არსებობს ვარაუდი, რომ გაზაფხულამდე ეროვნული ვალუტა ნელ-ნელა გამყარებას გააგრძლებს და 2,60-2,64-ის ფარგლებში დასტაბილურდება
გვანცა წულაია
(26.12.2023)

2024 წელსაც ლარის კურსის გამყარება და სტაბილურობაა მოსალოდნელი. ასეთი მოლოდინი აქვთ, როგორც საფინანსო ინსტიტუტებს, ისე ეკონომისტებს, რაც ერთი მხრივ არჩევნების მოახლოებას და საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებას უკავშირდება. თანაც სებ-ში საკმაოდ მოცულობითი თანხაა მობილიზებული იმისათვის, რომ რაიმე რისკის გაჩენის შემთხვევაში, პრობლემა მყისვე აღმოიფხვრას. არც მთავრობა დაუშვებს ლარის გაუფასურებას, მით უმეტეს საეტაპო საარჩევნო წელს.

"გალტ ენდ თაგარტში” გაისად ვალუტის 2%-იან გამყარებას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მოსალოდნელია ქვეყნის გარედან დიდი ოდენობით, სოლიდური ფინანსების შემოდინება, რაც იმის მოლოდინს აჩენს, რომ 2024 წელს ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

„საქართველოს ეკონომიკა ზრდას აგრძელებს. ინფლაციის კლებამ, 2024 წელს, რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა უნდა მოგვცეს. დოლარის საგარეო შემოდინება კი ლარის სტაბილურობის საშუალებას იძლევა. ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ზრდის პერსპექტივა აქვს, ვინაიდან 2024 წელს იგი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, მომხმარებელთა და ბიზნესის ნდობის გაძლიერებით იწყებს.

2023 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. ამ ზრდის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა კი ინვესტიციები იყო, სადაც დიდ როლს თამაშობს მყარი საგარეო შემოსავლებიც. ანგარიშის მიხედვით, 2024 წლისთვის, საინვესტიციო ბანკი ელოდება 5.4%-იან ზრდას და იმის დიდ პოტენციალს, რომ ეს მაჩვენებელი 6%-მდე მოიმატებს“, - წერია "გალტ ენდ თაგარტის” ანგარიშში.

2024 წელს აგრეთვე არსებობს ლარის გამყარების პოტენციალი. მოსალოდნელია ქვეყნის გარედან დიდი ოდენობით, სოლიდური ფინანსების შემოდინება, რაც იმის მოლოდინს აჩენს, რომ მომავალ წელს ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს, დოლართან მიმართებაში 2.70-იანი, ხოლო ევროსთან მიმართებაში 3.0-იანი კურსით. `გალტ ენდ თაგარტი” ასევე არ გამორიცხავს ეროვნული ვალუტის 2%-იან გამყარებას.

სტაბილურობას ელიან ეკონომისტებიც. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ვარაუდობს, რომ ლარი დაახლოებით ამ ფარგლებში იქნება, როგორც დღესაა.

"ლარის კურსი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ დღეს არსებული მონაცემებით და სხვა თანაბარ პირობებშიც, იმის არანაირი საფრთხე არ არსებობს, რომ ლარმა მყისიერად გაუფასურება, ანდა გამყარება დაიწყოს. მგონია, რომ ლარი დაახლოებით ამ ფარგლებში იქნება, როგორც დღეს არის. ყოველ შემთხვევაში, დიდი რყევის ნიშნებს ვერ ვხედავ.

ლარზე არჩევნებიც ახდენს გავლენას და სხვადასხვა ფაქტორებიც, ქვეყანაში თუ მის ფარგლებს გარეთ მომხდარი გარემოებები. მთავრობა ყველა მხრივ ეცდება, რომ კურსი სტაბილურად შეინარჩუნოს”, - განუცხადა გიორგი კაპანაძემ "რეზონანსს”.

გასული წლიდან მოყოლებული, წელსაც, ლარი საგრძნობლად მყარდებოდა, თუმცა ვითარებას რადიკალურად შეცვლა საქართველოს ეროვნულ ბანკში განვითარებულმა მოვლენებმა. თუკი 2023 წლის დასაწყისში კურსი 2.71-იან ნიშნულზე იყო, სებ-ის სკანდალამდე 2.61-იან ნიშნულამდე გამყარდა, მაგრამ ცენტრალურ ბანკში მიმდინარე  პროცესებმა ლარი მკვეთრად გააუფასურა და ფაქტობრივად, წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელსაც გადააჭარბა.

დღეისათვის, „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე ლარი 2.68 დოლარის ფარგლებში ტრიალებს. საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი, ფინანისტი ნიკა შენგელია ადასტურებს, რომ იანვრის ბოლომდე ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს.

"ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ 2024 წლის იანვარში ლარის კურსის რყევა იქნება. საქართველოს ეროვნულ ბანკს საკმაოდ დიდი თანხა აქვს მობილიზებული. სამომავლოდ ვვარაუდობთ, რომ ლარის ცოტათი რყევა გაზაფხულისკენ დაიწყოს და ამის პროგნოზს იანვრის ბოლოს უფრო გავაკეთებთ. მანამდე კი სტაბილურობა გარანტირებულია.

არჩევნების წელი მოდის და, რა თქმა უნდა, მთავრობა ეცდება, რომ ლარი არ გაუფასურდეს და შეინარჩუნებენ 2.70-2.75-იან ნიშნულს. კურსის მეტად გამყარება ჩვენს ეკონომიკას არ აწყობს, რადგან ასეთ შემთხვევაში ექსპორტს გარკვეული პრობლემები შეექმნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.

არსებობს ვარაუდი, რომ გაზაფხულამდე ეროვნული ვალუტა ნელ-ნელა გამყარებას გააგრძლებს და 2,60-2,64-ის ფარგლებში დასტაბილურდება. ამის შემდეგ კი მთავრობა და სებ-ი ყველანაირად ეცდებიან მიღწეული ნიშნული შეინარჩუნონ. ამით არჩევნებამდე გაჩნდება განცდა, რომ ლარი სტაბილურია, ოღონდ მიდრეკილია უფრო გამყარებისკენ, ვიდრე გაუფასურებისაკენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე