"არ შეიძლება ამდენ წამალს მოიხმარდეს მოსახლეობა. პატარა ქვეყანა ვართ და მედიკამენტების ეს ოდენობა ძალიან ბევრია"
გვანცა წულაია
(16.01.2024)

მედიკამენტეზე რეფერენტული ფასები უფრო მასშტაბური გახდება. წლის ბოლომდე ზედა ზღვარი ისეთ წამლებზეც დაწესდება, რომლებიც აფთიაქებში რეცეპტის გარეშე გაიცემა. რადგანაც წამლებზე მაღალი ფასები ჯერ კიდევ ვერ დარეგულირდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ მექანიზმის მასშტაბურობა აუცილებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის ლელა სულაბერიძის ინფორმაციით, წლის ბოლომდე რეფერენტული ფასი ურეცეპტო მედიკამენტებზეც გავრცელდება.

„ამ ეტაპზე რეფერენტული ფასები ეხება, ძირითადად, რეცეპტულ მედიკამენტებს, თუმცა ამ წლის ბოლომდე ეს მიდგომა გავრცელდება ურეცეპტო მედიკამენტებზეც და განსაკუთრებით იმ ტიპის წამლებზე, რომლის მოხმარებაც განსაკუთრებით მაღალია მოსახლეობაში. კიდევ და კიდევ იმ მიზნის საპასუხოდ, რომ ხშირად მოხმარებად მედიკამენტებზე ფასები იყოს ადეკვატური, სამართლიანი, რომ მოსახლეობას ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქდეს.

აქედან გამომდინარე ეს მიდგომა ურეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელდება. ნაწილი ამ წამლების უკვე მოხვედრილია ამ ჩამონათვალში, რომლის ფასებიც უკვე ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის და ფარმაცევტული კომპანიებისთვისაც. ამ მხრივ გაგრძელდება მუშაობა“, - განაცხადა ლელა სულაბერიძემ გადაცემაში „საქმე“.

აღნიშნული სისტემის ფარგლებში მედიკამენტების ჩამონათვალი ეტაპობრივად იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, ფასის ზედა ზღვარი 5 148 მედიკამენტზეა დაწესებული. აქედან, 3 045 წამალზე რეფერენტული ფასი უკვე მოქმედებს, 2 103 მედიკამენტზე კი ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში შევა ძალაში.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე ადასტურებს, რომ რამდენი წამალიც შემოვა საქართველოში, ნელ-ნელა ყველგან იქნება დაწესებული ზედა ზღვარი.

"საერთოდ, ეს არის სტრატეგიული სვლა და საერთაშორისო გამოცდილებასთან შეხამებული მექანიზმი, რომ ბაზარზე რამდენი მედიკამენტის არის, ყველაზე მათგანზე ყოფილიყო რეფერენტული ფასი. ეს არის ჩვენი შეთავაზება სექტორთან, რაც გათვლილია პოტენციურ პაციენტზე.

შეიმჩნევა და დადასტურდა კიდეც, რომ ზოგიერთ მედიკამენტზე ფასები იყო ძალიან გაზრდილი, ამიტომ აფთიაქების მიმართ რაღაც სანქციაც დაწესდა. მათ უნდა გაითვალისწინონ საკანონმდებლო რეგულირების საკითხები.

როგორც მონაცემთა ბაზა ამბობს, სადღაც 13 ათასი დასახელების მედიკამენტი არსებობს ქვეყანაში და აქტიურ მოხმარებაში არის 7 ათასამდე წამალი. იშვიათი მედიკამენტებიც არსებობს და ბრენდულებიც. ბრენდულ წამლებს ვერ ვეხებით. დანარჩენზე კი, რა წამალიც შემოვა საქართველოში, ნელ-ნელა ყველგან იქნება ზედა ზღვარი”, - განუცხადა "რეზონანსს” ლადო კახაძემ.

მედიცინის ექსპერტები რეფერენტული ფასების მასშტაბურობის მომხრენი არიან. როგორც "გახსოვდეს ჰიპოკრატეს” ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ აღნიშნა, ზედა ზღვარში მოქცეული მედიკამენტებისგან მიღებული შემოსავალი შესაძლოა, ბიზნესისთვის ცოტაა და ამიტომ კომპენსირება მოინდომონ ურეცეპტოდ გასაცემი მიდიკამენტებისგან.

"ჩვენთან ძირითადი შემომტანი კერძო სექტორია, სახელმწიფო კი - შემსყიდველი. როდესაც შემომტანია ერთი სუბიექტი, რომლის ხელშიც არის კლინიკა, ექიმების დატვირთულობა და სხვა მრავალი მიმართულება, შეიძლება ისე მოხდეს, რომ იმ წამლებისგან მიღებული მოგება, რომლებიც უკვე ზედა ზღვარშია შესული, მათთვის არ იყოს ბევრი და ამიტომ კომპენსირება მოინდომონ ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტებისგან. შეიძლება ასეთი წამლების უფრო გაძვირდეს კიდეც. ასეთმა გარემოებამ მოიტანა ის, რომ მექანიზმი სისტემური უნდა გახდეს და მხოლოდ ერთ მიმართულებას არ შეეხოს”, - განუცხადა "რეზონანსს” მარინა ბერაძემ.

მისივე თქმით, ბევრი მედიკამენტი ერთიდაიგივე მოქმედებისაა და ამიტომ ქვეყანაში ამდენი წამლის არსებობს საჭირო არც არის.

"აუცილებლად უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებაც, რომ საქართველოში პოლიფარმაცია როგორმე დასრულდეს. არ შეიძლება ამდენ წამალს მოიხმარდეს მოსახლეობა. პატარა ქვეყანა ვართ და მედიკამენტების ეს ოდენობა ძალიან ბევრია. კვლევაა ჩასატარებელი, რამდენ წამალს სვამს თითოეული ადამიანი. პრაქტიკულად მოსახლეობა დაავადებულია. ეს აქვეითებს იმუნიტეტს და სრულიად მარტივი ვირუსული ინფექცია შეიძლება გახდეს ძალიან დიდი გართულებების საფუძველი, რადგან ჩვენ არასწორად მოვიხმართ მედიკამენტებს და არ ვითვალისწინებთ გვერდით მოვლენებს.

ბევრი წამალი ერთი და იგივე მოქმედებისაა და ამიტომ ამდენი მედიკამენტი არ არის საჭირო. ბაზარიც ცოტა გათავისუფლდება. ნებისმიერ ქვეყანას თუ შევედრებით, ვნახავთ, რომ ჩვენთან გაცილებით ბევრი დასახელების წამალია ბრუნვაში”, - განუცხადა "რეზონანსს” მარინა ბერაძემ და დასძინა, რომ მედიკამენტების რეცეპტით გაცემაზე აღარ ხდება კონტროლი.

საქართველოში რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემის პირველი ეტაპი 2023 წლის 15 თებერვალს ამოქმედდა. ცვლილების მიხედვით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა კონკრეტულ მედიკამენტებზე დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან, დაჯარიმდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე