მასშტაბურმა საკადრო ცვლილებებმა ლარის კურსზეც კი არ იმოქმედა, პირიქით, ეროვნული ვალუტა ახალი პრემიერის წარდგენას გამყარებით გამოეხმაურა
ქეთო გოგოხია
(05.02.2024)

,,ქართული ოცნების" ეკონომიკური პოლიტიკა, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩება. აშკარად ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წინამორბედის კურსს მიჰყვება, განსაკუთრებით იმ პოლიტიკას, რაც ბოლო პერიოდის სახელისუფლო გუნდმა წამოიწყო. ეკონომიკაში მონაწილე სუბიექტებისთვის ირაკლი კობახიძის კანდიდატურა რაიმე არასტაბილურობის გამომწვევი ნამდვილად არ არის და ბიზნესიც მეტ-ნაკლებად მშვიდადაა, თუმცა გარკვეული დაძაბულობა იკვეთება არჩევნებთან დაკავშირებით. ამ კუთხით შესაძლოა, ინვესტორებთან მიმართებით პრობლემა შეიქმნას.

ეკონომისტების შეფასებით, წლევანდელ არჩევნებში მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა არ იქნება მარტივი, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ინვესტიციების კუთხით პრობლემა წარმოიშვას. როგორ გაგრძელდება ეს პროცესი და გამოიწვევს თუ არა არასტაბილურობას, სწორედ არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული.

რაც ჯერჯერობით ცხადია და რაზეც ექსპერტების დანამდვილებით საუბრობენ ისაა, რომ ირაკლი კობახიძის მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია უცხოელი ინვესტორების და ევროკავშირის ლიდერების მხრიდან, რაც ყველაზე კარგად ბოლო დღეებში ლარის კურსზეც აისახა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ეროვნულ ვალუტაზე მცირე დაძაბულობაც კი მოქმედებს, ხოლო მასშტაბური საკადრო ცვლილებები კი მყისიერად აისახება. იგი მსგავსი პროცესების მიმართ ყველაზე მგრძნობიარე ინდიკატორია. ბოლო დღეებში ლარი არათუ გაუფასურდა, არამდე გამყარდა კიდეც, რაც ბიზნესისა და ინვესტორების სიმშვიდეზე მიანიშნებს.

სამომავლოდ ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილებას  გამორიცხავს ეკონომისტი ალექსანდრე თვალჭრელიძე და ამბობს, რომ მთავრობის აღებული კურსი შენარჩუნდება. ეკონომისტი საუბრობს იმაზეც, რომ საკადრო ცვლილები მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა სცენარის ასეთ გაგრძელებას არ ელოდა.

,,ჩვენ რატომღაც  უახლოეს ისტორიას არ ვსწავლობთ ან ძალიან მალე გვავიწყდება . ყველა არჩევნების წინ იცვლებოდა პრემიერ-მინისტრი და ახლაც განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მსგავსი სიტუაციაა. რამდენად დიდხანს გასტანს ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობა, სხვა საკითხია. ის, რომ ცვლილება იქნებდა, არ მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ მის კანდიდატურაზე  ასეთი მოვლენების განვითარებას არ ველოდი. აღმოჩნდა, რომ საკადრო რესურსი ძალიან შეზღუდულია", - განაცხადა თვალჭრელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

.ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით კი ეკონომისტმა დასძინა, რომ არანაირ ცვლილებას არ ელოდება.

,,არ მგონია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი რამეს შეცვლის, შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. არანაირი სიგნალი არ არის, რომ ან ინვესტიციებს დაემუქროს საფრთხე ან ლარის კურსი გაუფასურდეს. ცხადია, ვგილისხმობ საკადრო ცვლილების გავლენას ამ პროცესებზე, თორემ  კურსზეც და ინვესტიციებზეც სხვა არაერთი ფაქტორი მოქმედებს და რა ელოდება ერთს ან მეორეს გლობალური პროცესების ან შიდა პოლიტიკური სიტუაციის გამო, ამაზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ.

სხვა მხრივ, ცხადია, უცხოელი ინვესტორები კობახიძესთანაც ისევე დაამყარებენ ურთიერთობებს, როგორც ეს ღარიბაშვილთან ხდებოდა. წინა პრემიერის მიერ აღებული ყველა ვალდებულება შესრულდება. ალბათ, გარკვეული ცვლილებები იქნება, მაგრამ არა მნიშვნელოვანი. ჩვენი ოპოზიციისგან განსხვავებით საერთაშორისო ანალიტიკოსები სიმართლეს იძახიან. ამიტომ მგონია, რომ ინვესტორებს ქართული ბიზნესგარემოს მდგრადობაში ეჭვი არ შეეპარებათ.

ლარის კურსი დაჭერილია, დიდად არ მერყეობს, მაგრამ უფრო მდგრადი რომ იყოს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აუცილებლად უნდა შექმნას ოქროს სტრატეგიული რეზერვი, კარგი იქნება, თუკი ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებენ", - განაცხადა თვალჭრელიძემ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ კითხვები ფაქტობრივად არ არის, თუმცა არის გარკვეული საფრთხე, რასაც ექსპერტების მეორე ნაწილი მიანიშნებს საპარლამენტო არჩვენების მოახლოებიდან გამომდინარე, რაც გამოწვევა ნამდვილად იქნება.

ეკონომიკის დოქტორის ვახტანგ ჭარაიას შეფასებით, მოსალოდნელია, რომ ოპოზიცია საარჩევნოდ რადიკალურ ზომებს მიმართავს, რაც ინვესტორებს დააფრთხობს. ეს რისკი ჯერჯერობით გამოკვეთილია.

,,ეკონომიკური პოლიტიკა და ხედვა არ შეიცვლება, ღარიბაშვილის და კობახიძეც ერთი გუნდია, ერთი იდეოლოგია, მათ  შორის ეკონომიკურ საკითხებშიც. ჯერჯერობით მოლოდინი ნამდვილად დადებითია. გარკვეული ქმედითი ნაბიჯები უკვე იდგმება. ამ მხრივ აღსანიშნავია ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ ,,აწარმოე საქართველოში" კომპანიებს აქციების გამოშვებაში დაეხმარება. ესეც ახალი სიტყვაა, ახალი ინიციატივა, რომელიც პრემიერმა დააანონსა. გარკვეული სიახლეები იქნება, თუმცა სტრატეგიულ დონეზე, ვთქვათ, ევროკავშირთან  ურთიერთობაში, ახალი პრემიერი ამ საკითხს რადიკალურად არ გადახედავს", - აღნიშნა ჭარაიამ და დასძინა, რომ  ინვესტიციებთან ერთად გარკვეული პრობლემა მოსალდონელი სავალუტო ბაზარზეც, თუკი ოპოზიციის მხრიდან რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება არჩევნების წინ ან მის შემდგომ.

,,ინვესტიციებთან დაკავშირებული მოლოდინი  მხოლოდ შიდა პროცესებს არ მოიცავს, საგარეო ფაქტორებზეც დიდწილად ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვფიქრობ, სტაბილურობის კუთხით გარკვეული პრობლემა არის არჩევნები,  საქართველოსთვის ეს პროცესი არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა წელს განსაკუთრებით გაზრდილია რისკები. წესით, სახელმწიფოს მხრიდან რაღაც განსაკუთრებულ წარმოუდგენელ ნაბიჯებს არ ველით, უფრო პრაგმატული სვლა იქნება, მაგრამ ოპოზიციის მხრიდან რადიკალურ ქმედებები მოსალოდნელია. ამის გარეშე ოპოზიცია არჩევნებს რეალურად ვერ მოიგებს, რასაც კიდევაც აცნობიერებს. რადიკალური ნაბიჯების გადადგმა კი  დააფრთხობს ინვესტორს და ლარის კურსისთვისაც ნეგატიურია. აქედან გამომდინარე, წლევანდელი არჩევნები სახიფათო მომენტებთანაც იქნება დაკავშირებული, ვიდრე აქამდე ყოფილა", - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ 29 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მოგვიანებით იგი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

ყრილობამდე გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირაშივე დაამტკიცებს თანამდებობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე