ეს გამოწვევს უფრო მეტ საცობს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ჰაერის ხარისხის მკვეთრ გაუარესებას
თიკა სიბოშვილი
(13.02.2023)

დედაქალაქში უსაფრთხო გადაადგილების მიზნით დრო და დრო ახალი ინიციატივები იბადება. ამჯერად ეს ეხება სიჩქარის ლიმიტის შემცირებას, როგორც სკოლებთან და მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებთან, ასევე დიდ გამზირებზე. საუბარია, რომ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მაქსიმალური სიჩქარე განისაზღვროს 30-40 კმ/სთ-ით. პარალელურად კი შემცირდეს ორივე სანაპიროზე დაშვებული სიჩქარის (70 კმ/სთ) ლიმიტი.

თბილისში გზები მაღალი გამტარუნარიანობით არ ხასიათდება, რის გამოც მოძრაობა დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადატვირთულია. თუკი ახალი ინიციატივა ძალაში შევა შესაძლოა, ამან არა მხოლოდ საცობებზე იმოქმედოს უარყოფითად, არამედ ჰაერის ხარისხიც მკვეთრად გააუარესოს.

ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ უნიშვნელოვანესია სიჩქარის ლიმიტების შემცირება ქალაქში, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსა და სკოლის ზონებში. აუცილებელია მოხდეს მკაცრი დაჯარიმება, რათა მოქალაქეს გაუჩნდეს განცდა, რომ კანონი სრულდება.

„ჯარიმები არ შეიძლება გაიზარდოს უსასრულოდ, რასაკვირველია არის ლიმიტები, რომლის იქითაც არაადეკვატური და უსამართლო იქნება. მთავარია, კანონების ინტენსიური ადმინისტრირება. 2022 წელს საგზაო შემთხვევების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და უმეტესობა მათგანი სიჩქარის გადაჭარბებით არის გამოწვეული. 7%-ით არის გაზრდილი ლეტალობა, სიჩქარის გადაჭარბება მუდმივად რჩება მსხვერპლის გამომწვევ მთავარ მიზეზად”, - განაცხადა ლალიაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე დაყრდნობით და დასძენს, რომ კიდევ უფრო აქტიური ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, გზებზე გადაადგილების დროს გავუტოლდეთ იმ საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტს, რაც დღეს არის მსოფლიოში.

მნიშვნელოვანია, რომ მოწოდებები უფრო მკაფიოდ გაკეთდეს იქითკენ, რომ როგორც მძღოლებმა, ასევე ქვეითებმაც დაიცვან მოძრაობის წესები, რაც თავისთავად ისედაც გამოასწორებს მოძრაობას. როგორც, საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, ახალ ინიციატივას მიესალმება, განსაკუთრებით სანაპიროზე, რადგან ავარიების დიდი ნაწილი ზუსტად ამ მონაკვეთში ხდება.

„საცობების და სიჩქარის შეზღუდვა ერთმანეთთან კავშირში არ არის, რადგან ფანჯარა-ფანჯარა არსებული სივრცეები, სადაც დიდ სიჩქარეს განავითარებ არსებითად არ ცვლის არაფერს მოძრაობის მხრივ. სიჩქარის ლიმიტებს სანაპიროზე და მსგავს ადგილებში, სადაც ბევრი შავი წერტლი გვაქვს აუცილებლად დავაწესებდი.

მაგალითი რომ ავიღოთ მარჯვენა სანაპირო, სადაც ყველაზე მეტი ავტოსგზაო შემთხვევა ხდება, გვავქვს 70 კმ/სთ ლიმიტი, რაც ავტომატურად მოიაზრებს იმას, რომ 85 კმ/სთ სიჩქარით არის შესაძლებელი  მოძრაობა, რასაც ხშირ შემთხვევაში აჭარბებენ კიდეც და 100 კმ/სთ სიჩაქრით მოძრაობენ ავტომობილები. ვფიქრობ, რომ მაგალითად, სანაპიროზე ეს შეზღუდვა აუცილებელია, რადგან იქ თუ ნაკადი 70 კმ/სთ ან 80 კმ/სთ-ით, არამედ 60 კმ/სთ სიჩქარით ივლის საცობებზე არ აისახება, ხოლო  უსაფრთხოების მხარეს ძალიან შეცვლის.

ხშირად  ბევრ რამეს არ ვეთანხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ინიციატივა სწორია, რადგან ყველა დიდმა ქალაქმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ  კარგად მუშაობს. მთავარია ნაკადი არ გააჩერო, თორემ ავტომობილები თუ გარკვეული სიჩქარით მოძრაობენ ეს არ აფერხებს მოძრაობას“, - აღნიშნა მელაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ თუკი ჯარიმების გამკაცრებისკენ წავა საუბარი ამას დიდი მუშაობა დასჭირდება.

„ჯარიმები ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია ყველგან. თუ ჯარიმა არის მაღალი მაშინ გინდა არ გინდა ფრთხილობ. ამ მხრივ სიფრთხილეა საჭირო, მნიშვნელოვანია დათვლა და სტატისტიკა. მაგალითად, რა არის ის რაც ყველაზე ხშირად ირღვევა, რა მოყვება ამას და ა.შ. სტატისტიკა უნდა იყოს ძლიან გაფილტრული და ჩაშლილი.

პირდაპირ ჯარიმებს რომ ვზრდით და ეს ეხება უწყინარ რაღაცებსაც, ეს დაუშვებელია. მაგალითად, პარკირებაზე 50-ლარიანი ჯარიმა გვაქვს, რაც არასწორია, რადგან პარკირების სივრცეები კარგად არ გვავქს მოწყობილი“, - დასძინა მელაძემ.

ქალაქში სიჩქარის ლიმიტის შემცირებას, მოჰყვება მანქანების უფრო მეტად შეჯგუფება, რაც გამოიწვევს ისედაც პარალიზებული ქუჩების კიდევ უფრო მეტად გაუვალობას. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ ასეთი შეფერხებები კიდევ უფრო გააუარესებს ჰაერის ხარისხს, რაც ისევ და ისევ მოსახლეობაზე აისახება უარყოფითად.

სპეციალისტების აზრი ორად იყოფა. მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელი გიორგი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ დიდ გამზირებზე სიჩქარის ლიმიტის შემცირება უფრო მეტ გამონაბოლქვს და საცობებს გამოიწვევს.

„ქალაქში სიჩქარის ლიმიტი მეორეხარისხოვან გზებზე, სკოლებთან, ბაღებთან  30კმ/სთ-მდე რომ უნდა იყოს, ამას რა თქმა უნდა ვეთანხმები. ცენტრალური გამზირების შემთხვევაში კი, ეს დიდ პრობლემებს გამოიწვევს.

მაგალითისთვის, დაგეგმილია წერეთლის, ვაშა-ფშაველასა და სანაპიროს რეაბილიტაცია, რომლებიც არის ცენტრალური გამტარი გამზირები. დაბალი სიჩქარე ამ ტერიტორიებზე უფრო მეტ გამონაბოლქვს გამოიწვევს, იქნება უფრო მეტი საცობი და საბოლოოდ წერეთლის გაჭედვა კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანს.

თბილისში ჰაერის დაბინძურების 70-80% გაუმართავ ავტოტრანსპორტზე მოდის. 2021 წელს 262 დღე წერეთლის გამზირზე სუფთა ჰაერი არ იყო, რაც გამოწვეულია იქიდან, რომ ქალაქში საცობებია, ხოლო ჰაერის საზომი აპარატი ისეთ ადგილას დგას სადაც მოძრაობა უფრო ხშირად არის გადატვირთული. ახალი ინიციატივით კი მივიღებთ არსებულზე კიდევ უფრო გაუარესებულ მდგომარეობას, თუ ეს ქუჩები გამტარუნარიანი არ იქნება.

მაგალითად, წერეთელზე ყოველდღიურად გადაადგილდება 50 000 დან 100 000-მდე ავტომობილი. დღეს იქ არის 6 ზოლი, სიჩქარე - 60 კმ/სთ, ამ 6 ზოლს 4 ზოლამდე რომ შეამცირებენ და სიჩქარეს დაწევენ 30 კმ/სთ-მდე, რასაკვირველია, ეს შექმნის საცობს, რასაც წერეთელზე მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა ემატება. გაჩერებული მოძრაობა კი გამოიწვევს იმას, რაც მივიღეთ ჭავჭავაძეზე და ქეთევან წამებულზე. კონკრეტულად დიდუბეში კი, ეს არა მხოლოდ წერეთლის, არამედ ქალაქის დიდი ნაწილის პარალიზებას გამოიწვევს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ დედაქალაქში ისედაც არ არის იმის ფუფუნება, რომ მოსახლეობამ ხშირად ისუნთქოს სუფთა ჰაერი.

„გაჩერება არ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ შეიქმნება დისკომფორტი, ამას ასევე მოყვება ჰაერის დაბიძურებაც. დედაქალაქში სამწუხაროდ, არ გავქვს იმის ფუფუნება, რომ ხშირად ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ასეთი ინიციატივები დამატებით, ხელოვნურად გამოიწვევს ჰაერის დაბინძურების გაზრდას.

როდესაც პროქეტს აკეთებენ არავის აქვს გარემოს ზეგავლენის კვლევა, თუ რა გავლენას მოახდენს ჰაერის ხარისხზე. ჩემი აზრით, ამ კონკრეტულ ადგილებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სიჩქარე უნდა იყოს მინიმუმ 50 კმ/სთ, რათა უფრო სწრაფად მოხერხდეს ავტომობილების გადაადგილება და საცობებიც შემცირდეს“, - აღნიშნა ჯაფარიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, 2022 წელს თბილისში, წინა წელთა შედარებით, საგზაო შემთხვევების და დაშავებულთა ოდენობა შემცირებულია 6%-ით, ხოლო დაღუპვა გაზრდილია 8 %-ით.

საქართველოში კი 2022 წლის განმავლობაში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 6%-ით, დაზიანებები 2%-ით, ხოლო ლეტალობა 4%-ით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე