იაფ იმპორტს გზა ხელოვნურად ჩაუხერგეს, "აგარა" კი საკუთარ პროდუქტს ფასს არ აკლებს
ქეთო გოგოხია
(25.12.2023)

გლობალურ ბაზრებზე შაქარი წარმოუდგენელი სისწრაფით იაფდება,  4 დეკემბრიდან მოყოლებული, პროდუქტზე ფასი 17%-ით არის შემცირებული. თუმცა ადგილობრივ ბაზარზე სიტუაცია ჯერ კიდევ უცვლელია. ტენდენცია დიდი ალბათობით გაგრძელდება, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს ქართული ბაზარი რამდენად აუწყობს ფეხს, იმპორტიორებს ამაზე პროგნოზის გაკეთება უჭირთ. მათი ვარაუდით,  საუკეთესო შემთხვევაში, შაქარი შეიძლება 15-20 თეთრით გაიაფდეს. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი იმპორტი ისევ განახლდება. ახლა პროცესი, შაქარზე დაწესებული გადასახადის გამო, რეალურად შეჩერებულია და ჯერჯერობით ,,აგარას" უკონკურენტო პირობებში უწევს წარმოება.

როდესაც ხელოვნურად მოხდა ჩარევა და საქართველოში შაქარი გაძვირდა, მსოფლიო ბაზარზე ბუნებრივი პროცესი მიმდინარეობდა და 1 ტონა თეთრი შაქრის ფასი 730 დოლარს აღწევდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ვითარება კარდინალურად შეიცვალა და  21 დღის წინ პროდუქტმა სწრაფი გაიაფება დაიწყო, ფასი თავბრუდამხვევი სისწრაფით დაეშვა დაბლა. კერძოდ, თუ 4 დეკემბერს 1 ტონა შაქარი ბირჟებზე 700 დოლარი ღირდა და უკვე 21 დეკემბერს 580 დოლარამდე დაეცა.

ამდენად, თუკი ასე გაგრძელდება, მსოფლიო ბაზარზე ფასი დაიწევს და მთავრობის მიერ ხელვნურად დაწესებული 40- თეთრიანი მარჟაც ვერ მოახდენს გავლენას იაფი იმპორტის შეზღუდვის მიმართულებით. თუკი იაფი პროდუქტი შემოვა ქვეყანაში, რომლის საითუმო ფასი დაახლოებით 95-100 ლარის ფარგლებში (1 ტომარა) იქნება, 40 თეთრიც რომ დაემატოს, დღევანდელი ფასი ,,აგარის" შაქრის ღირებულებაზე დაბლა ჩამოვა და ქარხანას იმპორტის სახით ისევ სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება. გამოცა, რომ რისთვისაც მთავრობამ თავის დროზე შაქარზე იმპორტის გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, კვლავ არ იმუშავებს.

 არსებულ პირობებში, არ არის გამორიცხული, ,,აგარამაც" დასწიოს ფასი, ვინაიდან იმპორტისთის დაწესებული გადასახადის მიუხედავად, კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

დღესდღეობით ბაზარზე ასეთი მოცემულობაა, თუმცა იმპორტიორებს ამ პირობებშიც აეჭვებთ შაქრის გაიაფება და აცხადებენ, რომ ფასი შენარჩუნდება ან უმნიშვნელოდ დაიწევს. ბიზნესმენი თენგიზ ფაცაცია ,,ბიზნეს-რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ,,აგარამ" უკან დაიხიოს.

,,გააჩნია ქართულ ბიზნესს შაქრის გაიაფების თემა როგორ ესმის და რა დარქმევს ამ პროცესს, რომელიც ჯერ კიდევ გაუგებარია. 15-20-თეთრიანი ცვლილება რეალურად დიდი შეღავათი არ არის. ევროპული ქვეყნიდან თუ წამოვა პროდუქტი, ბიზნესი დაწესებულ 400 ლარს არ გადაიხდის. სხვა ალტერნატივა ჯერ ნამდვილად არ იქნება. დავუშვათ ბრაზილია განვიხილოთ. ამ ქვეყნიდან იმპორტს უნდა დაემატოს 12% +18%  და დამატებით ახლდდაწესებული 40 თეთრიც. აქედან გამომდინარე, გაიაფების შემთხვევაშიც არ ეღირება შემოტანა.

ევროპული შაქრის შემთხვევაში, მხოლოდ 18%-ის გადახდა მოუწევთ და სხვა წვრილმან ხარჯსაც თუ გავითვალისწინებთ, 1 კგ შაქრის ფასი იდეალურ შემთხვევაში 2,30 ლარი გახდება. თუ 1 ტომრის ღირებულება 110 ლარი გახდება. მე, როგორც მეწარმე, მას 115 ლარში გავყიდი, რაც სარეალიზაციო ქსელებამდე კიდევ მოიმატებს და დაახლოებით 2,30 ლარი იქნება საცალო ფასი. დიდი შეღავათი არ არის, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას აჯობებს და ,,აგარასაც" მოუწევს უკან დახევა.

ამ ეტაპზე ერთი ტომარა შაქარი 126 ლარი ღირს, რომელსაც ,,აგარა" ადგილზე 123 ლარად ყიდის. გარკვეული წვრილმანი ხარჯიც გასაწევია, აიმიტომ საცალო ღირებულება 2,40-მდე რომ შემცირდეს, ჩათვალეთ, რომ მოგება ნულოვანი იქნება. შესაბამისად, ჯერჯერობით შაქრის გაიაფების შესაძლებლობება რეალურად არ იკვეთება", - განუცხადა იმპორტიორმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

შაქრის გაიაფების შესაძლობლობას ვერც სხვა იმპორტიორ კომპანიებში ხედავენ. ,,ელ ჯორჯიაში", რომელიც შაქრის ერთ-ერთი მსხვილი შემომტანია, პროდუქტის გაიაფებაზე საუბარს ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევენ.

,,დღესდღეობით ყველაზე იაფი რუსული შაქარია, მაგრამ ვერ შემოდის საქართველოში, რადგან გადასახადი დაუწესდა და ამით ,,აგარამ" მიიღო სახელმწიფოსგან დახმარება. არსებულ სიტუაციაში გარკვეული დოზით მაინც არის იმპორტი, მაგრამ კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ და შემდეგ აფასოებენ შაქარს,  არ აკლებენ ფასს. ამიტომაა, რომ გლობალური გაიაფების პროცესი ადგილობრივ ბაზარზე,  საცალო გაყიდვებზე არ მოქმედებს.

რა მოხდება, ვერ გეტყვით წინასწარ, ახალი წლიდან ახალი კვოტირებები იწყება. კვოტებს აკეთებენ გაყიდვებზე და რა ცვლილებებს მოახდენენ 2024 წელს, წინასწარ უცნობია სიტუაცია. მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს, ვერ განსაზღვრავ. ეს ყველამ ვნახეთ - გაძვირებას ველოდით, მაგრამ რაღაც-რაღაცებმა იმოქმედა და უმოკლეს პერიოდშივე ფასი თითქმის ძველ ნიშნულს დაუბრუნდა", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ირაკლი გოგიბერაშვილმა, ,,ელ ჯორჯიას" წარმომადგენელმა.

ამ ეტაპზე სუპერმარკეტების ნაწილში, სადაც ასაწონი შაქარია გაყიდვაში, ფასები 2,55-2,60 ლარის ფარგლებშია. გადასახადის დაწესებიდან რამდენიმე დღეში 1 კგ ღირებულება 2,80-იან ნიშნულს მიუახლოვდა, თუმცა სიტუაცია მალევე დარეგულირდა და ფასმა გეზი კლებისკენ აიღო.

ცნობისთვის, მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორი ბრაზილიაა.  2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა.

საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი 57 ათასი ტონა (28.2 მლნ) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი (14.3 მლნ) და პოლონეთი (10.6 მლნ) არიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე