ელზა პაპოშვილი
(07.05.2024)

არსებობს თუ არა ამ დაძაბულობის ფონზე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში ვითარებასაც გამნუხტავს და ხელისუფლებასაც სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ რამდენიმე შესაძლო ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ასეთი რამ ამ ეტაპზე მაინც ძნელად წარმოსადგენია.

თბილისსა და სხვა ქალაქებში დაწყებული საპროდესტო გამოსვლების სერია გრძელდება. ასევე ძლიერდება ზეწოლა ხელისუფლებაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევაზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ მწვავე განცხადებები მართული პროცესია და მიზანი ზეწოლით და ზოგ შემთხვევაში შანტაჟითაც, მმართველი გუნდის პოზიციის შეცვლაა. 

საპარლამენტო უმრავლესობაში კანონის მიღების შეჩერებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ეს პოზიცია ვერც პერსონალურ სანქციებზე მინიშნებით გადაიხედება.

„ამათ არ უნდათ პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე. როგორც კი პასუხისმგებლობა იქნება განსაზღვრული კონკრეტული კანონით, ასჯერ დაფიქრდებიან, ვიდრე საზოგადოებას დაუპირისპირდებიან. რეალურად, ისე ნუ იტყვით, რომ დასავლეთი მხარს უჭერს აუცილებლად ჭიაბერაშვილის აქტივობებს და წინააღმდეგია „ქართული ოცნებისა“. „ქართული ოცნება“ არის საკმაოდ მყარი პროდასავლური ძალა, რომელსაც აქვს უშველებელი მაჩვენებლები და ძალიან მნიშვნელოვნად უსწრებს კიდეც ევროკავშირის ბევრ ქვეყანას,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.  

პერსონალური სანქციების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, ამ მხრივ, პარტნიორებთანაც მუშაობს. ოპოზიციას საერთაშორისო კრიტიკა არ უკვირს და უფრო მწვავე პოზიციების მოლოდინიც აქვს. მათთვის ქვეყნის ფარგლებს მიღმა გაკეთებული შეფასებები არც შიდა საქმეებში ჩარევა და არც ზეწოლის მცდელობაა. ოპოზიცია კიდევ ერთხელ საუბრობს იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ უნდა იქცეს კანონპროექტი კანონად.  

„ამ კანონის მიზანია ებრძოლოს ორგანიზაციებს, რომლებიც იცავენ ქვეყანაში დემოკრატიას. ამიტომ არის, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები ბიძინა ივანიშვილს ეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღება ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი გადადის ლუკაშენკოს რანგის პირებში, მას ემუქრება საერთაშორისო სანქცირება და საერთაშორისო სანქციები დაემუქრება ყველა დეპუტატს, რომელიც მესამე მოსმენით მხარს დაუჭერს ამ კანონს“, - აცხადებს „ლელო“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

კანონის უკან გაწვევის ალბათობა 

როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირძე „რეზონანსთან“ ამბობს, „ქართული ოცნება“ უკვე იმდენად შორს არის წასული, რომ წარმოუდგენელია მან თვითდაზიანების რეჟიმში კანონთან დაკავშრებით ნაბიჯი უკან გადადგას. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მმართველ პარტიას მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - შეაჩეროს კანონის მიღება არჩევნებამდე და ეს გამოიყენოს იმის დემონსტრირებისათვის, რომ ამ კანონს არჩევნებისთვის არ იღებს. 

„არ მგონია ახლა „ოცნებას“ რაიმე გამოსავალი ჰქონდეს. თუნდაც ის, რომ კანონში ზოგიერთი მუხლი ჩაასწორა. ანუ „უცხო გავლენის აგენტი“ შეცვალოს გამჭვირვალობით ან სხვა სიტყვებით ჩაანაცვლოს. ამ შემთხვევაში ამ კანონს ექნება ფარატინა ფურცლის დანიშნულება, რადგან „ოცნება“ ამ კანონს იღებს არასამათვრობო სექტორის დისკრედიტაციისთვის. ამისთვის ზუსტადაც რომ ეს სიტყვები სჭირდება. მათი შეცვლით კი ხელში არაფერი შერჩება. 

„მეორეც, არ მგონია, რომ ახლა ამით დააშოშმინოს ოპოზიცია და ის ახალგაზრდები, რომლებიც ქუჩაში ამ კანონს აპროტესტებენ. ერთი გამოსავალი ისაა, რომ შეაჩეროს არჩევნებამდე მისი მიღება და შემდეგ მიიღოს. თუმცა არც ამას არ იზამს, რადგან ეს კანონი ზუსტად არჩევნებისთვის სჭირდება. ივანიშვილმა არასამთავრობოები და ოპოზიცია მეოთხედ რევლუციის  მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. მან ეს პროცესები აქეთ ამიტომაც გადმოიტანა. არ ვფიქრობ რომ ამაზე წავა და უკან ნაბიჯს გადადგამს“, - ამბობს ძაბირაძე. 

„ოპოზიცია ამ შანსს ვერ იყენებს...“

მისივე თქმით, „ოცნებაზე“ იმოქმედებს მხოლოდ რამოდენიმე ფაქტორი და ეს იქნება დასავლეთიდან რეალური საფრთხე და ქვეყნის შიგნით ყოველდღიურ რეჟიმში მასშტაბური აქციები. ასევე ის  რომ ოპოზიციამ ეს შანსი  გამოიყენოს და მოსახლეობას დაელაპარაკოს იმაზე, თუ ვინ იღებს ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებიდან „ოცნების“ წასვლის შემთხვევაში, რადგანაც ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი შიშობს, რომ „ოცნების“ დამარცხება ხელისუფლებაში ენმ-ის დაბრუნებას ნიშნავს.

„თუკი „ოცნებაზე“ დასვლეთიდან რეალურად გაჩნდა დასანქცირების საფრთხე და ამაზე საუბარი არა კულუარებში, არამედ უფრო პირდაპირ დაიწყეს, მაშინ არჩევნებამდე ამ კანონის მიღება ვფიქრობ გადაიდება. ასევე თუკი მოსახლეობის მხრიდან ზეწოლას უფრო ძლიერი და მასშტაბური სახე ექნება, თუ პროტესტი გადავა რეგიონებშიც და მხოლოდ დედაქალაქში არ იქნება.

„სამწუხაროდ, ოპოზიცია ამ შანსს ვერ იყენებს, რადგან „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნების შიში მოსახლეობის დიდ ნაწილში ისევ არის. ამიტომ დანარჩენმა ოპოზიციამ უფრო მკაფიოდ უნდ აუხსნას ხალხს რა და როგორ იქნება. არჩევნებზე უნდა ესაუბრონ, არა რევოლუციასა და გადატრიალებაზე. ეს კოზირი არჩევნებისთვის უნდა გამოიყენონ. 

„მეორეც,  არ შეიძლება აქციებზე ასეთი შეცდომის დაშვება და პოლიციასთან კონფროტაციაში შესვლა. ეს აქციების დისკრედიტაციას იწვევს. გზების გადაკეტვა არის ყველაზე დიდი აბსურდი, რადგან იმის ნაცვლად, რომ დანარჩენ მოსახლეობას პროტესტის  ხელისუფლების მიმართ გაუჩნდეს, პირიქით, აქციის მონაწილეების მიმართ უჩნდება. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური ბრძლა, სადაც მხოლოდ დასავლეთის ზეწოლის იმედად არ უნად ვიყოთ“, - ამბობს ძაბირაძე.

ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შიში

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ახლა „ოცნება“ ძალიან რთულ სიტუაციაშია და  მას არ აქვს ბევრი არჩევანის საშუალება. როგორც მან „რეზონანსთან“ განაცხადა ამ კანონპორექტის მეორედ უკან წაღება „ოცნებას“ პოლიტიკურად ისე დააზარალებს, რომ წინასაარჩევნოდ ელექტორატის დიდი ნაწილს დაკარგავს. 

„ახლა „ოცნება“ ძალიან მძიმე სიტუაციაშია. მას აღარ აქვს რაიმე ბერკეტი და ხელჩასაჭიდი იმისთვის, რომ უკან დაიხიოს. ის საკუთარ ამომრჩეველში ვერაფრით გაამართლებს უკან დახევას. ეს იქნება „ოცნების“ სისუსტის და უნიათობის გამოვლენა მისივე ამომრჩევლის თვალში, რაც არჩევნებისთვის მისთვის უმძიმესი შედეგით შესაძლოა დასრულდეს. მისი ამომრჩეველი იტყვის - თუ „ოცნებას“ არ შეუძლია  საკუთარი პრინციპის გატანა, მაშინ რატომ შემოჰქონდა ეს კანონი?! თუკი დასავლეთი მართავს ჩვენ ხელისუფლებას და ქვეყანას, მაშინ დამოუკიდებელი სახელმწიფო რანაირად ვართ?! ვფიქრობ, რომ ეს „ოცნებისთვის“ უდიდესი დარტყმა იქნება. მითუმეტეს, როცა მმართველი გუნდი ამბობს, რომ სამჯერ იყო რევოლუციის მოწყობის მცდელობა და ეს კანონი ამისთვის არის საჭირო, რომ ამ ხალხმა ეს ვერ შეძლოს.

„ოცნების“ ელექტორატს ეჭვი აქვს, რომ დასავლეთს „ოცნების“ მოშორება და ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნება უნდა. აი, ეს დიდი შიშია ჩვენს მოსახლეობაში. ბევრი ამბობს, რომ თუ „ნაციონალები“ დაბრუნდნენ, ხელში ირაღს აიღებენ და გარეთ გამოვლენ. ანუ აქ სამოქალაქო ომის საფრთხე ჩნდება. ამიტომ არის, რომ „ოცნება“ ასეთ პრინციპიზე მიდის. მე მგონია, რომ დასავლეთში ეს ვიღაცეებმა უნდა გააანალიზონ. ჩვენი ქვეყნის დასანქცირებით და იზოლაციით რუსეთის საქმეს გააკეთებენ“, - ამბობს საყვარელიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე