„მისი პრემიერობის დროს მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა, უკან არ დაუხევია"
გვანცა წულაია
(30.01.2024)

სამწლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. პოსტი ახლა ვაკანტურია, რომელსაც რამდენიმე დღეში ირაკლი კობახიძე დაიკავებს. იქამდე კი სანამ სამთავრობო ცვლილებები დეტალურად გაირკვევა, საინტერესოა, რითი იყო დასამახსოვრებელი ირაკლი ღარიბაშვილის მეორე ვადით 3-წლიანი პრემიერობა.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეორედ კორონავირუსის პანდემიის დროს გახდა, მაშინ, როდესაც მისმა წინამორბედმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა (2021 წლის 22 თებერვალი). პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე დაბრუნდების შემდეგ ღარიბაშვილმა ეტაპობრივად გააუქმა ის დაწესებული შეზღუდვები, რომელიც გახარიას მთავრობამ პანდემიის გამო შემოიღო. რეგულაციების გაუქმება ეტაპობრივად ეკონომიკის და ბიზნესის ამუშავება მოჰყვა.

პანდემიის პერიოდში განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებდა ბინზესი. სწორედ კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისგან ბიზნესს სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

„ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობას დადებითად ვაფასებ, რადგან განწყობა პროგრესული იყო. კანონმდებლობის კუთხითაც დაიხვეწა სტრატეგია და ყველა უწყებამ თავისი როლი შეასრულა. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა”, - განუცხადა „რეზონანსს” მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ.

ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების წელს საქართველოს ეკონომიკა 10.6%-ით გაიზარდა. ეკონომიკის ზრდა გაგრძელდა შემდეგომ პერიოდშიც. 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-11 იყო, ანუ უფრო მაღალი ზრდა მხოლოდ 10 ქვეყანაში დაფიქსირდა. 2023 წლის ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9% შეადგინა.

კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. საქართველომ კი, ამ ომისგან, დანაკარგზე მეტად, სარგებელი მიიღო. 2022 წლიდან ქვეყანაში გაიზარდა ფულადი ტრანსფერები, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მიგრანტების დიდი რაოდენობით შემოდინებამ უძრავი ქონების ბიზნესი თავდაყირა დააყენა და ბინების ქირის თუ ყიდვის მიმართულებით სიძვირე დღემდე შეინიშნება. 

ომის პერიოდში საქართველოს როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქვეყნის დერეფანი სულ უფრო პოპულარული გახდა, საფუძველი ჩაეყარა  შავი ზღვის ელექტოკაბელის მშენებლობას, სადაც საქართველოს როლი უდიდესია.

მნიშვნელვანი ნაბიჯი, რომელიც ბოლო წლებში გადაიდგა, თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი სახელმწიფოსგან მედიკამენტების შეძენაა. გარდა ამისა, წალმებზე დაწესდა რეფერენტული ფასებიც. საბოლოო ჯამში, ამ ორმა სიახლემ, ქვეყანაში მედიკამენტები მნიშვნელოვნად გააიაფა.

რეგიონში ომის დროს მშვიდობიანობის შენარჩუნების გამოწვევის პარალელურად, ღარიბაშვილის პრემიერობისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ინფლაციაც, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც ეკონომიკა ჩაიკეტა, თუმცა ამ უკანასკნელის მიმართულებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი გაპრემიერდა ინფლაცია 11.1% იყო, (2021 წლის თებერვალი) გადადგომის დროს კი მისმა მაჩვენებელმა 0.4% (2023 წლის) შეადგინა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღარიბაშვილის პრემიერობისას ეროვნულმა ვალუტამ სტაბილურობა და ნდობა დაიბრუნა. გაცვლით კურსი ან მყარდებოდა, ან სტაბილურობას ინარჩუნებდა. შიგადაშიგ იყო რყევები (ომის დაწყების პირველ კვირეებში), მაგრამ ყველაფრის დაძლევა მოხერხდა. მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ გაპრემიერდა ლარის კურსი 3.35-ზე იყო, ახლა კი 2.68-ზეა.

„ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელი პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო სამ წელში ღარიბაშვილის პრემიერობიდან რაიმეს სპეციფიკურად ვერ გამოარჩევს, თუმცა მას ბევრი რამ არ გაუფუჭებია და რაც მთავარია უკან არ დაუხევია.

„ირაკლი ღარიბაშვილი პანდემიის დროს გაპრემიერდა და მან შეძლო მალე დაესრულებინა ის შეცდომები, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მართვაში იქნა დაშვებული. საკმაოდ სწრაფად გაუქმდა შეზღუდვები, რაც ეკონომიკას შეეტყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასევე, აცრასთან დაკავშირებული საკითხები უფრო სწრაფად მოგვარდა, ვიდრე ღარიბაშვილის გაპრემიერებამდე გვარდებოდა.

არ გადაუხედავთ რეგულაციებისთვის, მათი გართულების მხრივ, გარდა რამდენიმე კონკრეტული სფეროსი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მედიკამენტებზე გარკვეული რეგულიაციების გაუქმება, რომელმაც თურქეთთან ვაჭრობა გაამარტივა და შესაბამისად, უფრო მაღალი კონკურენციის გამო, წამლებზე ფასებმა დაიწია.

გაცვლითი კურსის შედარებით სტაბილურობამ ძალიან დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ ბიზნესი ისევ გააქტიურდა და მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ზედიზედ 3 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ის ნუანსი, რომ უკრაინისადმი რუსეთის აგრესიამ ბევრი რამე შეცვალა და საქართველოსკენ გადმოამისამართა, მათ შორის ტვირთნაკადი, ამან ხელი შეუწყო ეკონომიკას. რუსეთის მოქალაქეებს ჰქონდათ არჩევანი სხვა ქვეყანაში წასულიყვნენ, მაგრამ მათ დაინახეს, რომ აქ რაღაც ხეირი არსებობს, თუნდაც ჩამოსვლის და ბიზნესის წამოყების სიმარტივის გამო. რადგან ამით ვიღაცამ ისარგებლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელშეყობა მოხდა სპეციალურად. ეს თავისუფლება იყო და ვიღაცამ გამოიყენა და საერთოდ, საქარველო იმით უნდა პოზიციონირებდეს, რომ არის ერთ-ერთი ღია ქვეყანა მსოფლიოში, ეკონომიკური თვალსაზრისით.

შეჯამებისას ვიტყოდი, ერთმანეთის დამაბალანსებელია ის, რომ არ იქნა შეცვლილი ის მიღწევები, რომლებიც მანამდე იყო, მაგრამ მეორე მხარესაა ნიშნები იმისა, რაც აფერხებს განვითარებას. რაიმეს სპეციფიკურად ვერ გამოვარჩევ, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილს ბევრი რამ არ გაუფუჭებია, უკან არ დაუხევია”, - განუცხადა „რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

განსაკუთრებით დადებითად აფასებს ყოფილი პრემიერის მოღვაწეობას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, რომელიც ხზს უსვამს ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებას როგორც ეკონომიკაში, ისე განათლების სფეროში.

„თავი მოსაწონი ნამდვილად აქვს. განსაკუთრებით, ჩვენს სფეროში. ის, რა პრობლემებიც გვქონდა, მოიშალა, აღარ გვაქვს. ბარიერები დაირღვა. დღეს გაცილებით მეტი უცხოელი სწავლობს საქართველოში, ვიდრე მანამდე სწავლობდა. ბატონი ირაკლის მოღვაწეობით კმაყოფილ ვარ.

ქვეყანაში გაცილებით მეტი ფულია დღეს, ვიდრე სამი წლის წინ. ეკონომიკა დაძრულია, წინ მიდის და საქართველო ეკონომიკური კუთხით არავისზე ნაკლები არ არის", - აღნიშნა კახა შენგელიამ

ყოფილი ბანკირი და ბიზნესმენი ნიკოლოზ შურღაიაც ღარიბაშვილის მიმართ დადებითად არის განწყობილი.

„დიდი მონაპოვარია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა პოლიტიკური სტაბილურობა და არ აღმოვჩნდით ომში ჩართული, რაც ეკონომიკისთვის კარგი იყო. ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა, თუმცა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას ვერ ვხედავ.

სამხედრო მოქმედებები და ცხელი ომი არ ყოფილა. ბევრ ადამიანს გული ეწვის ჩვენს ძმებს რომ ვერ ვეხმარებით, მაგრამ „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან”. ასეთ რთულ გზებზე დავდივართ", - განაცხადა შურღაიამ.

და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც ღარიბაშვილის პრემიერობაა დასამახსოვრებელი, ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია, რასაც საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე