ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მკვეთრი შემცირების გამო სეპარატისტებიც კი შეშფოთდნენ
ირმა ჩიტაია
(29.02.2024)

აფხაზეთიდან, კერძოდ გალის რაიონიდან ქართული მოსახლეობა გადინების პროცესი დღითი დღე თვალში საცემი გახდა. ამ გარემოებამ თვითონ თვითმარქვია გალის რაიონის ხელმძღვანელობაც კი დააფიქრა. ისინი პრობლემაზე ხმამაღლა ალაპარაკდნენ.

ოკუპირებული გალის რაიონის ხელმძღვანელი კონსტანტინ ფილია ცალსახად საუბრობს რაიონში არსებულ რთულ ვითარებაზე. ე.წ. პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრაზე ფილიამ აღნიშნა, რომ 2011 წლის აღწერით, გალის რაიონში 30 000 ადამიანი ცხოვრობდა, საიდანაც 7000 ქალაქ გალის მცხოვრები იყო. ბოლო წლებში კი ვითარება შეიცვალა. მოსახლეობის გადინება 2015 წელს დაიწყო. მიზეზად კი დოკუმენტების მიღების სირთულე სახელდება. გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელის მტკიცებით, ამ მხრივ ვითარება გამოსწორებულია, თუმცა მოქალაქეები შვილებს უკეთესი პერსპექტივისთვის სხვადასხვა მიმართულებით გზავნიან.

გალის რაიონში მცხოვრები ქართველების მდგომარეობა, რომ მძიმეა, ამაზე ადგილობრივები წლებია საუბრობენ. მიუხედავად სირთულისა, საკუთარი კარმიდამოს დატოვება მაინც უმძიმდათ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე,  სიცოცხლის რისკის ფასად ცხოვრება განაგრძეს. ადგილობრივებს, უამრავ პრობლემასთან ერთად, ოკუპანტებმა საბუთების სირთულეც შეუქმნეს და ცხოვრება ჯოჯოხეთად უქციეს.

საინეტერსოა, რა პრობლემას შექმნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ქართული მოსახლეობის გადინება. პროცესმა თუ შეუქცევადი სახე მიიღო, ვინ ჩაანაცვლებს ქართველებს.  აფხაზეთის ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელის ირაკლი განცხადებით, რთული ცხოვრების პირობები და უპერსპექტივობა ახალ თაობას იქ ცხოვრების მოტივაციას უკარგავს. ამას თან ერთვის ე. წ. ბიუროკრატიული სირთულეებიც. ამდენად, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ქართველი საკუთარი მიწა-წყლიდან აიბარგოს.

,,ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში ცხოვრების არანაირი პირობები არაა. ამას თან ერთვის ისიც, რომ იქ მცხოვრები ქართულენოვანი მოსახლეობისთვის საბუთები და დოკუმენტაცია ხელმიუწვდომელია. ამიტომ გამოდიან და აქ მკვიდრდებიან.

თვითმარქვია ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია გალის ქართველობა. ვერ ხერხდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ოჯახებიც ფიქრობენ ახალგაზრდა თაობას ხელი შეუწყონ და გამოუშვან. არც დარჩენილებისთვისაა სახარბიელო ცხოვრების პირობები. სამწუხაროდ, უფროსი თაობის რიცხვიც თანდათან მცირდება და მათ რაოდენობაც იკლებს.

ფილიას ამ განცხადების გაკეთებისთვის რა მოტივი ჰქონდა ვერ გეტყვით. ნაკლებად სარწმუნოა ის, რომ ქართველების სიმცირემ შეაწუხოს. პროდუქციას, ძირითადად, გალის მოსახლეობა აწარმოებს და ეტყობა პრობლემები შეექმნათ. არაა გამორიცხული, რომ ეს განაცხადიც სწორედ ამ კუთხით ყოფილიყო გაკეთებული", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ცხადია, მოსახლეობის შემცირება, პირველ რიგში ურტყამს ეკონომიკას. ის პროდუქტი, რომელიც იყიდება და რის შედეგადაც ბიუჯეტში  გადასახადები შედის, იკლებს.

"მთავარი ისააა, რას აკეთებენ გაუარესებული მდგომარეობის გამოსაასწორებლად? არაფერს!  მათთვის გალის ტერიტორია, სამხედრო თვალსაზრისით, ბუფერული ზონაა. მხოლოდ ეს ადარდებთ. საკუთარ უსაფრთხოებაზე დარდობენ. ქართველების მომავალi კი არა, თვითონ აფხაზების ბედიც არავის ადარდებს. ამაზე მოწმობს უკანაკნელ პერიოდში მიღებული კანონპროექტებიც. იქ არსებული მდგომარეობა, თვითონ აფხაზი მოსახლეობის ინტერესებსაც აზარალებს. ასეთ მდგომარეობაში რა პერსპექტივაზე უნდა იყოს საუბარი", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" ცქიტიშვილმა.

ოკუპირებულ რეგიონში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს ადგილობრივი ქართველობაც. მათი ყოფა ყოველდრიურად მძიმდება. უკეთესის მოლოდინში გადის წლები, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი პირიქით ხდება და ბოლო წლები იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის გაუსაძლისი გახდა.

,,ურთულეს პირობებში გვიწევს ცხოვრება. ამ მდგომარეობას ყველაზე მეტად ახალგაზრდობა განიცდის და გარბიან კიდევაც. დაცლილია სოფლები. ყველა გარბის, ვისაც საშუალება ეძლევა. უმეტესწილად საქართველოს ტერიტორიაზე გადადიან და იქიდან ბევრი საზღვარგარეთ, ევროპის ქვეყნებშიც მიდის. აქ, ძირითადად, მოხუცები და შუახნის ასაკის ხალხი ვართ.

გვიძნელდება ჩვენი ნაშრომის მიტოვება, თუმცა ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. არ გვაძლევენ საბუთებს. ადგილზე არაა ნორმალური სამედიცინო მომსახურება. ბევრის ავადმყოფობა ფატალურად სრულდება. არ ვიცი რომელ ერთ პრობლემას შევეხო. არა გვაქვს განათლება, სამართალზე ხომ ზედმეტია საუბარი.

დანიშნულ ადგილობრივ გამგებლებს რა ფუნქცია აკისრიათ ვერ გაიგებ. თუ სადმე შევდივართ, ყველგან რუსული ძალა იგრძნობა. ისინი არიან ყველაფრის ბატონ-პატრონები და ხმის ამოღებაც კი სიცოცხლის რისკის ფასად ხდება. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ დაგვივიწყა. გაღმაც და გამოღმაც", - განაცხადა სოფელ ოტობაიას მკვიდრმა ელისო გამახარიამ.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ფიჩორის მკვიდრი ვიკა ხუფენიაც დაცარიელებული სახლების სიმრავლეზე საუბრობს. ქუჩები სავსეა მიტოვებული სახლებით, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნასახლარებია, რაც სანახავად ძალიან მძიმეა.

,,ასეთ პირობებს ყველა გაექცევა. ჩვენი თაობაც თითზე ჩამოსათვლელი დავრჩით. ხვალ და ზეგ ესეც არ იქნება. სიცოცხლის რისკის ფასად შენარჩუნებული ქართული სოფლები თანდათან გაქრობისკენ მიდის. მე და ჩემი ოჯახი წლებია აქ ვცხოვრობთ. სამი შვილი გვყავს. ადგილობრივ სკოლაში დადიან. სწავლება რუსულენოვანია. ამ გარემოებამ თითქმის დაცალა სოფელი მოზარდებისგან. სკოლებში ძალინ მცირე კონტიგენტია. ვინც ამთავრებს, ისინი აქაურობას ტოვებენ და სასწავლებლად დედაქალაქისკენ მიდიან. აქ დაბრუნება ყველას უჭირს. მეც ვფიქრობ, შვილები, როგორც კი სწავლას მორჩებიან, აქაურობას გავარიდო.

არსებობას საბუთების არქონაც ართულებს. თითზე ჩამოსათვლელ მოსახლეობას საბუთის ასაღებად ლოდინი წლობით უწევთ. ჩააბარებენ და შემდეგ დაარბენინებენ წინ და უკან. ხმის გამცემიც არავინაა. სამართალზე და სხვა საკითხებზე საუბარი კი ზედმეტია. ნათქვამია ,,ძალა აღმართს ხნავსო", აქ ეს მიდგომაა კანონთან და სამართალთან", - უთხრა "რეზონანსს" ვიკა ხუფენიამ.

მოსახლეობა ერთმანეთის იმედითღა ცხოვრობს. უჭირთ ფინანსურადაც. რთულია მოსავლის რეალიზაცია და დიდი გაჭირვებით მოწეულ სარჩოს მიზერულ ფასად ყიდიან.

,,შუქი გრაფიკითაა, ჯანმრთელობამ თუ შეგაწუხა, მედიცინა შესაფერის დახმარებას ვერ გიწევს. თუ ვინმე ენგურს გაღმა მიდის, ყველა მას აბარებს საჭირო პროდუქტისა თუ ათასი წვრილმანის მოტანას. გალი ვერც შემოსავალს ვყიდით ხელსაყრელ ფასად. ჩვენი შრომით მოწეული პროდუქტს კაპიკებად იბარებენ, ბაზარში კი ყველაფერი ძვირია.

ვისაც როგორ შეუძლია ტოვებს აქაურობას. ჩვენს ქუჩაზე 10 ოჯახია. ზოგს სახლკარი დაუწვეს, მაგრამ ახალი ააშენეს და ახლა გამართული სახლებიც კი მიატოვეს. მხოლოდ სამ ოჯახში ცხოვრობენ, ისინიც მოხუცები, რომლებსაც ხელშეწყობა და დახმარება სჭირდებათ. ვერ გეტყვით ასე როდემდე გაგრძელდება. ალბათ მალე ეს ოჯახებიც დაცარიელდება. თუ ვინმემ არ იზრუნა მდგომარეობის გამოსასწორებლად, ეს ვითარებაც სანატრელი გახდება", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას ვიკა ხუფენიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე