დისტრიბუტორები წინასწარვე პროდუქციის გაძვირებაზე ალაპარაკდნენ
გვანცა წულაია
(20.12.2023)

ახალი წლიდან თბილისში სატრანსპორტო მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება. იანვრიდან, პიკის საათებში, დედაქალაქში დიდი ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, მაგრამ იქნება გარკვეული გამონაკლისი, მათ შორისაა სადისტრიბუციო მანქანები, რომლისთვისაც მოძრაობა დილის პიკის საათებში 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე არ შეიზღუდება. მიუხედავად ამისა, სადისტრიბუციო კომპანიები მაინც უკმაყოფილონი დარჩნენ. მათი აზრით, მომავალში შეუძლებელი იქნება პროდუქციის გაძვირების გარეშე საქმიანობის გაგრძელება.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, შეზღუდვა მ3, ნ2 და ნ3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს. იქნება გარკვეული გამონაკლისები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება.

„რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო

საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ და დასძინა, რომ წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმაც. პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით.

მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადი და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამასთან, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

დისტრიბუტორები გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები არიან და ამბობენ, რომ ცვლილება პრობლემებს შექმნის და საქმე საბოლოოდ პროდუქციის გაძვირებამდე მივა.

საქართველოს ბიზნეს დისტრიბუტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ლაშა რიჟამაძემ აღნიშნა კიდეც, რომ სექტემბრიდან შექმნილი ეს მოცემულობა შეუძლებელს გახდის პროდუქციის 20%-ით გაძვირების გარეშე სადისტრიბუციო საქმიანობის გაგრძელებას.

"ჩვენი სექტორული ასოციაცია 90 კომპანიაზე მეტს აერთიანებს. 1 თვის წინ, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ მერია გეგმავდა ამ ცვლილებების ამოქმედებას. ამის შემდეგ, მივმართეთ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, რომ შევხვედროდით. იმდენად, რამდენადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასოციაციის ყველა წევრისთვის ამ გადაწყვეტილების გავლენა. შეხვედრაზე კომპანიებმა დეტალურად გააცნეს ყველა ის პრობლემა, რის წინაშეც დადგება სექტორი გადაწყვეტილების ამ ფორმით მიღების შემთხვევაში. მერიამ გვთხოვა, რომ გაგვეგზავნა დასაბუთებული პოზიცია წერილობითი სახით და ამის შემდეგ მათი მხრიდან საერთოდ აღარ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია. ჩვენ პოსტფაქტუმ გავიგეთ გადაწყვეტილება.

ეს მოცემულობა პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის პროდუქციის 10-20%-ით გაძვირების გარეშე სადისტრიბუციო საქმიანობის გაგრძელებას. როცა ადამიანი მაღაზიაში შევა, არც პური და არც ახალი პროდუქტი არ დახვდება. პრაქტიკული თვალსაზრისით რომ შევხედოთ, კომპანიამ 11 საათზე რომ დაიწყოს მუშაობა 4 საათზე უნდა დაასრულოს, მერე საცობში რომ არ გაიჭედოს და არ დაჯარიმდეს. ეს არის დროის ძალიან მცირე ინტერვალი.

როგორ წარმოგიდგენიათ, 4 საათი გაჩერდეს მუშაობა, 8 საათს დაელოდოს და მერე გააგრძელოს? გამოდის, მეორე თანამშრომლის აყვანა უწევს კომპანიას. გარდა ამისა, მეორე ასპექტია, რომ ქსელებიც არ მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და პროდუქციის მიმღებიც არავინაა. ყველაფრიდან გამომდინარე გარდაუვალი იქნება ფასის ზრდა", - განუცხადა "ბიზნეს მედიას” ლაშა რიჟამაძემ.

გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტებიც. როგორც ექსპეტი რობერტ იანტბელიძე მიიჩნევს, დიდი ტევადობის მანქანების გადაადგილების აკრძალვა ზღვაში წვეთია და დედაქალაქში არსებულ კოლაფსს დიდად ვერ დაეხმარება.

"ეს სქემა გამოსავალი არ არის. არც დიდ შეღავათს არ მოიტანს დედაქალაქისთვის. თბილისს სჭირდება დამატებითი ხიდები, პანდუსები, გზები, პარკირება, როგორც მიწისქვეშა, ისე მიწის ზემოთ.

დიდი ტევადობის მანქანების გადაადგილების აკრძალვა ზღვაში წვეთია და დიდად ვერაფერს  წაადგება, ისე, როგორც ფიქრობენ მერიაში”, - განუცხადა "რეზონანსს” რობერტ იანტბელიძემ.

მერიის მიერ ამ ეტაპზე შემუშავებული გეგმით, დიდი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა იგეგმება, შემდეგ მისამართებზე: ქეთევან დედოფლის გამზირი, მოსკოვის გამზირი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდისა და იუსტიციის სახლის ტერიტორია; აღმაშენებლის გამზირი; წერეთლის გამზირი, ვაკე-საბურთალოს ცენტრალური ქუჩები; მარშალ გელოვანის გამზირი, აღმაშენებლის ხეივანი, მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარედ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე