ნატალია ჯვარიძე
(01.05.2024)

პარლამენტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის ფონზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან კანონპროექტზე ისაუბრა, გუშინდელი აქცია შეაჯამა და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ შეუერთდნენ აქციას.

კობახიძის განცხადებით, გუშინდელი აქცია სრულად აკერმანის სახელმძღვანელოს მიხედვით დაიგეგმა და წარიმართა. მისივე თქმით, შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი.

„მიტინგის ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი გამოიხატა როგორც საქართველოს პარლამენტის შენობის პიკიტირებით, ისე სამართალდამცავების მიმართ ფიზიკური ძალადობითა და შეურაცხყოფით, პოლიციელებისთვის სხვადასხვა საგნის, მათ შორის შუშის ბოთლებისა და ქვების სროლით.

„პოლიტიკური უმცირესობების, კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ძალადობრივი ქმედებების გამო, გუშინ აუცილებელი გახდა 6 პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა, მათ შორის ერთ-ერთს აღენიშნებოდა თვალბუდის ფსკერის მოტეხილობა და გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ასევე, ამ ძალადობრივი აქციის შემდეგ, სხვადასხვა ნაკლებად მძიმე დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს 4 მომიტინგე, რომლებიც მალევე გაეწერნენ კლინიკებიდან.

„რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა და საჭიროა ამის გადახედვა. ასევე, შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას". - განაცხადა კობახიძემ მთავრობიოს ადმინისტრაციაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენა ორ კვირაში გაიმართება. პროცედურა შემდეგია: ჩვენ ორ კვირაში გვექნება მესამე მოსმენა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში, ოთხ კვირაში იქნება ვეტოს დაძლევა. ჩვენ მიგვითითებენ ხოლმე, ვენეციის კომისიაზე იქნებ დაიცადოთ და ასე შემდეგ. ვენეციის კომისიის დასკვნა ჩამოდის იქამდე, ვიდრე მოხდება ვეტოს დაძლევა",-აღნიშნა პრემიერმა.

რა მოხდა საკომიტეტო განხილვაზე

განხილვა სიტყვიერი დაპირისპირების და დაძაბულობი ფონზე წარიმართა. სიტუაცია დროდადრო მწვავდებოდა. ერთმანეთს ბოთლები და საგნებიც კი ესროლეს. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სხდომიდან 4 დეპუტატი გააძევა: ენმ-ს წევრები თინა ბოკუჩავა, გიორგი ბოტკოველი, „ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი,

თინა ბოკუჩავამ პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას დაუსვა შეკითხვა, შესაძლებელი იყო თუ არა ახლა შეთანხმება იმაზე, რომ დროებით მაინც შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, რადგან წარმოუდგენელია მათზე ძალადობა, ვინც ევროპულ მომავალ იცავს. მისივე თქმით, ახლა ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება ეს იქნება.

„შეგიძლიათ თუ არა რომ ახლა შევთანხმდეთ კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებაზე? რადგან წარმოუდგენელია ეს ძალადობა. ახალგაზრდებს ყოველდღიურად იჭერთ, სცემთ მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი საკუთარ ევროპულ მომავალს იცავენ. გთხოვთ, მოგიწოდებთ, გააჩერეთ ამ კანონპროექტის განხილვა. ეს არის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება".- განაცხადა ბოკუჩავამ.

ამის საპასუხოდ შალვა პაპუაშვილმა მას მიკროფონი გამოურთო და მიმართა, რომ აღნიშნული განცხადება არანაირ კავშირში არაა იმ მუხლთან, რომელიც სხდომაზე განიხილება და შემდეგ ჯერზე კითხვის დასმის შესაძლებლობას აღარ მისცემს.

„არანაირ კავშირში არა ამ მუხლთან, ქალბატონო თინა. თქვენ შემთხვევაშიც იყენებთ დროს იმისათვის, რომ პოლიტიკური პოზიციები დააფიქსიროთ. შემდეგ ჯერზე კითხვის დასმის შესაძლებლობას არ მოგცემთ". - მიმართა პაპუაშვილნა.

პაპუაშვილმა ასევე „ლელოს" დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს გაუთიშა მიკროფონი. ნაცვლიშვილმა „ოცნების" დეპუტატს კითხვით მიმართა, მთელი ღამის განმავლობაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი უკანონობის და სიმხეცის მსხვერპლ ადამიანებს ვინც დახმარებას უწევდნენ, ისინი შევლენ რეესტრში და უკანონო ბრძანებების გამცემლები არა? პაპუაშვილმა ნაცვლიშვილის კითხვის დასრულების საშუალება არ მისცა.

აღნიშნულზე პაპუაშვილმა ნაცვლიშვილს განუმარტა, თუ რატომ გაუთიშა მიკროფონი. მისი თქმით, იგი სიტყვის გამოსვლისას პოლიციის მისამართით კიდევ ერთხელ იჩენდა უპატივცემულობას, როგორც ამას გუშინ პოლიტიკური ლიდერები აკეთებდნენ და აქციის მონაწილეებს პოლიციის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებნენ.

„მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ. როდესაც პარლამენტის წევრები უპატივცემულობას უპირველეს ყოვლისა პოლიციის მიმართ იჩენთ, ეს იქნება განცხადებით, რასაც თქვენ აკეთებთან ქმედებით, რასაც გუშინ ადგილი ჰქონდა პოლიციელებთან მიმართებით, ასევე გუშინ ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ლიდერების, თქვენი მხრიდან არ ვიცი ან თქვენს გვერდით მყოფი ადამიანების მხრიდან, რომლებიც პოლიციელებზე ძალადობისკენ ადამიანებს მოუწოდებდით. პარლამენტის წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ თქვენს პასუხისმგებლობას". - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილმა სხდომათა დარბაზიდან კიდევ ერთი ოპოზიციონერი, სალომე სამადაშვილი გააძევა. პაპუაშვილმა სამადაშვილს კითხვის დასმა მას შემდეგ გააწყვეტინა, რაც დეპუტატმა ალექსანდრე დუგინი ახსენა. პარლამენტის თავმჯდომარემ სამადაშვილს უთხრა, რომ მას რეალურად კითხვა არ აქვს, რის შემდეგად მოუწოდა, რომ მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა. სამადაშვილის მხრიდან მოწოდების გაუთვალისწინებლობის შემდეგ კი პაპუაშვილმა მადატურს მისი გაყვანა სთხოვა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

პაპუაშვილმა ასევე ოპოზიციონერ დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც ჩარკვიანმა მიკროფონის გარეშე საუბარი გაფრთხილების მიუხედავად განაგრძო.

რაც შეეხევა მიკროფონის გამორთვის მიზეზზე, პაპუაშვილმა განმარტა, რომ ჩარკვიანის საუბარი თემას არ შეეხებოდა და იგი „მიტინგის ჩატარების საშუალებას არ მისცემდა".

პაპუაშვილმა რომან გოცირიძესაც მისცა გაფრთხილება მიკროფონის გარეშე საუბრისთვის, რის შემდეგაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური იყო.

„ბატონო რომან, ადგილიდან მიკროფონის გარეშე ნუ საუბრობთ, ამისთის გაფრთხილებული ხართ". - მიმართა პაპუაშვილმა გოცირიძეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ სდომა კიდევ ერთ ოპოზიციონერს დაატოვებინა. პაპუაშვილმა ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის გაძევევების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მან აღნიშნული კანონპროექტი გააკრიტიკა. მას საუბარი თავმჯდომარემ გააწყვეტინა, რასაც ის არ დაემორჩილა და საუბარი განაგრძო. აღნიშნულის შემდეგ, პაპუაშვილმა ბოტკოველს მიკროფონის გარეშე საუბრისთვის გაფრთხილება მისცა, რის შემდეგაც მას დარბაზი დაატოვებინა.

„მეექვსე მუხლი, ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია, ეს მუხლი იმთავითვე აბსურდულია, მისი შინაარსი თავიდან ბოლომდე ფარსია. ემსახურება ერთ რამეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გამყარება იმ „რუსული კანონის", რომელსაც იღებთ". - განაცხადა ბოტკოველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე