ვახტანგ იობაშვილი: "არც გვემუქრება საფრთხე არც ფასისა და არც მიწოდების კუთხით"
ქეთო გოგოხია
(22.04.2024)

ნავთობპროდუქტების ბაზარზე, როგორც გლობალურ, ასევე ადგილობრივ ჭრილში, სტაბილურობის ნიშნებია, რაც ფასებზეც ადეკვატურ გავლენას ახდენს. საერთო ფონზე მოცემულობა დამაკმაყოფილებელია. ყოველ შემთხვევაში, ფასების ზრდის ტენდენცია შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან იმპორტი შეწყდა და ნავთობპროდუქტები ქვეყანაში ალტერნატიული ბაზრებიდან შემოდის, ამ პროცესს ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ მოჰყოლია, როგორც ამას ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობდა.

რაც შეეხება გლობალურ ბაზრებზე არსებულ ვითარებას. რამდენიმე კვირის წინ 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 92 დოლარს შეადგენდა და ამ დროისთვის კი 86 დოლარის ფარგლებშია. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის შეფასებით, სტაბილურობას ქმნის გეოპოლიტიკური ვითარება, კერძოდ ის, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის კერა მეტ-ნაკლებად ამოწურულია. შესაბამისად, რაიმე კლებას ნავთობპროდუქტების ფასის ან მარაგების მხრივ, არ უნდა ველოდოთ.

,,ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზრებზე ახლა სტაბილურობაა და საქართველოშიც ანალოგიური ვითარებაა. შეძლებისდაგვარად ვინარჩუნებთ შიდა ბაზარზე სიტუაციას. ცოტა ხნის წინ ეგონათ, რომ რუსეთის ქმედების გამო ფასები ჩამოიშლებოდა. ასე არ მოხდა. ამას განაპირობებს მსოფლიო ბაზარზე მდგრადი სიტუაცია. დიდი რყევები არ არის და არც ჩვენ გვემუქრება საფრთხე ფასებისა და მიწოდების კუთხით. ამ ორ ფაქტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ჩვენ არ ვართ მწარმოებელი ქვეყანა და გარე ბაზრებზე ვართ დამოკიდებული.

ახლა მთავარია, არსებული მოცემულობა დიდხანს გაგრძელდეს. მსხვილი ბრენდირებული კომპანიების მხრიდანაც ითქვა, რომ სტაბილურობა მიღწეულია და მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. არაბეთის ზოგიერთმა სანავთობო ქვეყანამ შეამცირა ნავთობის მოპოვება და გადამუშავება. მათ შორის რუსეთმა. მათ ჰქონდათ მოლოდონი, რომ ფასების პრობლემა შეგვექმნებოდა, რაც არ გამართლდა", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა და დასძინა, რომ მცირე რყევები, რაც ადგილობრივ ბაზარზე შეინიშნება, საგანგაშო არ არის და მოკლევადიან პერსპექტივაში ამ კუთხით არანაირი საფრთხე არ არსებობს.

,,მივესალმები ნავთობპროდუქტების იმპორტიორ კომპანიებს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნეს სტაბილურობა. მცირე ბიჯებით სხვაობა დიდ ამინდს არ ქმნის, თუმცა იყო ნეგატიური განწყობა და უარყოფითი მოლოდინი, რასაც იწვევდა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა. დღეის მდგომარეობა დამაიმედებელია. არც არავის აწყობს დაძაბულობა და ესკალაციები, მაგრამ რა იქნება მომავალში, არავინ იცის", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან იობაშვილმა და ყურადღება საწვავის ხარისხზეც გაამახვილა.

მისი განცხადებით, რაც უფრო ხშირი იქნება კონტროლი ხარისხზე, მით უკეთესი შედეგი მიიღწევა, ამიტომ მონიტორინგი გასაძლიერებელია.

,,მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია და მომავალშიც განისაზღვრება საწვავის ხარისხი, მაგრამ ერთია სტანდარტი და მეორეა, რა იყიდება რეალურად და რა ხარისხის საწვავი ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურში. წინა პერიოდში ამ კუთხით გარკვეული პრობლემა იყო, ვინაიდან დარღვევები გამოაშკარავდა. მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით და ყურადღება არ მოდუნდეს.

ზოგადად, დიზელის საწვავის გამოყენების აკრძალვა გამორიცხულია, რადგან სწორედ დიზელს მოიხმარს სატრანზიტო გადამზიდველი სატრანსპორტო საშუალებები, სასოფლო-სამეურნეო თუ სამხედრო ტექნიკა და ა.შ. მაგრამ თუ უხარისხო პროდუქციის შემოტანაზეა საუბარი, ამის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხმდებით. გარდა იმისა, რომ გარემოს აბინძურებს, არასტანდარტული, უხარისხო საწვავის რეალიზაცია კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრობლემასაც აჩენს, იმედია, ამ მიმართულებითაც დაიძლევა პრობლემა და გამოწვევას გავუმკლავდებით“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

რაც შეეხება ფასებს, აღსანიშნავია, რომ ბაზარზე სტაბილურობა და არსებული მდგომარეობა კონკურენციის სააგენტოს მხრიდანაც დადაბითად შეფასდა. უწყების ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის  პირველი კვარტალის მდგომარეობით, საწვავის ფასი არის სამართლიანი და სრულ თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან. ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტო მონიტორინგს კვლავაც აგრძელებს.

„ფასების დადგენა საწვავზე არასდროს ყოფილა დღის წესრიგში, არც მომავალში იქნება, რადგან აქ არის თავისუფალი ფასწარმოქმნა და ამ მიდგომის გადახედვას არავინ აპირებს. დღეს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ახორციელებს საწვავის ბაზრის მონიტორინგს, ეს არის დიზელ-ბენზინის ბაზარი. 15 მარტის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს პირველადი შედეგები, რომლის მიხედვითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთიდან საწვავის იმპორტი არის პროცენტულად შემცირებული.

ადგილობრივი ფასები არის ამ ეტაპზე კონკურენტუნარიანია და ის თანხვედრაშია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან და მსოფლიო სავალუტო კურსთან. ჩვენ ვუყურებთ სხვადასხვა კომპანიების მარჟას და მის გავლენას იმ ფაქტორებზე, რომელიც ფასწარმოქმნაზე ახდენს გავლენას. ჩვენი დაკვირვებით, ამ ეტაპზე არასაბაზრო ან არაკონკურენტული არაფერი შეინიშნება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე