"ვერსად ვნახე შეფასება, რომ ენერგეტიკის სამინიტროს გაუქმებით საქართველოს ბიუჯეტმა რა შეღავათი მიიღო ან რა სიკეთე მოგვიტანა"
გვანცა წულაია
(13.02.2024)

ქვეყანაში ენერგეტიკის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტად არის დასახელებული და ამ დროს საქართველოს შესაბამისი სამონისტროც კი არ გააჩნია. 7 წლის წინ გაუქმებული უწყების აღდგენაზე საუბრობენ ენერგეტიკოსები და ამბობენ, რომ სტრუქტურის არსებობა აუცილებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში დარგის განვითარება უფრო დაჩქარდება, ხოლო ქვეყანა სრულ ენერგოდამოუკიდებლობამდე მივა.

ენერგეტიკის სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, 2017 წელს გააუქმდა და ის ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარა. ენერგეტიკის მიმართულებას ეკონომიკის სამინისტროში 2022 წლიდან მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ხელმძღვანელობდა და ახლა მინისტრმა გადაიბარა.

სამინიტროს არარსებობის პირობებში ქვეყანის მთავრობამ ერთ-ერთი პრიორიტეტად ენერგეტიკა დაასახელა. ქვეყნის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკაა ენერგეტიკის სფეროს პრიორიტეტულობა და ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური განვითარება.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმ მიზნის მისაღწევად, რომ ქვეყანა ენერგოდამოუკიდებელი და ნეტო-ექსპორტიორი გახდეს და ის მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებიც ბოლო წლებშია, არათუ შენელდეს, არამედ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გაგრძელდეს და იმ მიზნებს მივაღწიოთ, რაც დასახული გვაქვს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება ცალკე უწყების არსებობის საჭიროებას, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ სწორად ხდება დარგის მართვა, ამაზე მეტი შედეგის მიღწევა ენერგეტიკისთვის შეუძლებელია, როდესაც ის არის ძალიან ძლიერი სამინისტროს ნაწილი.

„ეს ამარტივებს კოორდინაციას სხვადასხვა უწყებასთან. ამა თუ იმ სექტორის განვითარებას სჭირდება ბევრი მომიჯნავე სფეროსთან კოორდინაცია, იქნება ეს სახელმწიფო ქონების განკარგვის საკითხები და სხვა. ეს ყველაფერი საჭიროებს ძლიერ პორტფელში ყოფნას”, - დასძინა მინისტრმა. 

განსხვავებული ხედვა აქვთ ენერგეტიკოსებებს, რომლებიც თავიდანვე იყვნენ სამინიტროს გაუქმების წინააღმდეგნი. ენერგეტიკოსი გია არაბიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც სტრუქტურის დამოიკიდებლობის მომხრეა. მისი აზრით, ერთ-ერთი უმსხვილესი და პრიორიტეტული დარგის მაკოორდინირებელი უწყების გარეშე არსებობა არასწორია.

"ენერგეტიკა არის ქვეყნის პრიორიტეტული დარგი? - არის! წლების განმავლობაში დათვლილი ინვესტიციების 60%-ზე მეტი ენერგეტიიკის დარგის მიერ იქნა შემოტანილი საქართველოში? - დიახ! ყველგან ვამბობთ და ვწერთ, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობაც. ერთ-ერთი უმსხვილესი და პრიორიტეტული დარგი სამინიტროს გარეშე არ არის სწორი, რადგან ამ მიმართულებით მომავალშიც მთავარი და მნიშვნელოვანი იქნება ინვესტიციების შემოსვლა და განვითარება. 

ვერსად ვნახე შეფასება, რომ ენერგეტიკის სამინიტროს გაუქმებით საქართველოს ბიუჯეტმა რა შეღავათი მიიღო ან რა სიკეთე მოგვიტანა. მესმის, პატარა ეკონომიკის ქვეყანა ვართ და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა მიმართუებით გვქონდეს სამინისტრო, მაგრამ ამ უწყების გაუქმებამ რა რაოდენობის თანხა დაზოგა?

კანდიდატის სტატუსიდან და ენერგეტიკული გაერთიანებიდან გამომდინარე, ჩვენ უამრავი ღონისძიება გვაქვს გასატარებული, მარტო 26 კანონქვემდებარე აქტია მისაღები და ყოველივე ამას ბუნებრივია უფრო სწრაფად და მაღალი ხარისხით გააკეთებს დამოუკიდებელი სამინიტრო.

ასე პირდაპირ არ შემიძლია ხაზის გავლება, სამინიტრო რომ ყოფილიყო პირობითად "ხუდონი” და "ნამოხვანი” აშენდებოდა. ის, რომ სამინიტროს უფრო აქტიურად შეუძლია საქმის კეთება და ინვესტიციების მოძიება, ეს ფაქტია. უამრავი საქმეა მოსაგვარებელი და 10-15-კაციან დეპარტამენტში, რაც ეკონომიკის სამინიტროშია, ეს ვერ ხერხდება. ამიტომ დამოუკიდებელი უწყება აუცილებელია”, - განუცხადა არაბიძემ "რეზონანსს”.

საქართველოს უამრავი პროტესტი ახსოვს ჰესების წინააღმდეგ და სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო, ქვეყანაში არაერთი მშენებლობაა შეჩერებული. არადა, ამ დროს, ენერგეტიკის განვითარებასა და ენერგოდამოკიდებლობაზე კეთდება აქცენტი. ენერგეტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ სტრუქტურის ჩამოყალიბებამ შესაძლოა, მეტი ნდომა გააჩინოს საზოგადოებაში და პროტესტით, რომელიც ჰესების წინააღმდეგაა, მინელდეს.

ენერგეტიკოსს ანზორ ჭითანავას განცხადებით, სამინიტროს აღდგენა და მინიტრის დანიშვნა არაფრის მომცემი იქნება, თუ არ შეიქმნება ანალიტიკური ცენტრიც და არ განხორციელდება სამეცნიერო კვლევითი პროექტები.

"ენერგეტიკის სამინისტრო იმდენად აუცილებელია, რომ უწყებას უნდა ჰქონდეს სტრუქტურა, ანალიტიკური ცენტრი, რომელიც ენერგეტიკულ პოლიტიკას, პერსპექტივას და განვითარებას განსაზღვრავს და შესთავაზებს ხელისუფლებას. თუ ეს ყველაფერი არ იქნა, სამინიტროს შექმნა, მინისტრისა და სამი მოადგილის დანიშვნა, არაფრის მომცემია. ეს იქნება ადგილის ტყუილად დაკავება და სხვა არაფერი.

ის შეცდომა, რაც დაუშვა ხელისუფლებამ და გაანადგურა ჩვენი ენერგეტიკა, მოშალა ყველა კვლევითი სამეცნიერო-საპროექტო დაწესებულბები და სხვა, უნდა გამოასწოროს. ენერგეტიკა ყველას სჭირდება. ენერგია თუ არ იქნა, არ იქნება ეკონომიკა. ეკონომიკა თუ არ იქნება ყოფა-ცხოვრება არ იქნება, არც სოციალური განვითარება და ა.შ. საქართველოს ძირითადი რესურსები გააჩნია და შეიძლება რომ არ ჰქონდეს სამეცნიერო ან კვლევით ცენტრი, რომელიც ამ რესურსების გამოყენების პერსპექტივაზე და შესაძლებობებზე იმუშავებს?

ყველგან დარჩა ასეთი სტრუქტურა და მით უმეტეს, საქართველოშია აუცილებელი, რადგან ქვეყანას დიდი პრობლემა უდგას წყლის, ქარის, გეოთერმიული წყლების რესურსებთან გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს ყველა პროლემა ჩვენთან სახეზეა, მაგრამ პატრონი არ ჰყავს”, - განუცხადა "რეზონანსს” ანზორ ჭითანავამ.

ენერგეტიკის სამინიტროს აღდგენაზე საუბრობს ბიზნესიც. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძემ მიიჩნევს, რომ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისთვის, საქართველოს აუცილებლად დასჭირდება ინსტიტუციონალური გაძლიერება და ეს შეიძლება იყოს ენერგეტიკის და კლიმატის სამინისტრო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

„ვფიქრობ, რომ ცალკე ენერგეტიკის სამინისტროზე შეიძლება არ ვიფიქროთ, მაგრამ ვიფიქროთ ენერგეტიკის და კლიმატის სტრუქტურაზე. ენერგეტიკისა და კლიმატის ერთიანი სამოქმედო გეგმა იმდენად სერიოზულ გამოწვევას შექმნის მომავალში ეკონომიკაში, თუ დროულად არ მოვემზადეთ, სერიოზული პრობლემები გველის წინ უახლოესი 5-10 წლის პერსპექტივაში. ვფიქრობ, ენერგეტიკის და კლიმატის სამინისტრო არის ის, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს და ჩვენც ალბათ დაგვჭირდება“, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე