ქეთო გოგოხია
(20.12.2023)

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის  გაგრძელების საფუძველი წლევანდელი სეზონის შედეგია, რასაც თხილის წარმოებამ ხარისხის კუთხით მიაღწია. სუბსიდირების პროგრამამ ცალსახად დაადასტურა, რომ ფერმერებს მეტი მოტივაცია აქვთ, წარმოების მასშტაბები გაზარდონ, გააუმჯობესონ ხარისხი და უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ მაშინაც, როცა გარკვეულ გამოწვევასთან გამკლავება უწევთ.

ყველამ, ვინც წელს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ისარგებლა და გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დახარჯა, გარანტირებულად კარგი შედეგი მიიღო. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მთავრობის გადაწყვეტილება, რომ დარგის დახმარება გაგრძელდეს. კერძოდ, საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ფერმერები თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, ფინანსური მხარდაჭერით 2024 წელსაც ისარგებლებენ. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ღირებულების სუბსიდირებას. ამ მიზნით, ფერმერები, რომელთაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ თხილის ბაღი, არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 ჰა სახელმწიფოსგან ჰექტარზე 500-ლარიან დახმარებას მიიღებენ. პროგრამის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია.

თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ შეაფასა. მისი თქმით, სუბსიდირების პროგრამის გაგრძელება გადაწყდა წინა წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, რომლის შედეგიც გრძელვადიან განვითარებაზეა ორიენტირებული.

როგორც დავით წითლიძემ აღნიშნა, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს, მიზანი კი, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობაა. ფერმერებისთვის ფინანსური დახმარების მიღების ერთ-ერთი წინაპირობა თხილის კადასტრში რეგისტრაცია იყო.

,,თხილის სექტორი, სადაც გარკვეული გამოწვევებია, საჭიროებს მხარდაჭერას. ამიტომ გადაწყდა  სუბსიდიის მიცემა თხილის პირველადი მწარმოებლებისათვის და ეს მიდგომა  წელსაც  შენარჩუნდა. თხილის პირველადი წარმოების მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას თხილის ბაღების მფლობელებისათვის 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით, რაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. გასულ სეზონზე ფერმერებმა სუბსიდიით გათვალისწინებული თანხა მაქსიმალურად აითვისეს და გამოიყენეს სპეციალიზებულ მაღაზიებში თხილის მოვლის საშუალებების შესაძენად.

თხილი არის მთავარი აგროსასურსათო საექსპორტო პროდუქტი და მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ ამ პროდუქტის ექსპორტის ძირითადი ნაწილი ევროკავშირში ხორციელდება და მნიშვნელოვანია ხარისხი, რასაც სტანდარტი მოითხოვს. გარდა ამისა, თხილი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის  მნიშვნელოვანი წყაროა, როგორც დასავლეთ საქართველოში, ასევე კახეთის რეგიონში. 

აღსანიშნავია თხილის სექტორის სპეციფიკა, კერძოდ: არის ინტენსიური ბაღები, მათ შორის ახალი გაშენებული ბაღები, სადაც მოსავლიანობა მაღალია და ხარისხიც უკეთესია, საშუალოდ 1 ჰექტარზე 1,5-3 ტონა და ზოგჯერ მეტი მოსავალიც მიიღება, მაშინ როდესაც მოუვლელ ბაღებში საშუალო საჰექტრო მოსავალი 600-800 კგ-ს შეადგენს", - აღნიშნა დავით წითლიძემ.

გარდა იმისა, რომ თხილის მწარმოებლებს მთავრობა ფინანსურად ეხმარება და  მხარდაჭერას უცხადებს, მნიშვნელოვანია ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით გაწეული დახმარებაც, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესი შედეგის წინაპირობაა. საუბარია კონსულტაციებსა და ცოდნის ამაღლების მიმართულებით გაწეულ დახმარებაზე, რაზეც სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას.

,,ფერმერებს შესაძლებლობას ვაძლევთ, ჩვენს მიერ განხორციელებული პროგრამის მეშვეობით შეიძინონ აგროქიმიკატები და პესტიციდები, მცენარეთა მოვლის საშუალებები და ამასთან, მივცეთ ცოდნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს პროგრამაში და აქტიურად ვმუშაობთ ფერმერებთან, თუ რა აგრო ღონისძიებები გაატარონ, ვცდილობთ, ეს მიმართულება უფრო ეფექტური გავხადოთ. თხილი თუ ნებისმიერი სხვა კულტურა უკეთეს შედეგს იძლევა სათანადო მოვლის და აგრო ღონისძიებების ჩატარების პირობებში.

თხილის წარმოებაში შემოსავალი დამოკიდებულია მოსავლიანობასა და ხარისხზე, ორივე ფაქტორი გადამწყვეტია, მათ შორის, ექსპორტზე წარმატების მისაღწევად. მსოფლიო ბაზარზე საქართველო ვერ განსაზღვრავს ფასს, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე თხილის კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოზიციები წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ.”, - განაცხადა დავით წითლიძემ.

სახელმწიფოს მხარდაჭერას და სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას დადებითად აფასებენ სექტორში და აცხადებენ, რომ ვინც აგროღონისძიებები ხარისხიანად ჩაატარა, სეზონზე კარგი შედეგი აჩვენა. წარმატების ასეთი მაგალითი, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას თქმით, მრავლადაა.

,,ძალიან კარგია, რომ მწარმოებლებისთვის თხილი მომავალ წელსაც სუბსიდირდება. ჩვენ ამას დადებითად ვუყურებთ და მხარში დავუდგებით  სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თითოეულ ფერმერს, რათა სუბსიდია მიზნობრივად იქნეს დახარჯული. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან სწორი წამლობისა და მოვლის სტანდარტების დაცვით ფერმერები თხილის ხარისხს მაქსიმალურად შეინარჩუნებენ.

მთავარია სწორად ჩატარდეს წამლობა და მოსავალს მოვუაროთ. გასათვალისწინებელია, რომ წამლობის ვადაც გარკვეულ სტანდარტს მოითხოვს, როგორც წესი, აპრილიდან ივნისის ბოლომდე მიმდინარეობს. სწორი მიდგომით ბევრად უკეთესი ხარისხი გვექნება და რეალიზაციის მხრივ პრობლემა არც ერთ ფერმერს არ შეექმნება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი მოსავალი მივიღოთ. წარმოებული პროდუქტი უნდა იყოს უმეტეს შემთხვევაში პირველი ხარისხის, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი ბაზარზე. დღეს თურქულ  თხილს ქართული პროდუქტი ხარისხით ჩამორჩება და ეს რეალობა უნდა შეიცვალოს", - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი თოდუამ.

მისი თქმით, ასოციაცია მხარში დაუდგება სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თითოეულ ფერმერს იმისათვის, რომ  სუბსიდია მიზნობრივად დაიხარჯოს.

,,ასოციაციას მუნიციპალიტეტების მიხედვით აქვს მონაცემები თუ სად რომელ  ფერმერს რამდენი თხილის ბაღი გააჩნია, ასევე მოსამზადებელ სამუშაოებშიც აქტიურად ვიყავით ჩართულნი. მეორე ეტაპზე, როდესაც საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება, მუნიციპალიტეტების მიხედვით დაგეგმილია პესტიციდების მიწოდება, ძალიან კარგია, რომ მწარმოებლებისთვის თხილი მომავალ წელსაც დასუბსიდირდება“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.

ის, რომ ვითარება სასიკეთოდ შეიცვლება, დარწმუნებული არიან ფერმერები, რომლებმაც სუბსიდიის პროგრამით ისარგებლეს და საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ერთ-ერთი ასეთია როინ შენგელია ზუგდიდიდან, რომლის თქმითაც, სუბსიდიიდან მიღებული თანხა მცენარის მოვლის საშუალებებში დახარჯა და გაცილებით უკეთესი შედეგი მიიღო.

,,ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისთვის მაშველი რგოლივითაა, ძალიან დაგვეხმარა. 2021 წელს თუ თხილის გამოსავლიანობა 40% იყო, შარშან ეს მაჩვენებელი 45%-მდე გავზარდე. სახელმწიფო პროგრამა ამაში ძალიან დამეხმარა. მოუვლელი თხილი ყოველთვის არის უხარისხო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ხარისხი გავაუმჯობესო. საშემოდგომო სამუშაოები საფუძვლიანად მაქვს ჩატარებული, დეკემბერში სასუქი შევიტანე, ანალოგიური სამუშაოს ჩატარება მომიწევს მარტშიც.

უკვე აპრილიდან ივლისის ბოლომდე  წამლობას ვიწყებ, მთელი ციკლია, რასაც მაქსიმალურად ვიცავ. თუკი მოუვლელი ბაღების მეპატრონეები ჰექტარზე 800 კილომდე მოსავალს ძლივს იღებენ, ჩემს შემთხვევაში, 1,5 ტონა გარანტირებულია, აგროღონისძიებები ამ კურხით აუცილებელია, თუ შედეგი კარგი გვინდა", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" ზუგდიდელმა ფერმერმა.

მომავალი წლის მოსავალზე დიდ იმედს ამყარებს ხონელი მეთხილე-ფერმერი ლევან რუხაძე, რომელმაც წელს 2 ტონით მეტი თხილი მიიღო და მომავალ წელსაც კიდევ  აპირებს მოსავლიანობის ზრდას.

,,ახალი ნარგავები მაქვს, საიდანაც წლიდან წლამდე გაზრდილ რაოდენობას ვიღებ. 3 ჰექტარზე გავაშენე ბაღი, შესაბამისად, 1500 ლარი მივიღე სუბსიდიის სახით, რაც ძალიან დამეხმარა. ამან მავნებელთან ბრძოლის კუთხითაც მომიგვარა პრობლემა, სწორი და დროული წამლობა ჩავატარე, აგროვადების მაქსიმალური დაცვით. არ ვიცი, სხვაგან რა სიტუაციაა, მაგრამ ჩემი რაიონის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ დახმარება, რაც მთავრობამ გასცა, კარგ საქმეს მოხმარდა. თხილის ფასიც ცოტათი გაიზარდა და მომავალ წელს სხვაობა უკვე შესამჩნევი გახდება, თუკი ხარისხთან დაკავშირებულ გამოწვევას დარგი გაუმკლავდება", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას ლევან რუხაძემ.

მიზნობრივი პროგრამა გასული წლის ნოემბერში ამოქმედდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასამდე მოსარგებლის 44 000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. მიმდინარე წელს ფერმერებმა მიიღეს  დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება, თხილის ბაღების მოვლის საშუალებების შესაძენად.

ცნობისთვის, მეთხილე ფერმერებმა, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო აგროქიმიკატებისა და პესტიციდების შესაძენად განკუთვნილი ფინანსური დახმარების მისაღებად  2024 წლის 29 მარტის ჩათვლით თხილის კადასტრში უნდა მოახდინონ თხილის ბაღების  რეგისტრაცია.

თხილის კადასტრის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელთა სოფლებში ვიზიტები განხორციელდება შესაბამისი გრაფიკით. გრაფიკის შესახებ ინფორმაცია, კონკრეტული რეგიონის, სოფლისა და ვიზიტის თარიღის მითითებით,  განთავსულია სოფლის განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე www.rda.gov.ge,  ინფორმაცია  ახლდება  ყოველ პარასკევს.

პროგრამაში ჩართულ პირებზე სუბსიდია გაიცემა ლიბერთი ბანკის  აგრობარათზე შესაბამისი ქულების დარიცხვით. დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება  საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სპეციალიზებულ აგრომაღაზიაში. დარიცხული  ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 აგვისტო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე