ნატალია ჯვარიძე
(03.05.2024)

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „გავლენების შესახებ" კანონპროექტის განხილვა, რაზეც მათ უარი განაცხადეს. ანალიტიკოსების თქმით, ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის მიერაა მიღებული და ახლა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები რთულ გზას გადის.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„გავრცელდა აშშ-ის ელჩის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მიწვეული იყვნენ აშშ-ში, რაზეც ქართულმა მხარემ უარი თქვა. ამასთან დაკავშირებით, გვსურს, განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა. დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა", - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში აშშ-ის საელჩომ გუშინ გაავრცელა ელჩ რობინ დანიგანის განცხადება, სადაც აღნიშნულია: „ახლახან საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები მივიწვიეთ შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად. სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ არჩია, რომ უარი ეთქვა ამ მიწვევაზე".

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსკითხვა დაუსვეს, პრემიერის უარი ხომ არ დააზიანებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას, რაზეც მან აღნიშნა:

„არა, რა თქმა უნდა. საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა უფრო ღრმაა, სერიოზული, ვიდრე შეიძლება, ასეთი სახის გაუგებრობები იყოს, და დამყარებულია ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე. რაც შეეხება კონკრეტულ შეთავაზებას პრემიერ-მინისტრის მიმართ ვიზიტთან დაკავშირებით, შეთავაზება როდესაც ხდება და იქვე წინაპირობების დაყენება, ეს, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და იმ ნდობით ურთიერთობას, რომლითაც ვუყურებთ ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის მიმართ". - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება პირადად ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. როგორც მან აღნიშნა, ეს დასავლეთისგან დისტანცირებას და რუსეთის გავლენის სფეროში გადანაცვლებას ნიშნავს.

„ეს გადაწყვეტილება არ მგონია, რომ შემთხვევითი იყოს. ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას, რომ სახალხო შეკრება დაარქვეს, შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოსვლა მანიფესტი იყო, საერთოდ საქართველოს გეოპოლიტიკური და სტრატეგიული კურსის ცვლილების. ჩვენ თუ წინა ხელისუფლების და სხვათაშორის ამ მთავრობის პირობებშიც გვქონდა კურსი ევროატლანტიკური ინტეგრაციაზე, ახლა კი ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, რომ ამ კურსის ფარგლებში ის ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს და კურსის შეცვლა გადაწყვიტა. აქ რაღაც აზერბაიჯანის „ფეიკი" ვარიანტი გააკეთეს. რეალურად ეს დასავლეთისგან დისტანცირებას და რუსეთის გავლენის სფეროში გადანაცვლებას ნიშნავს. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება. ამერიკას და საქართველოს შორის ურთიერთობები საკმაოდ დაძაბულია," - განაცხადა დავით ზურაბისვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის აზრით, საქრთველოსა და აშშ-ის ურთიერთობები საკმაოდ რთულ გზებს გადის. ისიც არ გამორიცხავს, რომ აშშ-ისთვის უარის თქმა ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.

„ვფიქრობ, საქრთველოსა და აშშ-ის ურთიერთობები საკმაოდ რთულ გზებს გადის. შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტების მომენტი დგება იმ კუთხით, რომ რაღაც-რაღაცეების გადაფასება ხდება და იმ წუხილების თუ გაუგებრობის ხმამაღლა გაჟღერება, რასაც „ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე ერიდებოდა. ქართულ- ამერიკულ ურთიერთობებში არა ერთი შემთხვევები იყო, ამას მმართველი პარტია ყოველთვის თმენით ეკიდებოდა და ცდილობდა, რომ სიტუაცია უფრო არ გაემწვავებინა.

„არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის ინიციატივაც იყოს. მან ამაზე მიანიშნა კიდევაც, როდესაც მხარდამჭერთა მიტინგზე გამოვიდა. საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობაში დგება ახალი ეტაპი და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუმცა უფრო დეტალურად რომ ჩავიდეთ, რამ გამოიწვია საგარეო საქმეთა ეს განცხადება? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება არ გაკეთდებოდა თუკი აშშ-ის ელჩი თავის საკმაოდ მკაცრ განცხადებაში ბოლომდე იტყოდა სიმართლეს თუ რეალურად ქართულმა დელეგაციამ ვიზიტზე უარი რატომ თქვა. მათ არ დაუკონკრეტებიათ, რომ აშშ-მ ისინი მიიწვია იმ დათქმით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა შეჩერდებოდა. ჩემი აზრით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობისთვის ეს არ არის კარგი ფაქტი.

„ვნახოთ, რა მოჰყვება ამ ყველაფერს. ვფიქრობ, რომ ახლა საკმაოდ რთული პერიოდი დგას. მესმის, რომ აშშ დიდი და ძლიერი ქვეყანაა, საქართველო კი პატარა და სუსტი სახელმწიფოა. ჩვენ ბევრი რამით ვართ მათზე დამოკიდებულები, მაგრამ ის, რომ არის მცდელობა არ ვიყოთ მართლა უფროსი და უმცროსი ძმის მდგომარეობაში, ეს მისასალმებელია," - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე