არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ, როგორც კი პოლიტიკური ციებ-ცხელება ჩაივლის, ეს საკითხი პირდაპირ დაისვას
ქეთო გოგოხია
(04.03.2024)

უმაღლეს სასწავლებლებში ცვლილებების ახალი დიდი ეტაპი იწყება. საწყის ეტაპზე ეს ეხება სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობას და ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესს სამაგისტრო პროგრამის მსურველებისთვის. შემდეგი ეტაპი შეიძლება გახდეს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გადასახადების გაზრდის საკითხი, რაც შეიძლება გადაიხედოს. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტარიფების თემა მომწიფებულია და დგას განათლების სამინისტროს დღის წესრიგში, თუმცა კონკრეტულად როდიდან იქნება ამისთვის სახელმწიფო მზად, ჯერჯერობით არ კონკრეტდება.

არ არის გამორიცხული, არჩევნების შემდეგ, როგორც კი პოლიტიკური ციებ-ცხელება ჩაივლის, ეს თემა გააქტიურდეს. მით უმეტეს, როგორც ,,ბიზნეს-რეზონანსისთვის" გახდა ცნობილი, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებმა გარკვეული რეკომენდაციით რამდენიმეჯერ მიმართეს განათლების სამინისტროს და ითხოვეს, რომ მცირედით გაიზარდოს გადასახადი, რაც მოხმარდება სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას და პროფესორ-მასწავლებლების ხელფასების ზრდას. სავარაუდოდ, სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც იგეგმება, რაც საბოლოოდ ხარისხის ამაღლებისკენ იქნება მიმართული.

რაც შეეხება უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ამ თემაზე რამდენიმე დღის წინა ისაუბრა. ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამის გავლის შემთხვევაში სტუდენტები სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებას ვერ შეძლებენ, თუმცა ასეთ სპეციალობებზე მოსახვედრად ეროვნული გამოცდების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება.

,,გვინდა ძალიან მოქნილი ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა შემოვიტანოთ, რომელსაც ბუნებრივია, თავისი შეზღუდვები ექნება. მაგალითად, ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამით სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარება არ იქნება შესაძლებელი. ესეც ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბიზნესის და მენეჯმენტის მიმართულებებისთვისაა დადგენილი, თუმცა ახლავე არ გამოვრიცხავთ, რომ სხვა მიმართულებებიც გავხსნათ", - აღნიშნა ამილახვარმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო პროგრამებს უნივერსიტეტები სტუდენტებს ქართულ და ინგლისურ ენებზე შესთავაზებენ. იგეგმება დისტანციური, “ონლაინ” განათლების კანონპროექტის დანერგვაც, რაც საქართველოზე, როგორც “უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო ჰაბზე”, უცხოელი სტუდენტების მხრიდან მოთხოვნას გაზრდის.

ფაქტზე, რომ განათლების ხარისხის ამაღლება დაბალი გადასახადის პირობებში შეუძლებელია. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტის საბჭოს წევრი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ თოქმაზიშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სწორედ ამაზე ამახვილებს ყურდაღებას. მისი ინფორმაციით, განათლების სამინისტროში ეს საკითხი დღის წესრიგში დგას და დროთ განმავლობაში აუცილებლად მოხდება კორექტირება ზრდის მიმართულებით.

,,რამდენადაც ვიცი, ეს საკითხი მომწიფებულია. დღევანდელი გადასახადი განსაზღვრულია რამდენიმე წლის წინ, მაგრამ მოძველებულია, არაფერს აძლევს სისტემას, ამიტომ თავიდან უნდა განისაზღვროს. ალბათ, შესაბამისად გადაწყვეტს სახელმწიფო. გადასახადის გაზრდა განსაკუთრებით პროფესორ-მასწავლებლებს  სჭირდებათ, სწორედ ტარიფზეა მიბმული მათი სტიმულირება, სამეცნიერო ნაშრომი იქნება თუ სასწავლო მუშაობა.

როდესაც უნივერსიტეტებს ყოველდღიური ოპერაციული ხარჯი აქვთ, ასეთ ასპექტში ხელფასები მატების შესაძლებობა შეზღუდულია. ეს კი  ქმნის ანტიმოტივაციას, რათა ლექტორებმა კვლევები აწარმოონ და მით უმეტეს, რომ  ამ კვლევებში თითქმის არაფერს იხდიან. ამ დროს თუ არ ტარდება კვლევა, ვერც ცოდნა შედის აუდიტორიებში, ისევ და ისევ ძველი, განმეორებითი ცოდნა მიდის სტუდენტებში. ამდენად, მნიშვნელოვანი პრობლემაა სწავლის გადასახადი, რასაც სჭირდება მოგვარება", - განაცხადა თოქმაზიშვილმა.

მისი აზრით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლების გადასახადი უნდა მატულობდეს ეტაპობრივად, რის შესაძლებლობასაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იძლევა.

,,ის, რომ გადასახადები უნდა გაიზარდოს, ამას  ყველა ადამიანი ხედავს, რომელიც ამ სისტემასთან არის დაკავშირებული. რა მაჩვენებელი შეიძლება დაფიქსირდეს, ინდივიდუალურია -  ზოგს დიდი ჯგუფები აქვს და ნაკლები დანახარჯი, ზოგან,  მცირე ჯგუფებია და მათი დანახარჯი ერთ სტუდენტსა და ლექტორზე მეტია. რამდენი ფულიც არ უნდა ჩადო, ის არ არის  ხოლმე საკმარისი.

განათლების სფეროში ეტაპობრივად უნდა ხდებოდეს ზრდა იმის მიხედვით, როგორ განვითარდება ეკონომიკა. ამჯერად რა მოხდება არჩევნების შემდეგ თუ მანამდე, ეს სხვა უწყების საქმეა და აქ კომენტარს ვერ გავაკეთებთ", - დასძინა მიხეილ თოქმაზიშვილმა.

განსხვავებუილი პოზიცია აქვთ ექსპერტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ არასწორი მიდგომაა როგორც სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით, ასევე გადასახადების მიმართულებითაც, სანამ ძირეული რეფორმა არ მოხდება. აკადემიკოსი ზურა ვახანია ყურადღებას სტუდენტების რაოდენობის შემცირებაზე აკეთებს. მისი აზრით, უნივერსიტეტების ნაწილი პროფსასწავლებლად უნდა გადაკეთდეს, რის გარეშეც შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა ვერ დასტაბილურდება.

,,ყველაზე კარგია, ამდენი სტუდენტი არ იყოს უმაღლეს სასწავლებლებში და  პროფელიულ კოლეჯებში გადანაწილდეს. ხშირ შემთხვევაში კურსდამთავრებულები იღებენ  ფარატინა დიპლომებს და არ აქვთ ცოდნა. ამიტომაც სწორი იქნება რამდენიმე უმაღლესი  სასწავლებელი კოლეჯებად გადააკეთონ, მაგრამ  არაპოპულარული ნაბიჯი იქნება და მთავრობა ამიტომაც ერიდება. ამ დროს ათასობით ახალგაზრდისთვის უნივერსიტეტში გატარებული დრო ტყუილად წყალში გადაყრილი ფულია. რაც ნაკლები სტუდენტი გვეყოლება, მით გაუმჯობესდება სწავლების ხარისხი, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ საპირისპირო ნაბიჯი იდგმება.

საბჭოთა პერიოდში 8000 სტუდენტი აბარებდა, ახლა 35 000 აბარება, რაც ნორმალურზე 7-ჯერ მეტია. გამოცდები თითქმის გაუქმებულია, უმაღლესი სასწავლებლების ნაწილი ვერ უშვებს კვალიფიციურ კადრებს და სწორედ აქედან უნდა დაიწყოს, თუ შედეგის მირწევა სურთ", - აღნიშა,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ზურაბ ვახანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე