ამის გამო თბოსადგურები მაქსიმალურად მუშაობენ და ექსპორტზე ბუნებრივი აირისგან გამომუშავებული ელექტროენერგიაც გადის
ირმა ჩიტაია
(01.02.2024)

საქართველოს დერეფანში სხვადახვა კატეგორიის ენერგორესურსების გატარებაზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. გაზის ტრანზიტს ამ მხრივ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს, რაც ოფიციალური კვლევითაც დადასტურდა. რაც მთავარია, მოთხოვნაც და მიწოდებაც მომავალ წლებში კიდევ მოიმატებს, მთავარია ქვეყანა და მასზე გამავალი ინფრასტრუქტურა მზად იყოს მის დასაკმაყოფილებლად.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს დერეფანში ბუნებრივი აირის ტრანზიტი გაიზარდა. 2023 წელს ქვეყანაში არსებული ორი მილსადენით 23.780 მლრდ კუბ/მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა, რაც 2022 წელთან შედარებით, 1.4 მლრდ კუბ/მეტრით, ანუ 6.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შედარებისთვის, 2010 წელს საქართველოზე გამავალი მილსადენებით მხოლოდ 5.9 მლრდ კუბ/მეტრი გაზის გატარება მოხერხდა.

2023 წელს "სამხრეთის გაზის დერეფნის" მილსადენით 21.420 მლრდ კუბ/მ გაზი გავიდა, ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის გაზსადენით - 2.360 მლრდ კუბ/მა.

არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ენერგეტიკის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გაზის ტრანზიტზე მოთხოვნის ზრდა საქართველოზე დადებითად აისახება - მეტი გაზი, მეტი შემოსავალია ქვეყნისთვის. შარშანდელი მაჩვენებელი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ წელს კიდევ უფრო გაიზრდება გატარებული გაზის რაოდენობა.

საქართველოზე გადის ორი გაზსადენი, რომელიც აზერბაიჯანიდან მოდის. შესაბამისად, ქვეყანა გამავალ გაზსადენზე ტრანზიტის საფასურის სახით სარგებელს იღებს, რაც გატარებული გაზის 5 %-ს უტოლდება. ამას თან ერთვის საშეღავათო პირობებით შესყიდვის უპირატესი უფლებაც. შესაბამისად, რაც მეტი გაზი გაივლის საქართველოს მილსადენებში, მით მეტი, ოფციური და დაბალფასიანი გაზი გვექნება.

ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მოცულობის გაზის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სარგო საკმაოდ მაღალია. შესაძლოა ითქვას, რომ ამჟამად ქვეყანას იმაზე მეტი ბუნებრივი აირი აქვს, ვიდრე მოიხმარს. ამიტომ, ის სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება. გარდა საყოფაცხოვრებო მოხმარებისა, ქვეყანა გაზს თბოელექტროსადგურებში დენის გამომუშავებისთვის აქტიურად იყენებს და ხდება შედარებით იაფი ელექტროენერგიის გამომუშავება (რადგანაც გაზის ფასი დაბალია), რომელიც შემდეგ ექსპორტზე გადის. ამიტომაც, თუ მეტი გაზი გვექნება მომავალში და ევროპიდან მეტი მოთხოვნა წამოვა, ქვეყანას მეტი ელექტროენერგიის გამომუშავების და გაყიდვის შესაძლებლობა ექნება. მატება უკვე სახეზეა და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, საქართველო დიდ სარგებელს მიიღებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,რეზონზნსი” ენერგეტიკოს გია არაბიძეს ესაუბრა. მისი შეფასებით, სარგებლის მაქსიმალურობის განჭვრეტა ძნელია, მაგრამ რა მაჩვენებელიც 2023 წელს დაფიქსირდა, ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესები დადებითია და ქვეყნის შემოსავლებზეც აისახება.

,,მოგეხსენებათ, გაზსადენიდან გატარებული ბუნებრივი აირის 5% ჩვენს ქვეყანაში რჩება. რაც მეტი გავაა, მით მეტი გვექნება. ბუნებრივია, მეტ ეს გაზრდილი შემოსავალია. შარშან გაცილებით მეტმა გაზმა გაიარა, ვიდრე შარშანწინ და ჩვენი თბოელექტროსადგურები, ზამთრის პერიოდში სრული დატვირთვით მუშაობდნენ.

აზერბაიჯანი და ევროკავშირის ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ მინიმუმ 25 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებენ, ხოლო მომავალში 27-30 მლრდ კუბ. მეტრამდე უნდა ავიდნენ და ა.შ. აქედან 5% რჩება ჩვენთან, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. დავუშვათ 30 მლრდ კბ/მ-მა გაიარა საქართველოზე, ეს დაახლოებით 1,5 მლრდ კბ/მ "უფასო აირი" იქნება საქართველოსთვის. მხედველობაში თუ მივიღებთ იმასაც, რომ ჩვენი მოხმარება 3 მლრდ კბ/მ-იც არ არის, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ მისი 50-55% მივიღებთ. ეს უკვე მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება ჩვენი ქვეყნიოსთვის", – განაცხადა გია არაბიძემ.

გარდა იმ 5%-ისა, რომელსაც საქართველო მილსადენიდან გატარებული გაზიდან სანაცვლოდ იღებს, სარგებელი საშეღავათო პირობებით გაზის შესყიდვის შემთხვევაშიც დიდი აქვს. ამ გზით ხელშეკრულება მცირეხნიანია და მას ვადა 2026 წელს ეწურება. არაბიძის განცხადებით, ახლა მუშაობა მიდის იმაზე, რომ კონტრაქტის ვადები გაიზარდოს და შეღავათიან ფასად გაზის შეძენა მომავალშიც შესაძლებელი  იყოს.

,,საშეღავათო პირობებს რაც შეეხება, გვერგება 500 მლნ კბ/მეტრი, მაგრამ მისი  სახელშეკრულებო ვადა 2026 წლამდეა. უნდა ვიმუშაოთ, რომ კონტრაქტის ვადა გავზარდოთ. მოკლედ, საქართველოს მილსადენიდან გატარებული გაზიდან 5% ოფციური გაზია, 500 მლნ კუბ/მეტრს კი ვიძენთ შეღავათიან ფასად. დაახლოებით 400-500 მლნ კბ/მ აირი რუსაეთიდან შემოდის. ამ ეტაპზე ესაა საქართველოს მთლიანი ბალანსი.

რაც შეეხება მის გამოყენებას. პირველ რიგში, 1 მლრდ კბ/მ-ზე ცოტა მეტი რაოდენობა მოსახლეობისთვისააა განკუთვნილი და მათ მიეწოდება. დაახლოებით 600-700 მლნ კბ/მ თბოელექტროსადგურებისთვისა, დანარჩენი 900 მლნ კბ/მ გაზი ან ცოტათი მეტიც, ე. წ. კომერციული გაზია, რომელსაც ავტოგასამართი სადგურები, საწარმოები და ა.შ. მოიხმარენ.

რასაკვირველია, გაზის მოცულობის გაზრდა ნიშნავს ჩვენი თბოსადგურების სრულად დატვირთვას. 2023 წელი ისე დავამთავრეთ, რომ ფაქტობრივად, ჩვენ ელექტროენერგიის ბალანსში უარყოფითი სალდო არ გვაქვს. ეს ყველაფერი კი განაპირობა იმან, რომ თბოსადგურები მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობდნენ და ბუნებრივია, შარშანდელი წელი ამ კუთხით კარგი იყო. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ იმპორტისათვის არაფერი დაგვიხარჯავს.

ექსპორტს, რაც შერეხება, საკმაოდ დიდი რაოდენობის ელექტროენერგია გავიტანეთ. დაახლოებით 100 მლნ დოლარის იყო, რაც გაიყიდა, და თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ კუთხით გასული წელი ძალიან ნაყოფიერი იყო", - უთხრა ,,რეზონანსს” გია არაბიძემ.

გაზის გაზრდილ ტრანზიტს დადებითად აფასებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილიც. მისი აზრით, ტენდენცია საკმაოდ კარგია და ასეთი ტემპი ქვეყანას ყველა მიმართულებით სარგებელს მოუტანს.

,,გაზრდილი ტრანზიტიდან, როგორც ვიცით, 5% გვერგება და ნაწილის შეძენა საშეღავათო ფასად შეგვიძლია. ასეთი პირობებიდან გამომდინარე, გაზრდილი ტრანზიტით ცხადია, ქვეყანას მეტი სარგებელიც ექნება და ეს კარგია. პროცესი დადებითად აისახება სხვადასხვა სფეროზე, რომელიც ბუნებრივი აირის მოხმარებას უკავშირდება. ეს მრავალ დარგს მოიცავს და ცხადია, ყველა მიმართულებით წინსვლა იქნება”, - განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე