ბიზნესს ანაზღაურების გაზრდა აღარ შეუძლია, მიგრაციის შეჩერება კი ჯერ ვერ ხერხდება
ქეთო გოგოხია
(05.02.2024)

კადრების მწვავე დეფიციტის პრობლემა წელსაც შეიძლება ვერ მოგვარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გარკვეული დადებითი ძვრებია, სასურველი შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს და პერსპექტივაც ბუნდოვანია. ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში ამ მხრივ ცვლილებას რეალურად არავინ ელოდება. ეკონომისტებიც და ბიზნესიც პრობლემას აღიარებენ და მთავარი დაბრკოლებაზე ამახვილებენ ყურადღებას - ეს გაზრდილი მიგრაციაა, რაც კომპანიებს კადრებთან დაკავშირებით დიდ თავსატეხს უჩენს.

როგორც ჩანს, კადრების კრიზისი გაგრ?ელდება და ის, რომ ბიზნესი ანაზღაურებას გაზრდის და დასაქმების ინტერესს გამოიწვევს მოქალაქეებში, არც ამის იმედი იკვეთება. სტატისტიკურად უმუშევრობა მცირდება და ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა შრომის ბაზარზე სიტუაცია რეალურად ვერ გაუმჯობესდა. ყოველ შემთხვევაშია, ის სარგებელი, რაც უმუშევრობის შემცირების გამო მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ, არ ჩანს და დასაქმების მიზნით მეტი და მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან.

როგორც ეკონომისტი, "აისეტის" კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა აცხადებს, პრობლემის მოგვარების ალბათობა მინიმალურ დონეზეც არ არის დასაშვები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლებელია გარკვეული შედეგის მიღება, რაც ბაზარზე არსებულ მდგომარეობას გამოასწორებს.

,,ცოტა რთული სათქმელია, რომ დასაქმების კუთხით არსებული სიტუაცია გამოსწორდეს. კრიზისი გარკვეულ დონეზე წელსაც გარდაუვალია. ბოლოდროინდელ ტენდენციებს თუკი გადავხედავთ, შესაძლებელია, მიგრაციის ტრენდიდან გამომდინარე, კადრების დებიციტი სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავდეს.  ვაკვირდებით, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ მაღალი უნარების კადრებთან დაკავშირებით, თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის ისეთ სფეროებში, სადაც ადრე დეფიციტი არ შეიმჩნეოდა,  გარკვეული სახის პრობლემა გაჩნდა. რთულია ვთქვათ, კონკრეტულად სად, მაგრამ თითქმის ყველა დარგში არის ეს ვითარება.

როგორ უნდა აღმოვფხვრათ საკადრო დეფიციტი? აქ პასუხი დაკავშირებულია მეორე საკითხთან, როგორ ვუშველოთ მიგრაციას, რომელმაც საკმაოდ სწრაფი ტემპი აიღო. მისი შეჩერების შანსი არის მხოლოდ ის, რომ ნორმალური დასაქმების შესაძლებლობა შევუქმნათ მოქალაქეებს, რომ ქვეყნიდან გაქცევაზე არ ეჭიროთ თვალი. რეგულაციები ამ საკითხს ვერ მოაწესრიგებს. უფრო გრძევადიან სტრატეგიაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, ამიტომ უახლოეს მომავალში რაიმე გამოსავლის მონახვა რთული იქნება, წარმოუდგენელიცაა", - აღნიშნა დავით კეშელავამ "ბიზნეს-რეზონანსთან".

მისი აზრით, ერთ-ერთი გზა პრობლემის მოგვარებისა პროფესიული სასწავლებლების როლის გაძლიერებაა, თუმცა მათ მიმართ ჯერ კიდევ დაბალი რეპუტაციაა. ასეთ ფონზე, ვერც ხელფასების გაზრდა უშველის კადრების დეფიციტის საკითხს, ვინაიდან ამ შესაძლებლობას ჯერჯერობით ბიზნესი მოკლებულია.

,,პროფესიული გადამზადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ერთ-ერთი საკითხი არის ის, რომ გარკვეული  პროფესიის ადამიანები უმუშევრები არიან. უნარების შეუსაბამობის გადასაჭრელი ერთ-ერთი მთავარი გზა არის სწორედ ეს პროფესიული  განათლების გაუმჯობესება, სახელმწიფო ატარებს რეფორმას, მაგრამ ჯერ კიდევ ჩანასახის სტადიაშია. სტატისტიკას რომ დავაკვირდეთ, მოთხოვნა დაბალია და პროფესიულ სასწავლებლებს რეპუტაცია ჯერ კიდევ არ აქვთ აღდგენილი. ამიტომ  აქაც უფრო მეტად საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მივაღწიოთ შედეგს, მნიშვნელოვან გაუმჯობესებას არ ველი მიუხედავად იმისა, რომ დადებითი ძვრებია.

ბევრი ადამიანი ხედავს გამოსავალს სახელფასო პოლიტიკის ცვლილებაში, თუმცა ხელფასების ზრდის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს ბიზნესს, აქამდეც გამოიყენებდა.  ნაკლებად მგონია, რომ აქ დამსაქმებლების პრობლემა იკვეთება, თანამშრომლის განვითარებაზე კომპანია შიძლება ორიენტირებულია, მაგრამ ხშირ შმთხვევაში ვერც ეს მიდგომა ამართლებს", - განაცხადა დავით კეშელავამ.

პრობლემის სიმწვავეს დაასტურებს ბიზნესიც, სადაც განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება რეალურად უჭირთ სწორედ არასაკმარისი და კომპეტენტური კადრის სიმცირის გამო. როგორც ,,კუმისის" დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა აღნიშნა,  მომავალში კადრების დეფიციტი უფრო მწვავე პრობლემად იქცევა და მას უცხოური ძალებით ჩაანაცვლებენ.

,,დღესდღეობით არაერთი კომპანიაა, რომელიც რეალურად ეძებს უცხოელ მუშახელს, რადგან ადგილზე კადრის მოძიება უჭირთ. ჩვენი მოქალაქეები სამსახურებს სხვა ქვეყნებში ეძებენ და ემიგრაციაში მიდიან. მარტო ხელფასი არ არის პრობლემა, რა საშუალებაც აქვს ბიზნესს, შრომის ანაზღაურება თითქმის ყველა სექტორში გაზრდილია, მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა.

კომპანიის პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, თუმცა, ერთია სურვილი და მეორე რეალობა. მოსახლეობის დიდ ნაწილს რატომღაც ურჩევნია, სოციალური დახმარების შემყურე იყოს და მთავრობის კმაყოფაზე იცხოვროს, ვიდრე საკუთარი შრომით გამოიმუშაოს ფული. ვისაც დასაქმების სურვილი აქვს, არავის ვეუბნებით უარს, მაგრამ მაინც არ არის კადრი. ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც ჩვენს სფეროში პროფესიული განათლება აქვს მიღებული. სწორედ ამიტომ გვიჭირს განვითარებაზე ორიენტირებული, ახალი პროექტების განხორციელება. სამწუხაროდ, მოსახლეობის გადინებამაც დიდი პრობლემა შეგვიქმნა. კადრების მწვავე  დეფიციტია და მისი მოგვარების გზა ჯერჯერობით არ ჩანს", - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე