საქმე იქამდე მივიდა, რომ კომპანიები უკვე არაკვალიფიციურ კადრებსაც იწვევენ და ისიც კი დეფიციტურია
ქეთო გოგოხია
(09.01.2023)

მუშახელის დეფიციტი  2023 წელსაც დიდ პრობლემას შექმნის. განსაკუთრებით მომსახურების სფეროს კომპანიებს კადრებთან დაკავშირებით სერიოზული გამოწვევა აქვთ, რაც იერარქიულად - მაღალი რგოლიდან დაწყებული, ქვედა საფეხურამდე, ნებისმიერი კვალიფიკაციის კადრს ეხება. ბიზნესში ფიქრობენ, რომ პრობლემა ემიგრაციით არის გამოწვეული, რასაც პანდემიურმა ვითარებამაც ხელი შეუწყო. საუბარია ასევე მენტალურ პრობლემაზეც, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი შრომაზე  უარს ამბობს და ახლობლებისგან გამოგზავნილ ფულზეა დამოკიდებული ან სოციალური შემწეობის ამარა ამჯობინებს ყოფნას. ცალკე პრობლემაა პროფესიული კადრების დეფიციტი.

რაც არ უნდა იყოს, რეალურად ბიზნესი დღეს კადრების სიმცირეს განიცდის და  პარალელურად უმუშევრობა ქვეყნის მთავარ პრობლემად სახელდება.

ირკვევა, რომ საქართველოში დასაქმებულთა თითქმის 40% ნახევარ განაკვეთზე მუშაობს, ანუ კვირაში 35 საათზე ნაკლებს. ამ მაჩვენებლით საქართველო საშუალო და საშუალოზე დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. გლობალურად, 35 საათზე ნაკლებს კვირაში დასაქმებულთა მხოლოდ 20.3% მუშაობს, ხოლო 35%-ზე მეტი - კვირაში 48 საათზე მეტს უთმობს სამუშაოს.

მცირე და საშუალო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ფიქრობს, რომ შრომის ბაზარზე მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია, თუკი პროფესიული განათლების დონე გაიზრდება. ბოლო წლებში იმატა ინტერესმა პროფესიული სწავლების მიმართ, ინერგება ე.წ. დუალური სწავლების მოდელი და მეტი ყურადღება ექცევა სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას, რაც საბოლოოდ კანონმდებლობით უნდა იქნას განმტკიცებული, სხვანაირად დასაქმების მხრივ არსებული სიტუაციის გამოსწორება გაძნელდება.

,,დღესდღეობით რამდენიმე მიზეზია, რის გამოც კომპანიებბს კადრების შოვნა უჭირთ. ერთია ის, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის გადინება ხდება. მეორე მიზეზია პროფესიული განათლება, რომელიც დიდი დაბრკოლებაა. შრომის ბაზარზე მოთხოვნა პროფესიულ კადრებზე გაცილებით მეტია, ვიდრე მიწოდება, ვინაიდან  კვალიფიციური კადრის დიდი დეფიციტია.

დუალური განათლების მიმართულებით უნდა განვვითარდეთ, რაც ბიზნესს კადრების მომზადების შესაძლებლობას მისცემს. საკმაოდ აპრობირებული სისტემა მსოფლიოში. ბიზნესის მხრიდან დაინტერესება მაღალია, არსებობს რამდენიმე, საკმაოდ ძლიერი ბიზნესი, რაც დაეხმარება ადამიანებს, განათლება მიიღონ, ეს არის სოფლის მეურნეობა, IT ტექნოლოგია, ტურიზმის მიმართულება, ინჟინერია და სხვა, არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. დუალური განათლების დასამკვიდრებლად, ფაქტობრივად, ყველა პირობაა, მთავარია საკანონმდებლო კუთხითაც მოწესრიგდეს სიტუაცია. დღეს მუშახელის პრობლემა აბსოლუტურად ყველა მიმართულებითაა, როგორც ჰორეკა სექტორში, ასევე სამშენებლო ბიზნესშიც", - განაცხადა ჭელიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ შრომის ბაზარზე  ცოდნის დეფიციტია, ახლა შედარებით მაინც უკეთესი ვითარებაა, რაც იძლევა იმედს, რომ მდგომარეობა დროთა განმავლობაში გამოსწორდება.

,,საქართველოში საკმაოდ მაღალი მიგრაციაა, მოთხოვნა-მიწოდებას კი ბაზარი არეგულირებს, თუ ვინმე ამბობს, რომ დაბალი ხელფასებია და ამიტომ არის პრობლემა, გვაქვს ფაქტებიც, როცა ბიზნესი იხდის, მაგრამ კადრი არ არის. მთავარია, პროფესიული თანამშრომლები მომზადდეს, მიწოდება იყოს შესაბამისი და ამაში სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია. საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს, უნდა მივყვეთ და ნელ-ნელა გამოსწორდება სიტუაცია, დრო უნდა, 1-2 წელიწადში ეს პრობლემა ნამდვილად ვერ მოგვარდება" - განაცხადა მიხეილ ჭელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

როგორც აღვნიშნეთ, პრობლემა განსაკუთრებით მომსახურების სფეროსთვის არის დამახასიათებელი, განსაკუთრებით ჰორეკა სექტორისთვის, რასაც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, შოთა ბურჯანაძეც ადასტურებს.პანდემიის შემდეგ სფერომ დაკარგა ბევრი მუშახელი, რომლებიც სხვაგან მუშაობენ და აღარ უნდათ დაბრუნება.

,,ძალიან რთულია ადამიანების პოვნა, რომლებსაც სურვილი გააჩნიათ, იმუშაონ, არაა საუბარი პროფესიონალ მუშახელზე. ამის მიზეზია სხვა სფეროში გადასული ადამიანებია, რომლებიც სტაბილურად გრძნობენ ახლა თავს და არ უნდათ უკან დაბრუნება, რადგან არასტაბილურად იყო ჩვენი სფერო აღქმული პანდემიის დროს. მეორე მიზეზი არის ქვეყნიდან გასული მუშახელი. კიდევ უფრო რთული პრობლემაა მენტალური საკითხი. ადამიანები, რომლებიც ფინანსდებიან ემიგრანტებისგან და ეს თანხა საკმაოდ დიდია, უარს ამბობენ სამსახურებზე, რომლებიც არსებობს როგორც მათი პროფესიის შესაბამისად, ასევე უპროფესიო ადამიანებისთვისაც.

ადამიანებს არ აქვთ სურვილი ასეთი სამსახურებით იყვნენ დაკავებული და მათი სურვილია, პირდაპირ მაღალანაზღაურებად ადგილებზე დასაქმდნენ, იმის მიუხედავად, შესაბამისი განათლება აქვთ თუ არა. ეს ზოგადად, მენტალური პრობლემაა და არაა მარტივად გადასაწყვეტი”, – აღნიშნა  შოთა ბურჯანაძე.

მუშახელის პრობლემაზე საუბრობს მეფრინველეობის ფაბრიკა ,,კუმისის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზურაბ უჩუმბეგაშვილი, რომლის განცხადებითაც, 2023 წელს ბიზნეის კადრებთან დაკავშირებით შეიძლება სერიოზულ გასაჭირში აღმოჩნდეს.

,,კომპანიაში 200 დასაქმებულია, თუმცა მუდმივი კადრების გარდა, გვიწევს დროებითი დასაქმებაც, რა მხრივაც საქმე საკმაოდ რთულადაა. ხშირად არის დეფიციტი, თან კვალიფიკაციის პრობლემაცაა. პანდემიის დროს და შემდგომ პერიოდშიც  პრობლემა განსაკუთრებით გამოიკვეთა, დღესდღეობით ვუძლებთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, შეიძლება სამომავლოდ უფრო გაგვიჭირდეს.

დღეს დეფიციტია როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური კადრიც, რაც, ფაქტობრივად, ყველა დარგს ეხება, მათ შორის, ჩვენც. ამას განაპირობებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია, პირველ რიგში, მოსახლეობის გადინება, რადგან ვინც სწავლობს, ცოდნას იძენს და მომავლის იმედი აქვს, საზღვარგარეთ წასვლას ცდილობს, ურჩევნია ქვეყნის გარეთ დასაქმდეს. სპეციფიკური ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანი დღეს ძნელად მოსაძებნია.

მენტალური პრობლემაც არის, ცოდნისაც. უკვე დიდი ხანია ამ პირობებში ვმუშაობთ და 2023 წელს კიდევ უფრო გაგვიჭირდება", - აღნიშნა ბიზნესმენმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე