"თუ აქამდე მივა საქმე, გვერდით დავუდგებით. არ გვინდა ისეთი პროექტი"
ქეთო გოგოხია
(28.02.2024)

ბახმაროში მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობის მიმართ უკმაყოფილება მწვავდება. გადაწყვეტილებას, რომ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანება მოხდეს, ეკოლოგები პრინციპულად ემიჯნებიან. ნაწილი აცხადებს, რომ სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებს, ნაწილიც საპროტესტო აქციებით იმუქრება. როგორც გარემოსდამცველები აღნიშნავენ, ეს ერთადერთი გამოსავალია, რომ  პროექტი შეჩერდეს.

საზოგადოებაში ბახმაროს განაშენიანების პროექტის მიმართ შექმნილი უარყოფითი აზრის გაქარწყლებას ამ რამდენიმე დღის წინ ,,ორბის“ წარმომადგენლები შეეცადნენ. გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, თითქოს კომპანია "ორბს" არ გააჩნია ბახმაროში მშენებლობის ნებართვა.

"ორბის" პროექტის შესაბამის სახელმწიფოებთან შეთანხმებისა და ნებართვის მიღების პროცედურა ორ ფაზად არის დაყოფილი. პროექტის პირველ ფაზასთან დაკავშირებით მიღწეულია შეთანხმება და გაცემულია შესაბამისი ნებართვა კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული მოთხოვნათა დაცვით. არც ერთი კომპანია არ წავა იმაზე, რომ მშენებლობის ნებართვა კანონდარღვევით განახორციელოს ან გენგეგმის პარამეტრს გადაუხვიოს.

აღნიშნულ პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ არსებობს, რადგან გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი საპროექტო არეალი ცდება 10 ჰა-ს. აღნიშნული საპროექტო არეალი არის 4 ჰა და შესაბამისად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ვალდებულება არ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში არც ერთი საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დადგენილია მშენებლობის წარმოების წესებში და პირობებში არ დაირღვევა", - განაცხადა კვერღელიძემ.

პროექტს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევს ურბანული განვითარების ინსტიტუტი. ისინი აპირებენ, რომ სამართლებრივად, რეკომენდაციების დონეზე დაამტკიცონ ბახმაროში მრავალფუნქციური მშენებლობის მავნებლობა და დაადასტურონ რისკები, რაც ამ პროექტის განხორციელებას უკავშირდება.

,,დოკუმენტები ხარვეზითაა მომზადებული, ამიტომ ჩვენ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ. ამ კუთხით იურისტები იმუშავებენ, ასე გავაგრძელებთ ბრძოლას. ქუჩაში არ გადავინაცვლკებთ, ეს არ არის ჩვენი სტილი, ორგანიზაცია ამ მიმართულებით  არ აქტიურობს. სუფთა ქალაქდაგეგმაერებითი კუთხით ვაპირებთ კონსულტაციების გაწევას როგორც სამოქალაქო საზოგადოების, დაინტერესების შემთხვევაში, საჯარო სამსახურებისთვის და კომპანიისთვისაც.

დღეს თუ დავუშვებთ ამ მშენებლობას, დომინოს პრინციპით განავითარებს კიდევ სხვა მსგავსი მასშტაბის მშენებლობებს. იმ სახით, რა სახითაც ვიცით დღეს ბახმარო, უკვე მომავალში იქცევა რამე სხვა დასახლებად, რომელსაც შეიძლება მხოლოდ სახელწოდება დარჩეს ბახმაროსი, მაგრამ მისი იერსახე, განწყობა, ჰაერი, სამკურნალო თვისებები - ეს ყველაფერი გაქრება.

ამ ყველაფერს მოჰყვება მწვავე  ეკოლოგიურ პროცესს კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით გარემოზე ცუდი ზემოქმედების გამო. როგორიც დღეს ბახმაროა, მომავალში ის ფიზიკურად ვერ იარსებებს“, - განუცხადა "რეზონანსს" ურბანული განვითარების ინსტიტუტის დამფუძნებელმა ანი ბიბილაშვილმა.

გარემოს დამცველების ნაწილს კი იმედი აქვს, რომ წინააღმდეგობა გამწვავდება და მზად არის ამისთვის კანონით არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს, მათ შორის, ქუჩაშიც გავიდნენ და ასე დაიცვან უნიკალური კურორტი განადგურებისგან. პროფესიით ეკოლოგი და პოლიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი საზოგადოებისგან მხარდაჭერას ელოდება.

,,სრულად მიუღებელია ბახმაროს ჩაბეტონება. ის მიდგომა, რაც საქართველოს ყველა ქალაქს და კურორტს შეეხო, აქაც უნდათ, მაგრამ არ გამოუვათ. ბახმარო ერთადერთი თითქმის ხელუხლებელი მთის კურორტია და  მისი განადგურება დაუშვებელია. ,,ორბის“ პროექტი არ შეესაბამება მდგრადი განვითარების პრიინციპებს, ეს იქნება ცალკეული კომპანიის და ხელისუფლების შემოსავლების კორუფციის წყარო და მეტი არაფერი, რადგან  განვითარებასთან არაფერი აქვს საერთო, მხოლოდ გაჩანაგებას ემსახურება.

წინააღმდეგობა სახეზეა, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ პროტესტი გამარჯვებით დასრულდება. ,,ორბი ჯგუფი“ ვერ შეძლებს  ბახმაროს დამართოს იგივე, რაც ბათუმს და ბაკურიანს გაუკეთეს. როგორც ეკოლოგი და პოლიტიკოსი, წინააღმდეგობის მოძრაობაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. მოსახლეობის პოზიცია არის მნიშვნელოვანი, რაც უკვე სახეზეა.

ყველა ზომას  გამოვიყენებთ რაც კანონით დასაშვებია. დარწმუნებული ვარ, არც აქტიური წინააღმდეგობას დააკლებენ გურულები და არავის მისცემენ საშუალებას, რომ ჩვენი ჰაერი და უსაფრხოება მოიპარონ. ეს იქნება საქართველოს მომავლის წინაშე ჩადენილი დანაშაული, რადგან ამით იკარგება გაცილებით დიდი, არა მხოლოდ ეკოლოგიური პოტენციალი, არამედ ეკონომიური  განვითარების შანსი. მიღებული სარგებელი არაფერია იმასთან, რაც შეიძლება ბახმარომ თავისი ადეკვატური განვითარებით მოუტანოს რეგიონის მოსახლეობას“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჩხარტიშვილმა.

ბახმაროში მასშტაბურ მშენებლობას მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება. ოზურგეთში, სოფელ ნატანებში მცხოვრები ინგა სიორიძე ამბობს, რომ ადგილობრივები უზარმაზარი სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებენ და თუ საჭირო გახდა, საკუთარ პოზიციას ნებისმიერი საშუალებით გამოხატავენ.

,,წარმოუდგენელია ვინმეს ბახმაროს იერსახის დამახინჯება მოიწონოს და დადებითი აზრი გამოხატოს. თუ განვითარება უნდათ, სხვანაირად და სხვა საშუალებით შეუწყონ ხელი ადგილობრივ მოსახლეობას. სასტუმროს მშენებლობა არ არის გამოსავალი. დიდი ამბავი, თუ ადგილობრივებს დაასაქმებენ, ამაზე შორს არ მიდის ის სარგებელი, რაც შეიძლება რამდენიმე ადამიანმა მიიღოს და კურორტის განადგურებად ღირდეს.

ჯერჯერობით არ მსმენია, ვინმე აქციებს აწყობდეს და ასე ცდილობდეს ბახმაროს დაცვას, მაგრამ თუ აქამდე მივა საქმე, გვერდით დავუდგებით. არ გვინდა ისეთი პროექტი, რომელიც ეკოლოგიას გაანდაგურებს და ბახმაროს განვითარების შანსს მოუსპობს, რაც შეგვეძლება, ჩვენს ინტერესებს დაციცავთ“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ ნატანების მკვიდრმა.

პროექტის პრეზენტაცია უკვე შედგა. სასტუმროს მშენებლობის დასაწყებად, ფაქტობრივად, საზოგადოების პროტესტის ფონზე ემზადებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე