ვახტანგ იობაშვილი: "სტაბილურობა დიდწილად იმ კომპანიების დამსახურებაა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ"
ქეთო გოგოხია
(25.12.2023)

2023 საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინსა და დიზელზე მოთხოვნა და შესაბამისად, იმპორტიც გაიზარდა, რაც ეკონომიკის აღმავალ ტრენდს უკავშირდება. ამ პროცესს შიდა ბაზარზე სავალუტო კურსმაც საგრძნობლად შეუწყო ხელი, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე რისკები ჯერ კიდევ არსებობს, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რამაც შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში შეცვალოს სიტუაცია.

მიუხედავად გამოწვევებისა, არსებული ტენდენცია აშკარად პოზიტიურია, მით უმეტეს, ქართული ბაზრისთვის. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა, ყველა დასახელების სანავთობო პროდუქტის იმპორტი გაზრდილია. მანვე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ისაუბრა იმ ფაქტორებზეც, რამაც იმპორტის ზრდას შეუწყო ხელი, მიუხედავად რიგი გამოწვევებისა, რაც ბაზარზე მრავლად იყო მთელი წლის განმავლობაში.

,,პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ დამდეგ ახალ წელს და ვისურვებ, რომ წარმატებული და სიხარულით სავსე წელი დაგვდგომოდეს!

გარკვეული გამოწვევების მიუხედავად, დიდი წარმატებაც აქვს ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ამ მხრივ ჩვენი ერის დიდი გამარჯვებაა. 2023 წელი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დასრულებულა, მოლოდინით სავსე წელი იყო. ამ მხრივ აშკარად უნდა გამოიყოს რუსული მხარის განკარგულებები საწვავის ექსპორტის აკრძალვისა და შემდეგ უკვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რამაც გარკვეული გავლენა ჰპოვა ქართულ ბაზარზე. ამ პროცესს უკავშირდება საწვავის გაძვირება, თუმცა დეფიციტი არ შექმნილა. როდესაც გვიკეტავენ ერთ კარებს, ვცდილობთ სხვა კარი და ბილიკი ვიპოვოთ, ამიტომ მომარაგების მხრივ საფრთხე ქართულ ბაზარს რეალურად არ ემუქრება.

საქართველოს იმდენად ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, დეფიციტი ნამდვილად არ გვემუქრება. თუმცა გლობალური ბაზარი არასტაბილურია, მომწოდებელი ქვეყნებიდან მუდმივად იცვლება თამაშის წესები, რაც გარკვეულ რყევებს იწვევს. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ სიტუაცია და სტაბილური გავხადოთ ქართული ბაზარი, ამ მხრივ შიდა პოლიტიკური ვითარება და ლარის კურსი დიდ შესაძლებლობას გვაძლევს", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილმა.

მისივე შეფასებით, 2023 წელს საქართველოში ნავთპობპროდუქტების იმპორტში მთავარი გამოწვევა გაზრდილი ფასებია, თუმცა წლის განმავლობაში ადგილი ჰქონდა საპირისპირო ტენდენციასაც. მთლიანობაში, მოთხოვნა აქტიურია, რაც ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას უკავშირდება.

,,იმპორტი და ტრანზიტი საგრძნობლად მომატებულია. ცხადია, ქვეყანაში, სადაც არის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებელი, ეკონომიკა აღმავლობით ხასიათდება და ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. იზრდება მშენებლობის მასშტაბი, ინდუსტრიული საქმიანობა და ამის მიხედვით მატულობს მოთხოვნაც. მართალია, გაზრდილია ავტომობილების იმპორტიც, მაგრამ მთავარი წარმოებებია, ტრანზიტი და სხვა, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე ყველაზე მკაფიოდ ეტყობა.

მთლიანობაში, წელს საწვავი საქართველოში ძვირიც იყო და იაფიც, განსხვავებული დინამიკით ხასიათდებოდა. ცხადია, წინასწარ ვერ განსაზღვრავ ვერაფერს, პროგნოზი წარმოუდგენელია, ვინაიდან ადგილობრივ სანავთობო ბიზნესში მთლიანად გლობალური პროცესების გავლენაა. რაც მთავარია, ბაზარზე სტაბილურობაა და ეს დიდწილად უკვე იმ კომპანიების დამსახურებაა, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

 მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ პროგნოზი ჭირს, ყველა პირობაა, რომ საქართველო გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს და სტაბილურობა შენარჩუნდეს.

,,როდესაც ოპეკის ქვეყნები აცხადებენ, რომ ნედლი ნავთობის მოპოვება უნდა შეამცირონ, ამას რუსეთი და სხვა სანავთობო ქვეყნები მხარს უბამენ, რაც გაძვირების ერთ-ერთი ფაქტორია. როდესაც რუსეთმა ემბარგო დაგვიწესა და ბენზინს ვერ ვიღებდით (დიზელზე შეზღუდვა არ ვრცელდებოდა), ჩვენ პრობლემა არ შეგვქმნია. ამ მხრივ აზერბაიჯანი საიმედო ბაზარია, სადაც ამჟამად საწარმოო გადაიარაღების პროცესი მიმდინარეობს, რაც ევრო5-ის სტანდარტის დაწესებას უკავშირდება.

ახლა, როცა რუსეთმა იმპორტი გაგვიძვირა, ფასები ევროპულთან, ფაქტობრივად, გათანაბრებულია. თუ არ იქნა შეღავათი, რაღა რუსეთიდან განვახორციელოთ, ევროპიდან ვიყიდით პროდუქციას, სადაც მეტი სტაბილურობაა. ამიტომ თუ არ იქნა შესაბამისი ბენეფიტები ჩრდილოეთიდან, ბიზნესი ალტერნატიულ წყაროებზე რეალურად დაიწყებს ფიქრს.

რაც მთავარია, სტაბილურობა ეჭქვეშ არ დგება, საკმაოდ ოპერატიულად მუშაობენ ჩვენი კომპანიები, რომლებიც ქმნიან ამინდს ქართულ ბაზარზე. სწორედ მათი გამართული მუშაობის შედეგია, რომ არ დაუშვებენ, რაიმე დეფიციტი გაჩნდეს ბაზარზე, ამისთვის საკმაოდ მყარი კავშირები აქვთ სანავთობო ქვეყნებთან, რასაც საფრთხე არ ემუქრება და ამ მხრივ ქართული ბაზრის სტაბილურობა გარანტირებულია", - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა ,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს ციფრებში, როგორც საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში  ყველა დასახელების ნავთობრპოდუქტის იმპორტი გაზრდილია. კერძოდ,  ბენზინისა და დიზელის საწვავის შემთხვევაში, იმპორტმა შეადგინა 1092,5 ათასი ტონა, რაც 36,4 ათასი ტონით, ანუ 3,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1056,1 ათასი ტონა) შედარებით. აქედან ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 549,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 543,0 ათასი ტონა.

აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი და შეადგინა 21,19 ათასი ტონა, რაც 1,58 ათასი ტონით, ანუ 8,1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,61 ათასი ტონა) შედარებით. მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 4,52 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 3,89 ათასი ტონა (18,4%); გერმანია - 2,65 ათასი ტონა (12,5%), აზერბაიჯანი - 1,46 ტონა (6,9%);  და სხვ.

ზრდა ფიქსირდება სანავთობო ბიტუმისა და გათხევადებული აირების იმპორტის შემთხვევაშიც. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 113,1 ათასი ტონა, რაც 8,2 ათასი ტონით, ანუ 7,8%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (104,9 ათასი ტონა) შედარებით.

2023 წლის 11 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 52,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 46,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ერაყი - 40,9 ათასი ტონა (36,2%); თურქეთი - 17,2 ათასი ტონა (15,2%); აზერბაიჯანი - 1,8 ათასი ტონა (1,6%); ირანი  - 0,2 ათასი ტონა (0,2%); თურქმენეთი - 0,1 ათასი ტონა (0,1%);

რაც შეეხება გათხევადებული აირების იმპორტს, შეადგინა 51,5 ათასი ტონა, რაც 12,5 ათასი ტონით, ანუ 32%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (39 ათასი ტონა) შედარებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე