2025 წლის ივნისამდე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს
გვანცა წულაია
(07.02.2024)

თბილისის შემდეგ, ტაქსების რეფორმის ჩატარება იგეგმება რეგიონებშიც. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია, რომელსაც საავტომობილო სფეროს სპეციალისტების ნაწილი იწონებს, მეორე ნაწილს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს. მათი პოზიციით, დედაქალაქში გატარებულმა რეფორმამ უსაფრთხოება ვერ აამაღლა და იგივე მოხდება სხვა ქალაქების შემთხვევაშიც.

მუნიციპალიტეტების შიგნით, გარდა დედაქალაქისა, მინივენების და სხვა ტაქსების მიერ მგზავრების გადაყვანა კანონით დარეგულირდება. პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რაც აღნიშნულ საკითხს ახლებურად მოაწესრიგებს.

კანონპროექტის მიღების შედეგად ნებართვას დაექვემდებარება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების საქმიანობა, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებში მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (მ1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას.

ნებართვა გაიცემა არანაკლებ 1 წლის ვადით, ნებართვის გაცემის უფლებამოსილება კი ენიჭება მუნიციპალიტეტის მერს ან მის მიერ უფლებამოსილ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს.

მუნიციპალიტეტებს (გარდა დედაქალაქისა) 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, რომ უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით ტაქსით (მ1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.

სანებართვო პირობების დარღვევით მგზავრების გადაყვანა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 და 200 ლარის ოდენობით. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტრო, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

თბილისის მერიამ ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო, რის შემდეგაც მძღოლებს ავტომობილის ლიცენზიის აღება, ტექნიკური ინსპექტირების გავლა, მანქანის თეთრად გადაღებვა და სხვა ვალდებულებები დაეკისრათ. მსგავსი მიდგომა იქნება მუნიციპალიტეტების შემთხვევაშიც.

როგორც საავტომობილო სფეროს სპეციალისტი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რეფორმის გატარება ყველაგან საჭირო არ არის და გააჩნია, მუნიციპალიტეტის ზომას, სიდიდეს, მასშტაბს.

"ზოგადად, თბილისის მაგალითს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ტაქსის რეფორმამ ეს სფერო დედაქალაქში გაცილებით მოწესრიგებული გახადა უსაფრთხოების კუთხით, საპარკინგე ადგილების გამოყოფის მიმართულებით და სხვა. საერთოდ, დიდ ქალაქებში ტაქსის რეგულირება საჭიროა, ასეთი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში.

ჩვენთან, პირველ რიგში, საქალაქთაშორისო გადაყვანების მოწესრიგებაა მნიშვნელოვანი. თვითონ ქალაქის შიგნით კი მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, როგორი ტიპის რეფორმა გატარდება, მაგრამ მე მგონი, ყველგან აუცილებელი არ არის. ქალაქის სიდიდესაც გააჩნია.

საერთოდ, ზედმეტი რეგულაცია არ არის საჭირო, მაგრამ გააჩნია, მუნიციპალიტეტის ზომას, მოსახლეობის რაოდენობას, თუმცა საპარკინგე პოლიტიკა რომ მოსაწესრიგებელია ყველა მუნიციპალიტეტში, ამის ცალსახად თქმა უკვე შემიძლია”, - განუცხადა "რეზონანსს” გელა კვაშილავამ და დასძინა, რომ მუნიციპალიტეტებმა რეფორმით მიღებული დამატებითი შემოსავალი შეიძლება გამოიყენონ ავტობუსების ან ქვეითთა ინფრასტრუქრის მოწესრიგებაზე.

ექსპერთა დიდი ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ სფერო მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელია, თუმცა, როგორ სატრანსპორტო დარგის კიდევ ერთმა სპეციალისტმა რობერტ იანტბელიძემ განაცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანია მომსახურებისა და უსაფრთხოების ამაღლება და სრულიად უმნიშვნელოა, რა ფერის იქნება ტაქსი.

"ტაქსის რეფომის წინააღმდეგი ვიყავი თავიდანვე და არ ვუჭერდი მხარს, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თბილისში დაიწყეს რეგულაციებზე საუბარი, ტაქსების ფერის გამო. გასაგებია, რომ სპეცტრანსპორტს - სასწრაფოს, სახანძროს, პოლიციას უნდა ჰყავდეს ერთი ფერის ავტომობილები, მაგრამ ტაქსებთან დაკავშირებით რა აკვიატებული აზრია, რომ მაინც და მაინც თეთრი ფერის იყოს? რატომ არ შეიძლება სიტყვაზე ლურჯი ან მწვანე? მაინტერესებს, ტაქსების გადაღებვა რითი აუმჯობესებს დამოკიდებულებას კლიენტებთან მიამართებაში?

თუ მართლა საზოგადოებასა და მგზავრებზე ფიქრობენ, მაშინ ტაქსის მძღოლებს ჩაუტარონ ელემენტარული კურსები. ბევრმა მძღოლმა არც კი იცის კლიენტის სასურველი მისამართი და ამ დროს მანქანის გადაღებვა რაში ეხმარება მგზავრს? დამატებითი წვალების გარდა, თეთრ ფერად გადაღებვაში სხვა ვერაფერს ვხედავ. ამიტომ მე ამის მომხრე აქ ვარ და თუ ხალხის მომსახურებასა და კულტურის ამაღლებაზე ვსაუბრობთ, მაშინ, ტაქსისტებს ასწავლონ და შესაბამისი გამოცდა ჩაუტარონ.

ტაქსის მძღოლებისგან ვიცი, რომ მანქანების თეთრად გადაღებვა სერვისს არ აუმჯობესებს. სერვისი არის ის, როდესაც მძღოლი გამოიყურება კარგად, მისამართების იცის ზუსტად, მანქანა არის მოვლილი, კარგ მდგომარებაში, სისუფთავე და უსაფრთხოება დაცულია. ეს ჩამონათვალია სერვისი, თორემ კლიენტი თეთრი ფერის ტაქსში ჩაჯდება, თუ ყვითელში სულ ერთია, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ის ჩამონათვალი, რომელიც ზემოთ დავასახელე.

ავტობუსის და ტაქსის მძღოლებმა არ იციან საგზაო მოძრაობის წესები. გადაღებვის პრობლემა იმ შემთხვევაში არ წარმოიქმნება, თუ იქნება მომსახურებისა და უსაფრთხოების საკითხები ამაღლებული, ამიტომ სჯობხ ამას მიხედონ”, - განუცხადა "რეზონანსს” რობერტ იანტბელიძემ.

რაც შეეხება კანონპროექტში მინივენების მიმართულებას, როგორც ინიციატორები განმარტავენ, მისი მიღების მიზეზია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (მ1 კატეგორია, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება) მგზავრთა გადაყვანის ორგანიზება, რაც ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დაგეგმილი რეფორმის მიმართულებით მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი გამოწვევა არის ავტოსადგურებში არსებული არასახარბიელო მდგომარეობა და არარეგისტრირებული პირები (ე/წ „ხიშნიკები“), რომლებიც ავტოსადგურების გვერდის ავლით ახორციელებენ მგზავრთა გადაყვანას (ხშირ შემთხვევებში მინივენის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით). რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს აღნიშნული პრობლემებს, თუმცა, ზოგადად ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მოწესრიგების მიზნით აუცილებელია ერთიან ჭრილში იქნეს გადაწყვეტილი მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით (მ1 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანის და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეგულირება, რათა ტაქსების მოუწესრიგებელი საქმიანობა რეფორმის განხორციელებისათვის არ გახდეს დამაბრკოლებელი ფაქტორი“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე