"ჩვენ კარგი კონსტრუქტორები გვყავს, შენობებიც მტკიცედ არის ნაგები, მაგრამ ნორმების განახლება მაინც საჭიროა"
გვანცა წულაია
(09.02.2023)

თბილისი ისეა დაპროექტებული, რომ 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლებს. დედაქალაქთან შედარებით, შენობების მდგრადობის თვალსაზრისით, მეტ-ნაკლებად მშვიდი ვითარებაა რეგიონებშიც. ურბანისტები ამბობენ, რომ საქართველოს კარგი კონსტრუქტორები ჰყავს, რომლებიც ყველა სტანდარტს იცავენ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მომავალი წლიდან შენობების სეისმომედეგობა და სტანდარტები კიდევ გამკაცრდება.

სტანდარტების ამაღლება თურქეთსა და სირიაში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრებმა განაპირობა. კონკრეტულად კი, 2024 წლიდან საქართველოს სამშენებლო სტანდარტში ევროკოდები შემოვა, რომელმაც სექტორი ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს. მათ შორის, აამაღლოს შენობების სეისმომედეგობა და უსაფრთხობა.

საპროექტო კომპანია "ქიუ ინჯინერინგის" დამფუძნებელი, მთავარი ინჟინერი ირაკლი ურუშაძე ამბობს, რომ ევროკოდები მთლიანად შეცვლის იმ საპროექტო ნორმებს, რაც შენობის მზიდი ნაწილების გაანგარიშება-დაპროექტების საკითებს ეხება საპროექტო დოკუმენტაციაში. შედეგად, სამშენებლო ნორმები გათანაბრდება ევროპულთან და ამაღლდება შენობებისა და მშენებელობების უსაფრთხოებაც. პარალელურად, განახლდება სეისმური რუკებიც, რაც საფრთხის შეფასების საფუძველია.

"დღეს მოქმედი სეისმური რუკა მოძველებულია, ისინი ყოველთვის ახლდება და მკაცრდება. ყველა შემთხვევაში, ის რუკა რაც შემოვა ევროკოდთან ერთად, უფრო მკაცრი იქნება, უსაფრთხოება გახდება უფრო პრიორიტეტული, რადგან, გარდა რუკებისა, თანამედროვე მეთოდოლოგია დაინერგება, რითაც უნდა დაითვალოს შენობაზე სისმური ზეგავლენა, რაც შეამცირებს რისკებს და გაზრდის სეისმომედეგობას.

ქართული სეისმური სტანდარტი 2010 წელსაა მიღებული. ის ითვალისწინებს რაღაც ფორმით ევროპულ ნორმებსაც, უკრაინულსაც, ძველ საბჭოთა ნორმებსაც. მაგრამ ეს უკვე მოძველებულია. როგორც წესი, 10 წელიწადში ერთხელ იცვლება ხოლმე იქედან გამომდინარე, რომ ცოდნა იზრდება იმ სფეროში", - განაცხადა ირაკლი ურუშაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ და დასძინა, რომ ევროკოდების შემოსვლა ძირითადად, ინჟინრებს ეხებათ, თუმცა ეს ასევე ავტომატურად გამოიწვევს მასალებისა და მშენებლობის ზედამხედველობაში ევრორეგულაციების შემოტანას, რაც გაზრდის მშენებლობის ხარისხს, გაათანაბრებს მას ევროპულ ხარისხან.

"საქართველოში მშენებლობისა და მასალების წარმოების ხარისხიც აიწევს. ეს განაპირობებს შენობებისა და მშენებელობების უსაფრთხოების ამაღლებას. ასევე, ცვლილებების ფარგლებში, იგეგმება სეისმური რუკების განახლებაც. ყველაზე თანამედროვე რუკა იქნება დანერგილი, რაც თავისთავად აწევს სეისმომედგეგობასაც მომავალი შენობების, რომელიც დაპროექტდება", - დასძინა ურუშაძემ.

ქვეყნის დიდი პროექტები - ავტომაგისტრალები, ხიდები და მსგავსი ინფრასტრუქტურა ისედაც ევროკოდებითა და ევროპული ნორმებით შენდება. სიახლე, ძირითადად, ლოკალურ, კერძო მშენებლობებსა და დეველოპერებს შეეხება. არსებული სეისმური რუკა რომ მოძველებულია და ახლის შედგენა რომ აუცილებელია, ამაზე ამახვილებს ყურადღებას ურბანისტი მერაბ ბოლქვაძეც და აცხადებს, საჭიროა იმ მოთხოვნის დაცვა, რომელიც 1 ჰექტარზე არაუმეტეს 300 ადამიანის ცხოვრებას ითვალისწინებს.

"ჩვენთან, საბედნიეროდ, ერთი გარემოება არის კარგი. ძალიან კარგი კონსტრუქტორები გვყავს. როდესაც სეისმოლოგიაზე შენობის ანგარიში კეთდება, მას ნამდვილად იცავენ და ამავე დროს, არმირებისა და ბეტონის ვარგისიანობის თვალსაზრისით ყველაფერი კარგად არის დაცული, თუ ცაკლეულმა მშენებელმა რამე არ ითაღლითა. 1-2 ძლიერი რყევა ადრე ჩვენთანაც მოხდა, რასაც მნიშვნელოვანი ნგრევა არ მოჰყოლია, რაც ნამდვილად არის ჩვენი კონსტრუქტორების დამსახურება.

დიდი ხანია გადავედით მონოლითურ მშენებლობაზე, რაც გაცილებით უკეთესია, ვიდრე სინკარებითა და მსხვილ პანელოვანი მშენებლობა, ამიტომ ამ თვალსაზრისით შედარებით წყნარად უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს სიმჭიდროვის დაცვას ქალაქ გეგმარების თვალსაზრისით, რადგან ჩვენთან სეისმური მოთხოვნაა, რომ 1 ჰექტარზე არაუმეტეს 300 კაცი უნდა იყოს, ეს არის ზედა ზღვარი. ვნახეთ, თურქეთსა და სირიაში შენობები ისე ახლოს არის ერთმანეთთან, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით ავტომობილებით შესვლა-გამოსვლა და რაღაცის გატანა ვერ ხდება. ძალიან მაღალია სიხშირე, ინტენსივობა, რაც ჩვენთან აუცილებლად უნდა იქნას დაცული – 300 ადამიანი 1 ჰექტარზე.

საქართველოსთვის ახალი სეისმური რუკა უნდა განახლდეს. ეს იყო გენერალური გეგმის მოთხოვნა. როდესაც მიმდებარე ტერიტორიებზე ხდება მიწისძვრა, ამ სეისმური დარაიონების რუკაშიც შედის მცირეოდენი კორექტირება, იმ გამოცდილებით, რაც იქ იქნება მიღებული. თურქეთში ადრე რომ იყო მიწისძვრა, მაშინ ჩვენი კონსტრუქტორები იყვნენ და დასკვნები გამოიტანეს. ახლაც, გაკეთება ანალიზი რომელი შენობები დაინგრა და რაში ჰქონდათ პრობლემა, რომ ჩვენც გავითვალისწინოთ.

ჩვენ სეისმური ქვეყანა ვართ. თბილისი, იმერეთის ტერიტორიები, რაჭა, ახალციხე, ახალქალაქის არეალები, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაცული, რადგან სამშენებლო ნორმები და წესები ითხოვს”, - განუცხადა "რეზონანსს” ბოლქვაძემ.

მიწისძვრის დროს მშენებლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რყევებისგან თავდაცვის საშუალება ძლიერი ბიძგების გამძლე მყარი შენობაა, რომელიც 8 ბალამდე მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული. ურბანისტი ლადო ვარდოსანიძის ინორმაციით, რომ საქართველოში საგანგაშო ვითარება არ არის, მაგრამ კარგი იქნება, თუ სეისმური აუდიტი ჩატარდება.

"ცხადია, დღევანდელ პროექტებში ჩადებულია სეისმურობასთან მიმართებით სტანდარტები. საიმედო მონაცემები არის, თუმცა რამდენად სრულდება, ეს სხვა საკითხია. იმედია მაქვს, ტექნიკური ზედამხედველობა არსებობს და კონტროლიც მიმდინარეობს.

შენობების ძალიან ახლოს განთავსება არ შეიძლება. პირობითად, შეიძლება, რომ დანგრეულმა შენობამ გადაკეტოს ქალაქიდან გასასვლელი გზა. ვხედავთ კიდეც, რა ხდება თურქეთსა და სირიაში.

არა მგონია, ჩვენთან საგანგაშო მდგომარეობა იყოს, მაგრამ მაინც შეიძლება სეისმური აუდიტი ჩატარდეს. თუ სტანდარტები უფრო გამკაცრდება და ამაღლდება, თავისთავად, არ არის ცუდი. ეს უფრო დაგვიცავს მიწისძვრებისგან”, - განუცხადა "რეზონანსს” ვარდოსანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე