"სომხეთში მიდიან, ყაზახეთში... თურქეთშიც კი უფრო იაფია სახლის დაქირავება, ვიდრე თბილისში"
გვანცა წულაია
(31.01.2024)

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია ნელ-ნელა ჩვეულ ჩარჩოს უბრუნდება. მიგრანტების ქვეყნიდან გადინებამ ბინეზე მოთხოვნა შეამცირა, რის შესაბამისადაც, იკლებს ფასები, თუმცა, მიუხედვად ამისა, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი რეგიონში მაინც უძვირესია, იმდენად, რომ ჩამოსული მიგრანტები სხვა ქვეყნებში არჩევვენ გადასვლას.

ბოლო დროს საქართველოში ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც მიგრანტების ქვეყნიდან გადინებას უკავშირდება. მათმა დიდმა ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც უძრავი ქონება უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში.

უძრავი ქონების სააგენტო `სიგმას~ დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი ადასტურებს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართველ ბინის მეპატრონეებს ქირის დაკლებას სთხოვენ ანდა სხვა ფართში გადადიან, სადაც გადასახადი უფრო ნაკლებია.

"ღირებულების მიმართულებით სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება. უძრავი ქონების ბაზარზე ფასების კორექტირება ხდება და ამ დროისთვის, მიგრანტების როლი მნიშვნელოვანი აღარ არის. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ შემდგომ რა იქნება, არ ვიცი.

საერთოდ, ძნელია ერთი ორგანიზაციის მაგალითზე იმის განზოგადება, თუ რა დროით ქირაობენ მიგრანტები უძრავ ქონებას საქართველოში, მაგრამ მაინც გეტყვით იმას, რომ ისინი სხვა იაფ ბინებში გადადიან, რადგან, თავის დროზე, მაღალ ფასად დაიქირავეს ფართი. ახლა ცდილობენ ან ღირებულება დააკლებინონ მეპატრონეს, ან სხვა ბინა მოძებნონ, რომელიც უფრო იაფი ღირს”, - განუცხადა "რეზონანსს” ლაჩაშვილმა.

თავის დროზე, მიგრანტების ორჯერ შემოდინების გამო, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნაც უმართავი გახდა და ფასებიც, შესაბამისად, ძალიან გაჭირდა ბინების დაქირავება. დღეს კი, ქვეყანაში მიგრანტების იმდენად მიზერული რაოდენობა დარჩა, რომ მათ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა აღარ შეუძლიათ, ამიტომ ამ სფეროში უცხო ქვეყნის მოქალაქეები წნეხს ვეღარ ჰქმნიან, თუმცა როგორც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის” დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა, ბინები მაინც ძვირდება, რაზეც რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს.

"გვაქვს ასეთი მოცემულობა: რეალურად, ფასების მატება კვლავ გრძელდება. ამ დროს მოთხოვნა არის შემცირებული, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ბევრი ფაქტორია, რაც საბოლოო ჯამში, ფასს განსაზღვრავს და სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი, როგორც დეველოპელური კომპანიების, ისე უძრავი ქონების გაყიდვის და მშენებლობის პროცესში ჩართული პირების მხრიდან. გაძვირების ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ საშენებლო მასალების ღირებულება არ შემცირებულა და კვლავ ზრდისკენ მიდის. გარდა ამისა, მიწის ფასიც საკმაოდ გაძვირებულია და ზუსტად ეს ყველაფერი ხდის საერთო პროდუქტს ძვირს.

თუ გავიხსენებთ, მიგრანტების მხრიდან ძალიან დიდი იყო მოთხოვნა. პარალელურად საქართველოს მოქალაქეებიც აქტიურად ყიდულობენ უძრავ ქონებას და მათზე დიდი წილი მოდის. ასევე, ინტერესი არსებობს ისრაელის მოქალაქეების მხრიდანაც და შესაბამისად, ამის გათვალისწინებითაც ნარჩუნდება ფასი და მატებისკენ მიდის, თუმცა ეს არ არის ნახტომისებური გაძვირების მაჩვენებელი, არამედ ნელი, მაგრამ ტენდენცია გრძელდება”, - განუცხადა "რეზონანსს” ვაჟა მებაღიშვილმა და დასძინა, რომ მიგრანტების საქართველოში შემოსვლის მიზნობრიობიდან გამომდინარეობს მათი მხრიდან ბინების დაქირავების ვადიანობა.

"მიგრანტების სხვადასხვა მიზნით შემოდიან საქართველოში. ნაწილი აქ სამუშაოდ ჩამოდის და კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელიც ერთ წელზე მეტი ვადითაც არის გაფორმებული. თუ ადამიანი ჩამოდის ტურისტულად და მცირე დროის გატარება სურს საქართველოში, მაშინ, მისთვის ბინის დაქირავება მოკლე დროით არის პრიორიტეტული. ამიტომ სეგმენტს გააჩნია და მიზეზს, თუ რის გამო შემოდის უცხოელი საქართველოში.

მოკლე ვადაზე თუ ვისაუბრებთ, ეს უფრო ეხებოდა უკრაინაში ომის საწყისს პერიოდს, როდესაც ადამიანები გამორბოდნენ. მათ არ იცოდნენ კონფლიქტი ერთ კვირაში დასრულდებოდა თუ ერთ თვეში. მაშინ იყო პერიოდი, როდესაც მოკლევადიან ხელშეკრულებებს ითხოვდნენ საქართველოში შემოსული მიგრანტები”, - აღნიშნა "რეზონანსთან” ვაჟა მებაღიშვილმა და იქვე თქვა, რომ `უძრავი ქონება საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც საკმაოდ გაძვირებულია, მათ შორის სომხეთშიც”

"ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, სომხეთშიც მომატებულია უძრავ ქონებაზე ფასი. ასევე ყაზახეთში და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებშიც შეინიშნება ღირებულების მატება. საერთოდაც, ეს მსოფლიო ტენდენციაა.

არ უნდა დაგვავიწყეს რთული პოლიტიკური ვითარებაც. გარდამავალ ფაზაშია მსოფლიო ეკონომიკა და ეს ერთგვარ გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზეც, ამიტომ ფაქტორები საკმაოდ ართულებს საერთო სურათის შექმნას, თუმცა უძრავი ქონების ბაზარი ოპტიმისტურად არის განწყობილი და კვლავ აქტიურად გრძელდება მშენებლობა, ინტერესიც არსებობს”, - დასძინა "რეზონანსთან” მებაღიშვილმა.

უძრავი ქონების ბიზნესის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია და შესაბამისად, ბინების დაქირავება ახლა უფრო იაფია, ვიდრე მიგრანტების საქართველოში ყოფნის პერიოდში იყო.

როგორც უძრავი ქონების აგენტმა ტატო ტარიელაშვილმა განაცხადა, უცხოელების ერთი ნაწილი კი იმ ქვეყნებში მიდის, სადაც ფასები საქართველოზე იაფია.

„რუსების აქტიურობა განპირობებული იყო იმით, რომ სანქციებისთვის თავის არიდება სურდათ. ასევე, ბევრს არ უნდოდა ომში წასვლა. არის ისეთი კატეგორიის ხალხიც, რომლებიც ჩამოდიან აქ, თავისთვის აკეთებენ ბაზრის კვლევას, ადარებენ ფასებს (ქირა, ტრანსპორტი, პროდუქტები) და სადაც უფრო იაფია, იმ ქვეყნებში გადადიან საცხოვრებლად. უთქვამთ, რომ ყაზახეთში მიდიან. ასევე, თურქეთში, სომხეთში და ა.შ. საქართველოში ქირაზე მოთხოვნის შემცირება ამასაც უკავშრდება“, - განუცხადა ტატო ტარიელაშვილმა "ბიზნესპრესნიუსს” და დასძინა, რომ დაქირავებაზე მოთხოვნის კლების პარალელურად, ფასი დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული.

„უცხოელების მხრიდან არის დაინტერესება, მაგრამ ქირაზე მოთხოვნა შემცირებულია. მაგალითად, ერთ ბინაზე რომ რეკავდა 5-10 ადამიანი, ახლა 1-2 ზარი შემოდის. რა თქმა უნდა, ეს ფასზეც აისახა, რაც უფრო ნაკლებია მოთხოვნა, მით დაბალია ღირებულება. ამ ეტაპზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 30%-ით არის დაქირავების ფასი შემცირებული“, - აღნიშნა ტატო ტარიელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე