რეფინანსირების განაკვეთი დიდი ხნის შემდეგ ერთნიშნა მაჩვენებლამდე დავიდა
გვანცა წულაია
(20.12.2023)

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონატარული პოლიტიკა შეარბილა და განაკვეთი 10%-დან 9.5%-მდე შეამცირა. შესაბამისად, ორ წელიწადნახევრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი, ორნიშნა რიცხვს ჩამოსცდა.

2021 წლის ივლისის შემდეგ მონეტარული პოლიტიკა ძალიან გამკაცრებული იყო და 10%-ს აღემატებოდა. პანდემიისგან გამოწვეული კრისისის შემდეგ გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის მაქსიმუმი 11% იყო. მონეტარული პოლიტიკა ამ სახით გამკაცრებული თითქმის მთელი 2022 წლის მანძილზე შენარჩუნდა, იანვარ-თებერვლის გამოკლებით (10.5%).

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვლეობის შემსრულებელის, ნათია თურნავას თქმით, ინფლაციის დონის და არსებული პროგნოზების გათვალისწინებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემსუბუქება, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით, კვლავ გაგრძელდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციის დონე იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენი პროგნოზები ითვალისწინებდა, ფრთხილი ნაბიჯებით ვაგრძელებთ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას. თუ მომავალში თავი არ იჩინა მოულოდნელმა გარე შოკმა ან რისკმა, კვლავაც ეტაპობრივად გავაგრძელებთ შერბილებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ სებ-ის მთავარი მანდატი ფასების დონის სტაბილურობის უზრუნველყოფაა, სწორედ ამიტომ ძალიან დეტალურად მიდის დაკვირვება ეკონომიკურ პროცესებზე, საფინანსო ბაზრებზე, გარემო ფაქტორებსა და ინფლაციის პროგნოზებზე.

სებ-ის ამ პოზიციას იზიარებენ ეკონომისტები და ამბობენ, რომ მიუხედავად დადებითი გარემოებებისა ფრთხილი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ფიქრობს, მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან სწრაფად გამოსვლა არასწორია, რადგან მას უარყოფით შედეგი მოჰყვება.

"მე პირადად ველოდები, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდებოდა. დაბალი ინფლაცია გვაქვს ქვეყანაში, თანაც გაცვლითი კურსი სტაბილურია. ვიცით, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება ძირითადად ინფლაციის კლებიდან მომდინარეობს.

რეფინანსირების განაკვეთის დაწევა სწორი და საჭირო ნაბიჯი იყო. ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, გააიაფებს სესხებს და, მეორე მხრივ, შეარბილებს იმ მკარც პოლიტიკას, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნარჩუნდება პანდემიიდან და რუსეთი-უკრაინის ომიდან მოყოლებული. ამ ყველაფერმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე. მაშინ არსებობდა გამკაცრების საშუალება და დღეს, უკვე შერბილების საშუალება გვაქვს, ამიტომ სებ-ი თავის ქმედებებში ძალიან სწორია.

არ შეიძლება, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან სწრაფად გამოვიდეთ, რადგან ასეთი გადაწყვეტილება თავის უარყოფით შედეგს მოიტანს”, - განუცხადა გიორგი კაპანაძემ "რეზონანსს”.

დაბალი ინფლაციის შემარჩუნების პირობებში, მონეტარული პოლიტიკის შერბილებაა მოსალოდნელი შემდგომ პერიოდშიც. ფინანსისტი მიხელ თოქმაზიშვილი განაკვეთის კიდევ კლებას არ გამორიცხავს.

"ბოლო დროს შერბილების ტენდენციაა. ფასების ისეთი ტემპით აღარ იზრდება, როგორც წინა წლებში და აქედან გამომდინარე, აქცენტირებული გახდა ის, რომ მონეტარული პოლიტიკა იყოს უფრო ლებარალური, რომელმაც სტიმული უნდა მისცეს მეწარმეობის განვითარებას. სხვანაირად რომ ვთქვათ, შემცირდეს საპროცენტო განაკვეთები და გაიზარდოს კრედიტების ოდენობა.

ალბათ, ასეთი ტენდენცია გაგრძელდება შემდგომ თვეებშიც. სებ-ი მკეთრად და ერთბაშად ვერ შეარბილებს მონეტარულ პოლიტიკას. საქმე ისაა, რომ ყოველი შემცირების შემდეგ მიმდინარეობს ეკონომიკაზე დაკვირვება, თუ რა ზემოქმედება მოახდინა რეფინანსირების განაკვეთის კლებამ და შემდგომი ნაბიჯების შემუშავება ამის მიხედვით ხდება”, - განუცხადა თოქმაზიშვილმა "რეზონანსს”.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ან შერბილება ინფლაციიდან გამომდინარეობს. უკვე კარგა ხანია, რაც ინფლაცია იკლებს, ამიტომ სებ-ის გადაწყვეტილებაც შერბილებისკენაა მიმართული. ნოემბერის თვეში 0.1%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე