ამ პერსპექტივას უკვე საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღიარებს და კონკრეტულ მონაცემებს ასახელებს
ქეთო გოგოხია
(29.01.2024)

საქართველოს მთავრობა ირწმუნება, რომ 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენას მინიმუმამდე შეამცირებს. ამის თქმის საბაბს იძლევა მსოფლიო სავალუტო ფონდის კვლევის შედეგი, რომლის თანახმადაც  2012 წელთან შედარებით, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 110-ე ადგილიდან 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. ის, რომ საქართველო უახლოეს 5-6 წელიწადში ეკონომიკურ მაჩვენებლებს გაიუმჯობესებს და ევროკავშირის ქვეყნებთან სხვაობას მიინიმუმამდე შეამცირებს, მთავრობა ეჭვქვეშ არ აყენებს და ქვეყნის ამ შესაძლებლობას უკვე ეკონომისტებიც რეალურ პერსპექტივად განიხილავენ.

სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრად შერჩეული ირაკლი კობახიძე, რომელიც სსფ-ს ანგარიშს საგანგებოდ გამოეხმაურა:

,,ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის არაერთი საზომი არსებობს, მაგრამ უმთავრესი საზომი მაინც მისი ეკონომიკაა. საკმარისია გადახედოთ ქვეყნების სიას ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და ზუსტად გაიგებთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ამა თუ იმ ქვეყანაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, გერმანიასა და შვედეთში ხალხი დღეს საქართველოზე 3-ჯერ უკეთესად, ხოლო საფრანგეთში - დაახლოებით 2,5-ჯერ უკეთესად ცხოვრობს. საქართველოზე 60 პროცენტით უკეთესად ცხოვრობენ რუსეთში, ხოლო 50 პროცენტით უკეთესად - ბულგარეთში. საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები - ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა, აგრეთვე აზერბაიჯანი და სომხეთი", - დაწერა ირაკლი კობახიძემ და იქვე აღნიშნა, რომ საქართველოსა და მოწინავე ქვეყნებს შორის, ცხოვრების დონის თვალსაზრისით, სხვაობა თანდათანობით მცირდება, რის მაგალითადაც მას სავალუტო ფონდის მონაცემები მოჰყავს.

კვლევის მიხედვით, 2012 წელს გერმანიასა და შვედეთში ხალხი საქართველოზე არა 3-ჯერ, არამედ 4,5-ჯერ უკეთესად, საფრანგეთში არა 2,5-ჯერ, არამედ 4-ჯერ უკეთესად, ხოლო რუსეთსა და ბულგარეთში - 148 და 67 პროცენტით უკეთესად ცხოვრობდა.

,,საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2028 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება საქართველოში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა. 2028 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 32 ათას დოლარს გადააჭარბებს და ჩამორჩენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობასთან (მათ შორის იტალიასთან, ესპანეთთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთთან) ორმაგზე ნაკლები გახდება. კერძოდ, იტალიასთან ჩვენი ჩამორჩენა 99%, ესპანეთთან - 86%, პორტუგალიასთან - 72%, ხოლო საბერძნეთთან - 48% იქნება.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელ წლებში, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს ყოველთვის გადაჭარბებით ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი, ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად, ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა", - აღნიშნა კობახიძემ.

,,ქართული ოცნების" პრემიერობის კანდიდატის განცხადებას დადებითი შეფასება მოჰყვა ეკონომიკურ წრეშიც. სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ პროგნოზი რეალურად მიღწევადია და ამ გზაზე ქართულ ეკონომიკას, ფაქტობრივად, ვერაფერი დააბრკოლებს. ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძის აზრით, პროგნოზიც და მისი შესრულებაც რეალურია და შედეგი, ფაქტობრივად, გარანტირებულია.

,,ჩვენ, პირველ რიგში, საქართველოს ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობა უნდა შევაფასოთ, რაც რეალურად იმედისმომცემია. ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდის დინამიკა  მზარდა. საინტერესოა სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2023 წელს საქართველომ ეკონომიკური მაჩვენებლებით მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანას გადაასწრო და 79-ე ადგილზე გადაინაცვლა. ზრდის ტემპს წამყვანი ეკონომიკური ქვეყნების მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, საკმაოდ კარგი სიტუაცია იკვეთება. ჩვენ ეკონომიკა ბოლო წლებში დაახლოებით 7,5%-ით არის გაზრდილი. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რომ ავიღოთ, ჩვენი ჩამორჩენა ძალიან დიდი იყო, 2012 წლის პარამეტრის მიხედვით, მშპ-ს მაჩვენებლით  ერთ სულ მოსახლეზე  4,5-ჯერ და სამჯერადად ჩამოვრჩებოდით,  ამ ეტაპზე ჩამორჩენა 2-ჯერ არის შემცირებული", - აღნიშნა ცუცქირიძემ.

მან სავალუტო ფონდის დამოკდიებულებაზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ პროგნოზში ზომიერი ორგანზიაციის შეფასებები აბსოლუტურად რეალურია და ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივას ოპტიმისტურად წარმოაჩენს.

,,გასათვალისწინებელია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებებში არის ყოველთვის კონესრვატული, საკმაოდ ფრთხილი. თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში, ამ ორგანიზაციის პროგნოზი ეკონომიკურ ზრდასთან მიმართბით იყო ძალიან ფრთხილი - 5-6%. ამ დროს ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, შარშან კი 7%-ს გაუტოლდა. აქედან გამომდინარე, მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით შეიძლება 40 000 დოლარამდეც ავიდეს, რაც უკვე არის თუნდაც 2028 წლისთვის ევროპის საშუალო მაჩვენებელთან ახლოს იქნება", - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრიასა.

მთავრობის  გათვლას, რომ განვითარებუილ ქვეყნებთან ჩამორჩენა მკვეთრად შემცირდება, სპეციალისტების უმეტესი ნაწილი ოპტიმისტურად უყურებს. მოლოდინს  დადებითად აფასებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძეც. 

,,შემთხვევითი არ არის, რომ ირაკლი კობახიძის განცხადება მთლიანად ეყრდნობა  იმ პროგნოზს, რასაც სავალუტო ფინდი აკეთებს და იქვე მოყვანილია მსოფლიო ბანკის კვლევაც. საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერსპექტივა უდავოა და ასახავს იმ ეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომელიც ქვეყანაშია. ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, რომელმაც ძალიან მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აჩვენა. გასული წელი ასევე ნორმალური იყო და თუ  არსებული ზრდის ტემპიც შენარჩუნდა, დარწმუნებული ვარ, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი თუ სხვა ორგანიზაციები, პროგნოზებში ყოველთვის იჩენენ ზომიერებას. ყოველთვის დაბალ საპროგნოზო მაჩვენებლებს აფიქსირებენ და წლის განმავლობაში ზრდიან.  შესაბამისად, დღეს არსებული ეკონომიკური შესაძლებლობები, რაც აქვს საქართველოს, არის  მზარდი და მიღწევადი. თუმცა  2030-მდე შორია, რა მოხდება ამ წლების განმავლობაში ძნელად საპროგნოზოა. მიუხედავად ამისა, შესაძლოა ეს კონსერვატილი პროგნოზი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, თუკი ჩვენს ქვეყანაში და რეგიონშიც სტაბილური ეკონომიკური გარემო გვექნება", - განაცხადა კაპანაძემ და იქვე იმ ფაქტორებსა და პროექტებზეც ისაუბრა, რამაც, მისი შეფასებით, ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური კეთილდღეობა უნდა უზრუნველყოს.

,,ვფიქრობ, რომ დღეს რა მოცემულობაც გვაქვს,  ოპტიმისტურ სურათს იძლევა. ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას, რაც შეიძლება ეკონომიკას გადაეღობოს. შუა დერეფნის ფუნქცია კი საქართველოს კიდევ უფრო უზრდის  პერსპექტივას, ენერგეტიკის სექტორშიც ასევე დიდი შესაძლებლობებია, შავი ზღვის კაბელი, რომელიც საქართველოს გავლით უნდა გავიდეს, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, ანაკლიის  პორტი და სხვა, ბევრი სდაგეგმილი პროექტი იძლევა შანსს, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზი მიღწევადი გახდება. დღეს არსებული სიტუაცია იძლევა ამ ყველაფრის საშუალებას, მთავარია სწორი ეკონომიკური პოლიტიკა შევინარჩუნოთ", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" კაპანაძემ.

ის, რომ მთავრობა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, ექსპერტებიც აღიარებენ. ამ მხრივ საინტერესოა ნინო ფოჩხუას შეფასება, რომელიც მან დააფიქსირა.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი დამყარებულია უამრავ კვლევაზე და არ გახლავთ საზოგადოების "დასაბოლებლად" გაკეთებული განცხადება, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა. ამის გადამოწმება კი ძალიან ადვილია, მთავარია, სურვილი. გარდა იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება სწორ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლაც მისი სწორი პოლიტიკის შედეგია. ნურავის ეგონება, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ ხედავს.

რაც არ უნდა მოიმოქმედოს დღევანდელმა დესტრუქციულმა ოპოზიციამ, არყიოს ქვეყანა, იმუშაონ საბოტაჟის რეჟიმში, ვერ შეაჩერებენ ქვეყნის განვითარებას, რადგან ხელისუფლება ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს ქართველ ხალხთან ერთად", - დაწერა სოციალურ ქსელში ნინო ფოჩხუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე