ავთო სილაგაძე: "ირაკლი კობახიძე იგი იმავე გუნდის წარმომადგენელია და ყველა საფუძველი არსებობს, რომ ჰქონდეს უფრო მეტი პროგრესი"
გვანცა წულაია
(01.02.2024)

ირაკლი კობახიძე საქართველო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ოფიციალურად უკვე წარდგენილია. ახლა მხოლოდ შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო პარლამენტში, რის შემდეგაც ქვეყანას მთავრობის ახალი მეთაური ეყოლება. ირაკლი ღარიბაშივილი კი, როგორც ცნობილია, სწორედ ირაკლი კობახიძეს შეცვლის „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე. ახლა როცა მთავრობის ცვლილებები გაირკვა, საინტერესოა, რა მოლოდინი აქვს ბიზნესს და ეკონომისტებს ქვეყნის პირველი პირისგან.

მთავრობაში ირაკლი ღარიბაშვილისა და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის გარდა, ყველა კადრი უცვლელია. პრემიერი ირაკლი კობახიძე იქნება, თავდაცვის მინისტრის კი ირაკლი ჩიქოვანი გახდება, რომელიც პარლამენტიდან მთავრობაში გადაინაცვლებს.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ყველა ის მიღწევა, რომელიც ჰქონდა ქვეყანას, უკანასკნელი წლების განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, იყო გუნდის უპრეცედენტო ერთიანობის შედეგი”.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ქვეყნის შემდგომი წინსვლა ახლაც ჩვენს ერთიან ძალისხმევას მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, გუნდის თითოეული წევრის ძალიან დიდი იმედი მაქვს.

წინ გველის მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე ვხვდებით. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს საზოგადოების ასეთი მაღალი ნდობა 2012 წლის შემდეგ არ ქონია. დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნებში ძალიან დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ, რაც გახდება საფუძველი ქვეყნის შემდგომი წინსვლისა და განვითარებისთვის.

რამდენჯერმე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, „ქართული ოცნება“, პრაქტიკული თვალსაზრისით, ორი მთავარი მისიით შეიძლება იყოს გამოხატული: პირველი, ეს არის ფიზიკურად და სულიერად გამთლიანებული საქართველო: ეს არის საქართველო აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი, აფხაზებთან და ოსებთან ერთად; ეს არის საქართველო, სადაც ქართველებს შორის სიკეთე ძლევს ბოროტებას და სიყვარული ძლევს სიძულვილს; მეორე, ეს არის საქართველო ადამიანების კეთილდღეობის ევროპული დონით, საქართველო, სადაც არც ერთი ადამიანი არ იცხოვრებს სიღარიბეში.

გასული სამი წლის განმავლობაში, ქართველმა ხალხმა გამოავლინა უდიდესი სიბრძნე, რამაც ამ ორი ამოცანის შესრულებასთან ბევრად უფრო დაგვაახლოვა. თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა ამ ოცნების ახდენისკენ უნდა იყოს მიმართული. გაძლევთ პირობას, მთავრობის მეთაურის რანგში ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ოცნების ახდენაში ჩემი წვლილი შევიტანო”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით არსებობს მკაფიო გეგმა, პირველ რიგში კი, ეს 9 პუნქტის შესრულებაა.

ახალ პრემიერთან დაკავშირებით ბიზნეს წრეებსა და ეკონომისტებში მოლოდინი პოზიტიურია და რაიმე სახის პრობლემას გამორიცხავენ.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, საკანონმდებლო საკითხებზე პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია არსებობს და არც მიმავალში იქნება პრობლემა.

„ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერობის დროს ჩვენ მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა. ინფორმაციის, ჩვენი საკითხების და პრობლემის მიტანა ნამდვილად არ გვიჭირდა, პირიქით, პრემიერის ოფისი ყოველთვის მოტივირებული იყო. ასევე, თავად პრემიერი. ეს იქნებოდა პირდაპირი კომუნიკაცია, საჯარო თუ არასაჯარო ტიპის შეხვედრა, არანაირი პრობლემა არ გვქონდა.

არც ახლა ველოდებით, რომ რაიმე სახის პრობლემა შეგვექმნება ახალ პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გარკვეულწილად ადრეც გვქონდა კომუნიკაცია პარლამენტთან საკანონმდებლო საკითხებზე და შესაბამისად, დიდი იმედით მოველით, რომ მსგავსი ფორმატი და კომუნიკაცია გაგრძელდება უკვე ახალ ეტაპზე”, - განუცხადა ლევან ვეფხვაძემ „რეზონანსს”

ირაკლი ღარიბაშვილის პრემირობის დროს საქართველოში მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები დაფიქსრიდა. მისი მოსვლის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკა და ბიზნესი გააქტიურდა და პოზიტიური შედეგიც სამი წლის თავზე თვალსაჩინოა.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიაძე იმავე გუნდის წევრია და ამიტომ მისი წინამორბედისგან რადიკალურად განსხვავებული სტრატეგია არ ექნება. მიზანი ამჯერადაც ეკონომიკის სწრაფი განვითარება იქნება და რაც მთავაროა ევროკავშირის წევრობა.

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ ყველა საფუძველი არსებობს, ირაკლი კობახიძეს ჰქონდეს უფრო მეტი პროგრესი და მეტად სწრაფი სვლა ევროკავშირისაკენ.

„ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობის დროს რთული სიტუაციიდან გამოსვლის და ეკონომიკის აღმავლობის პერიოდი იყო. ეკონომიკის კუთხით საკმაოდ წარმატებული იყო ყოფილი პრემიერის საქმიანობა, იქნება ეს ხელფასების და პენსიების ზრდა თუ სხვა მრავალი მიმართულება. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოგვიტანა. მთლიანობაში, მისი მოღვაწეობა იყო წარმატებული.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, იგი იმავე გუნდის წარმომადგენელია. მან მიღწეული პროგრესი უნდა შეინარჩუნოს, განავითაროს და თავისთავად ცხადია, რომ ახალმა კადრმა ახალი ცვლილებები უნდა მოიტანოს კიდეც.

ყველა საფუძველი არსებობს, ირაკლი კობახიძეს ჰქონდეს უფრო მეტი პროგრესი და მეტად სწრაფი სვლა ევროკავშირისაკენ. ზოგადი სტრატეგია იყო მმართველი ძალის და როდესაც გუნდი ერთია, ვინ შეასრულებს არსებითი მნიშველობა არ აქვს. ზოგჯერ ახალი კადრი უფრო დააჩქარებს ხოლმე პროცესს”, - განუცხადა „რეზონანსს” ავთო სილაგაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე