ, რაც ხან ამართლებს, ხან - ვერა. გორის მუნიციპალიტეტში მეწარმე როინ სტეფნაძე ეგზოტიკურ ბოსტნეულს აწარმოებს, როგორიცაა სატაცური და რუკოლა.

შარშან პროდუქტი ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში გაყიდა და წელსაც შეეცადა რეალიზაციას, თუმცა უარი მიიღო.

,,სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება მეწარმეებს, რომ ადგილობრივი წარმოება განავითარონ. ჩემს შემთხვევაში, გრანტით არ მისარგებლია, თუმცა ჩვენს მუნიციპალიტეტში ბევრი პროექტი დაფინანსდა და ბევრმა ნახა სარგებელი. მეხუთე წელია, სატაცური და რუკოლა მომყავს. ძვირადღირებული ბოსტნეულია და აგრარულ ბაზრებში რეალიზაციის ნაკლები პერსპექტივა აქვს. საწყის ეტაპზე ერთ-ერთ მსხვილ მეწარმესთან ვთანამშრომლობდი და ექსპორტზე გაჰქონდა. შარშან ერთ-ერთ ქსელურ მარკეტში ჩავაბარე, წელს უარი მითხრეს.

ძნელი მისახვედრი არ არის მიზეზი. არ ვიცი, საიდან შემოაქვთ, თუმცა დახლებზე ქართული პროდუქტი არ არის. მომხმარებელი, რომელიც ადგილობრივი ფერმერების მიერ წარმოებულ ეგზოტიკურ ბოსტნეულს მიჩვეულია, ჰგონია, რომ ქართულს ყიდულობს, მაგრამ სინამდვილეში იმპორტულია. ამ დროს ჩემს მიერ წარმოებულ ბოსტნეულს ლპობა შეეპარა. ვერც ქვეყნის გარეთ გამაქვს და ვერც ადგილზე ვყიდი", - განაცხადა მეწარმემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე