"გადასახადის შემოღება წისქვილების ინტერესია, ადგილობრივ მარცვლეულს მაინც არ იბარებენ და ჩვეულებრივი იმპორტიორები არიან"
გვანცა წულაია
(06.02.2024)

მეხორბლეები ფქვილის იმპორტზე დაწესებული გადასახადის გახანგრძლივებას ითხოვენ, თუმცა ფქვილის შემომტანები უკმაყოფილებას ვეღარ მალავენ. მათი აზრით, შემუშავებული მექანიზმი არასწორია და ამ გზით არაფერი არ გვარდება გარდა იმისა, რომ ხორბლის იმპორტიორები სასათბურე პირობებში აღმოჩნდნენ. სხვა პოზიცია აქვთ თავად მეხორბლეებს, რომლის უკანაც ძირითადად წისქვილკომბინაები დგანან.

ფქვილის იმპორტზე დაწესებულ გადასახადს ვადა თვის ბოლოს გადის, თუმცა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საპირწონე გადასახადის ვადის გახანგრძლივებას ითხოვს.

"შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნულმა მექანიზმმა ყველა მიმართულებით შესამჩნევად დადებითი ეფექტი მოიტანა. აღდგა თანაბარი კონკურენციის პირობები ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის. შედეგად, წისქვილკომბინატებმა განაახლეს მუშაობა. დადგენილების ამოქმედებიდან დღემდე წისქვილკომბინატებში ჩაბარებულია 50 ათას ტონაზე მეტი ქართული სასურსათო ხორბალი.

მთელი ამ დროის განმავლობაში 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი მერყეობს 45-49 ლარის ფარგლებში. აღნიშნული სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, პურის ფასი სტაბილურია და ამ მხრივ გამოწვევა არ არსებობს. წისქვილკომბინატებმა მუშაობის განსახლების შედეგად აღადგინეს მრავალმილიონიანი შენატანი საქართველოს ბიუჯეტში. დადგენილებით განსაზღვრული ფქვილის საიმპორტო მოსაკრებლიდან ბიუჯეტში დამატებით შევიდა 20 მილიონ ლარზე მეტი (რომელიც ადრე არ არსებობდა)”, - წერია ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

ამის პარალელურად, ფქვილის შემომტანი კომპანიების ნაწილი მიიჩნევს, რომ საკითხი არასწორადაა დასმული და სინამდვილეში, ეს ყველაფერი მხოლოდ ხორბლის იმპორტიორებისთვის სასათბურე პირობების შექმნას ისახავს მიზნად. გადაწყვეტილება მათთვის ხელისშეშლელია, წისქვილების პრობლემაა კი ისაა, რომ გარედან შემოტანილმა ფქვილმა არ შეაფერხოს მათი საქმიანობა.

"ამტკიცებენ, რომ ფქვილის იმპორტით ქვეყანას ექმნება პრობლემა. ამაში ვითომ გულისხმობენ, მეხორბლეებს, რომლებმაც რატომღაც ცხრა თვე ხორბალი ვერ გაყიდეს. აქ წისქვილების ინტერესია და ადგილობრივ მარცვლეულს თუ არ იბარებენ, ეს პრობლემა ყოველთვის ასე დარჩება.

საქართველოში ბევრი წისქვილია და მათ ის კი არ უჭირთ, რომ ქართული ხორბალი შეიძინონ, არამედ მათი პრობლემაა ისაა, რომ გარედან შემოტანილმა ფქვილმა წიქვილები არ გააჩეროს.

80%-ზე მეტი ხორბალი საქართველოში შემოტანილია, დანარჩენი კი ადგილობრივია და რით ვერ გასაღდა ეს ჩვენი 20% მარცვლეული ვერ გავიგე. თითქმის ერთი წელი გავიდა, 9 თვეა ყიდიან და რით ვერ ამოიწურა ეს 20%? აქამდე როგორმე ხომ უნდა გაყიდულიყო და რატომ ინახავენ, თუ კარგი ხორბალია? გამოდის, რომ ან არ ვარგა, ან რაღაც ფასს ელოდებიან, ან სხვა მიზეზია. ჩვენ კი ვიქებთ თავს, რომ ხორბლის ჯიშები გვაქვს, მაგრამ, მგონი, არ არის ხარისხიანი.

მე ჩვეულებრივი იმპორტიორი ვარ და დიდად არ მოვიკლავ თავს იმის გამო, თუ ფქვილს არ შემომატანინებ, რადგან სხვა პროდუქციის იმპორტსაც ვეწევი და ამით გავალ ფონს. არც ვიღებ ხმას ამაზე, მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ საქმეს. იმის ნაცვლად, რომ მეხორბლეები და მეწისქვილეები ხორბალს თესავდნენ, ჩვეულებრივი იმპორტიორები არიან, როგორც ჩვენ. არც ერთს არ აქვს მისი მიწა, მისი ხორბალი და ამ დროს თავს მოიხსენიებენ მეწარმეებად. ხორბლის იმპორტს ეწევიან და მეტი არაფერი და ფქვილის იმპორტი კი რატომღაც არ შეიძლება”, - განუცხადა "რეზონანსს” ფქვილის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა.

ფქვილის კიდევ ერთი შემომტანი აცხადებს, რომ იმპორტს ეს გადაწყვეტილება ძალიან უშლის ხელს.

„სად არის ეს ქართული ხორბალი და რამდენია?! ეს არის არასწორად დაყენებული საკითხი. ესენი მეხორბლეების სახელს ამოფარებული მეწისქვილეები არიან, ძირითადად.

იმპორტს ეს გადაწყვეტილება ძალიან უშლის ხელს. ეს ფასებს მხოლოდ გააძვირებს და არ აიაფებს. მეხორბლეები რომ სთავაზობდნენ ქვეყანას, მე მაქვს ჩემი იაფი ხორბალი და რაღა უცხო ქვეყნიდან ვზიდოთო, სხვა თემაა, მაგრამ არავის აქვს თავისი მარცვალი. ეს არის სასათბურე პირობების შექმნა, სხვა არაფერს ემსახურება. თუ ჩვენი ხორბალი მაინც სხვის ხორბალზე ძვირი გამოდის, მაშინ ამის აზრი რა არის?

ალბათ, ახლა იმდენს იწუწუნებენ, რომ კიდევ გაახანგრძლივებინებენ იმპორტის გადასახადის ვადას. თორემ ადგილობრივი ხორბალი იგივე რაოდენობის რომ დარჩება, რაც აქამდე იყო, ეს ორჯერ-ორია“, - განუცხადა თენგიზ ფაცაციამ "ბიზნესპრესნიუსს”.

ქვეყანა ფქვილსაც და ხორბალსაც რუსეთიდან ყიდულობს. აღნიშნული მექანიზმის შემოღებისას ითქვა, რომ წისქვილები 1 კგ ქართულ ხორბალს 70 თეთრად ჩაიბარებდნენ, თუმცა, როგორც ირკვევა, ქართველ ფერმერებს მარცვეულის გაყიდვა უჭირთ, თანაც ღირებულება უფრო ნაკლებია, ხარისხიდან გამომდინარე.

ფქვილის იმპორტირებისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს პურის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს მალხაზ დოლიძეს. მართალია, იგი ადრე ფქვილის იმპორტს უჭერდა მხარს, მაგრამ ახლა მაბობს, რომ გადასახადის შემორებით მთავრობამ სიტუაცია დააბალანსა.

"ბრძანება, რომელიც დღემდე ძალაშია, 1 ტომარა ფქვილზე 12.5 ლარის მოსაკრებელს გულიხსმობს. ეს მექანიზმის იმიტომ ამოქმედდა, რომ ქართული ხორბალი გაყიდულიყო. ხელშეწყობა იყო საჭირო, რაც ამაში გამოიხატა. რუსული ხორბალი შემოდიოდა დიდი რაოდენობით, ქართული კი აღარ იყიდებოდა, მაგრამ ჩვენი მარცვეული ხომ უნდა გახარჯულიყო, რადგან ფერმერებს მოტივაცია ჰქონდეთ, ისევ მოიყვანონ ხორბალი.

მთავრობამ ამ გზით სიტუაცია გაათანაბრა.

ყველაზე მეტად დაზარალებული კი მეპურეა. 1 ტომარა ფქვილის ფასი 50-52-ლარის ფარგლებშია. ჩვენ მთავრობას ვუთხარით, რომ ფქვილის ღირებულება თუკი 52 ლარამდე იქნება, მაშინ ფასზე ხმას არ ამოვიღებთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, თვითღირებულებაში ვეტევით, თან ელექტროენერგიის გადასახადი ცოტა შემცირდა. მართალია, წყლის გაიზარდა, მაგრამ ერთმანეთი დააბალანსა ამ ორმა გარემოებამ.

იმპორტიორებს უნდათ, რომ ძველებური სიტუაცია იყოს და მოგებაში მეტი მარჟა ნახონ, ფქვილის შემოტანისას. რა თქმა უნდა, იმპორტიორებს ეს სიტუაცია არ მოსწონთ, თუმცა ჯერჯერობით სხვა გზას ვერ ვხედავ”, - განუცხადა "რეზონანსს” დოლიძემ.

მისი მოლოდინთ, მთავრობა ფქვილის იმპორტზე დაწესებულ გადასახადს გაახანგრძლივებს. "მგონია, რომ შემოღებულ მექანიზმს კიდევ გააგრძელებს მთავრობა. ჯერ ასეთი ბრძანება არ არსებობს, მაგრამ ამ გზით ყველანაირი თავის ტკივილი ჩამქრალია, ამიტომ მგონია, რომ გადასახადის ვადა გახანგრძლოვდება”, - დასძინა მალხაზ დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე