ნახევარფაბრიკატების სისტემატური გამოყენებით რისკის ქვეშ დგება ადამიანის ჯანმრთელობა და ოჯახის ბიუჯეტი
ირმა ჩიტაია
(05.02.2024)

მოსახლეობის დამოკიდებულება ნახევარფაბრიკატების მიმართ მზარდია. დიასახლისების უმეტესობა მზა პროდუქტებს უპირატესობას ანიჭებს, რაც თითქოს დროის ფაქტორით აიხსნება, თუმცა სპეციალისტების ნაწილი ამას თანამედროვე დიასახლისების სიზარმაცით ხსნის. კვების ექსპერტებს ეს პროცესი შეუმჩნეველი არ რჩებათ და საუბრობენ საფრთხეზეც, რასან ნახევარფაბრიკატებზე გადამეტებული დამოკიდებულება იწვევს.

ყოველდღიურად გამოყენებადი პროდუქტების ჩამონათვალი კი სულ უფრო იზრდება. გაყინული ხორცეულის შემდეგ უკვე შესაძლებელია ისეთი პროდუქტების ყიდვა, როგორიცაა გაყინული კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და უკვე ცომიც კი, რომლის ასორტიმენტიც მრავალფეროვანია - ხინკლის, ბლინების, ხაჭაპურის, პიცის და სხვა, ფაქტობრივად ყველა სახეობის, რაშიც კი ცომი გამოიყენება.

ადამიანები გადაეჩვივნენ სახლში დამზადებას, პარალელურად, ვითარდება მომსახურების სფერო. კომფორტი მატულობს, ხარჯები კი განუხრელად იზრდება. ექსპერტი ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში პაატა აროშძე მიიჩნვს, რომ მთავარია შესაბამისი სამსახურების მხრიდან შემოწმებული იყოს ამა თუ იმ პროდუქციის ხარისხი, უსაფრთხოებასთან შესაბამისობა, შენახვის პირობები და ა.შ. რაც შეეხება ეკონომიურ თვალსაზრისს, მზა პროდუქტების გამოყენება და ყოველდღიური მომსახურებით სარგებლობა საკმაოდ ძვირია და საშუალობიუჯეტიან ოჯახებსაც კი  გაუჭირდებათ იმ ხარჯის დაფარვა, რომელიც ასეთი სახის კვებასთანაა დაკავშირებული.

,,ნებისმიერი სახის საკვები, თითქმის ყველგან, სუპერმარკეტებსა თუ ბაზრობებზე, გაყინული პროდუქციის სახით იყიდება. ამ გზით მომხმარებელს შეუძლია დაჩქარებული წესით სადილის მომზადება, მაგრამ  ეს არც ისე იაფია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ისეთი მრავალფეროვნებაა ბაზარზე ნახევარფაბრიკატების, რომ შეიძლება ,,შილაფლავიც" კი შეგვხვდეს პაკეტში და ნებისმიერი სხვა რამ. საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახიც კი ვერ გაწვდება იმ ხარჯს, რაც ასეთი პროდუქტებით ოჯახების გამოკვებასთანაა დაკავშირებული.

აგრარულ ბაზარში წასვლა და ახალი პროდუქციის შეძენა შეიძლება, გაცილებით იაფი დაუჯდეს დიასახლისს, ვიდრე გაყინული პროდუქტით ოჯახის გამოკვება, მაგრამ ცხადია, რომ მზა ფაბრიკატები დღითი დღე პოპულარული ხდება და მეტად მოხმარებადია. რადგან მოთხოვნა მზარდია, საჭიროა მკაცრი კონტროლი, რომ ბაზარზე არსებული პროდუქცია უსაფრთხოდ და დაცულად მიეწოდოს მომხმარებელს.

დარწმუნებული ვარ, დაწუნებულ გაყინულ პროდუქციას სუპერმარკეტები და  რესტორნები არ შეიტანენ თავიანთ ქსელში, მაგრამ სხვაგან - ბაზრებში თუ მცირე ზომის სავაჭრო ობიექტებში მეეჭვება ასე იყოს. ამიტომაც, პირველ რიგში, აუცილებელია შესაბამისმა სტრუქტურებმა ასეთი პროდუქციის სტანდარტებთან და უსაფრთხოებასთან შესაბამისობა შეისწავლონ, როგორიცაა ვარგისიანობა, შენახვის პირობები, სპეციფიკა და ა.შ." - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" პაატა აროშიძემ.

ნახევრფაბრიკატების ფასი არც ისე ხელმისაწვდომია, მაგრამ დიასახლისთა დიდი ნაწილი, მაინც უპირატესობას სანახევროდ გამზადებულ საკვებს ანიჭებს. აროშიძის აზრით, ეს საშუალებას აძლევთ დაზოგონ დრო და ენერგია. სხვა თემაა, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ამ მეთოდით ოჯახების მუდმივი გამოკვება. 

,,ოჯახური ბიუჯეტის დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინონ რამდენად იაფი ჯდება, რამდენად უვნებელია ჯანმრთელობისთვის მზა ფაბრიკატების სისტემატური მიღება. თუმცა, აპრიორი ვერც იმას ვიყვით, რომ გაყინული პროდუქცია დაბალი ხარისხისაა ან ცუდია. თუ შენახვის პირობები დაცულია, მაშინ ის მისაღებია. ეს სურსათის უვნებლობის სამსახურის კომპეტენციაა და საჭიროა, აქტიურად იმუშაონ ამ მიმართულებით.

პროდუქციის პოპულარობა კი განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ამ გზით ცხოვრება იოლდება. დიასახლის ურჩევნია სწრაფად გაალღოს, ჩაყაროს და მოხარშოს, მზა პროდუქცია, ვიდრე სადილის მომზადების მთელი ციკლი გაიაროს. მაგრამ რამდენად ბიუჯეტური, სასარგებლო და უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის ეს ყველაფერი, სხვა საკითხია", - აღნიშნა აროშიძემ.

ადამიანების უმეტესობა გადაეჩვია საკვების სახლში დამზადებას. საზოგადოება თითქოს გაზარმაცდა და იოლი გზით საკვების მოპოვებით საქმე გაუმარტივდათ. ამან მზა პროდუქციაზე მოთხოვნა გაასამმაგა. სფეროც ვითარდება, მაგრამ არის გარკვეული რისკებიც.

სურსათის სფეროს სპიეციალისტის, პროფესორ ლია კვარაცხელიას განცხადებით, პირველ რიგში, მთავარია დაცული იყოს ის სტანდარტები, რაც მზა, გაყინული პროდუქციის სტანდარტებთანაა დაკავშირებული, რომ თავიდან იყოს აცილებული  ის სავალალო შედეგები, რაც ჯანმრთელობის სერიოზულ დაზიანებას უკავშირდება და რომელმაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს კიდეც. 

,, მზა პროდუქცია, რა რომელიც შემოდის და რომელიც ადგილობრივად კეთდება დამზადებული უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტებით. საჭიროა შემოწმდეს ყველა მწარმოებელი კომპანიები აქვთ თუ არა შესაბამისობის ხარისხის სტანდარტი, დამზადების პირობები, რეალიზაციასთვის განკუთვნილი სპეციალური სამაცივრე პირობები, რომელიც პროდუქციას ქსელში დანიშნულების ადგილამდე მიიტანისთვის სჭირდება.

მაცივრიდან გამოტანილ გაყინულ პროდუქციაზე წამებში შეიძლება ბაქტერიები დაგროვდეს. ამიტომ აუცილებელია წესების დაცვა, რომელსაც თავისი რეგლამენტები, სიზუსტე აქვს და აუცილებელია მომხმარებელი, საზოგადოება ამის შესახებ მაქსიმუმ იყოს ინფორმირებული."- განაცხადა ლია კვარაცხელიამ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ფაქტია, წლიდან-წლამდე გაყინულ პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, დახლებში და სუპერმარკეტებში მრავალფეროვნება თვალშისაცემია. არც მომხმარებლის დეფიციტია. თუ სადილის დამზადება მთელ პროცესს მოიცავს, მზა პროდუქცია არც დიდ შრომას და არც ზედმეტ ძალისხმევას მოითხოვს,რამაც საზოგადოება გააზარმაცა ამბობს ლია კვარაცხელია ,,რეზონანსთან" საუბრისას.

 ,,გაყინული პროდუქციის ყოველდღიურმა მოხმარებამ ადამიანის ჯანმრთელობაზე შეიძლება მკვეთრად უარყოფითად იმოქმედოს. ისიც ცხადია, რომ  საზოგადოება გაზარმაცდა, მაგრამ ნამდვილი, სწორი და ზუსტი ინფორმაცია, რომ ჰქონდეთ ნახევრადფაბრიკატებთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ყველა საკვების მომზადების ალტერნატიულ გზას გამოძებნიდა. ამიტომაც, ვფიქრობ ინფორმირებულობა აუცილებელია.

თითქმის ყველა, ვინც სახლიდან გასულია, ერიდება სადილის დამზადების მთელ პროცესს, რაც საკმაოდ შრომატევადია. გვერდს უვლიან ამ ყველაფერს, იოლად გადიან - ურჩევნიათ მზა პროდუქტები შეიძინონ. რაც შეეხება ასეთი საკვების ბიუჯეტურობას, მას თავისი მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც ყოველთვიური შემოსავალი გააჩნია. ვინც ძალიან მწირ შემოსავალზეა, მის სისტემატიურ შეძენას ვერ შეძლებს.

მთავარი მაინც ისაა, რომ ნახევარფაბრიკატების ავკარგიანობაზე ინფორმაცია ყველას მიეწოდოს. სურსათის უვნებლობის სააგენტომ დეტალურად უნდა თქვას, რა მხრივაა ეს სახიფათო. მომხმარებელს უფლება აქვს იცოდეს, რა უარყოფით შედეგს იწვევს არასათანადოდ მომზადებული და შენახული გაყინული პროდუქცია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ლია კვარაცხელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე